„გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას“ - რა უნდა ვიცოდეთ ბავშვებში ტემპერატურის ცვლილებაზე?
რამდენია ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა, როგორ უნდა მოვიქცეთ დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში, რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული, როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას - აღნიშნულ თემებზე MomsEdu.ge-ს პედიატრი და გადაუდებელი მედიცინის ექიმი თეო ტაბატაძე ესაუბრა.
- ქალბატონო თეო, თავიდანვე რომ განვმარტოთ, ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა რამდენია?
- ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა განისაზღვრება ასაკის მიხედვით. მაგალითად, 0-დან 3 თვემდე შესაძლებელია, 35.5-დან 37.2-მდე ჩავთვალოთ ნორმად. ასევე გასათვალისწინებელია გარემოება. ხანდახან მშობლები პატარას იმის გამო, რომ არ გაცივდეს, ზედმეტად თბილად აცმევენ, ბავშვის კანი კი ძალზე მგრძნობიარეა თერმორეგულაციის მიმართ. ამ დროს ხდება გადახურება და სხეულის ტემპერატურის მატება. ეს არის გარემოებით გამოწვეული ტემპერატურული რეაქცია. „გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას. თუ ტემპერატურა კვლავ ნარჩუნდება 37.5-37.6 და მეტი მაშინ უკვე უნდა ვეძებოთ სხვა მიზეზები.
- როგორ ვიქცევით დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში?
- ჰიპოთერმიად განიხილება 35 და ქვემოთ ტემპერატურა (35.1-35.2 არ ითვლება ჰიპოთერმიად). ჰიპოთერმიის დროს ბავშვი უნდა გავათბოთ თბილი საფენებით. თუ ბავშვს დალევა შეუძლია, მაშინ თბილი სითხეები უნდა შევთავაზოთ. თუ ჰიპოთერმია გრძელდება და ტემპერატურა ჩამოდის 35-ზე ქვემოთ, აუცილებლად უნდა მივმართოთ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტს.
- რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული?
- ჩვენს რეალობაში ციფრული თერმომეტრები არ გამოდგა ხარისხიანი, გამომდინარე იქიდან, რომ დიდია ცდომილება. კლინიკაში უპირატესობას ვანიჭებთ ვერცხლისწყლის თერმომეტრს.
- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ სიცხე ბანალური მიზეზითაა გამოწვეული და არა რომელიმე სერიოზული პრობლემით?
- ინფექციური მდგომარეობის დროს ცხელებას თან ახლავს ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, როგორიც არის მოდუნება, ძილიანობა, სითხის მიუღებლობა, ეს ყოველთვის აისახება პატარაზე, მას არ სურს თამაში, არ უხარია. თუ ბავშვი არ თამაშობს, არ შემოდის კონტაქტში, საკვებსა და სითხეებზე უარს გეუბნებათ და ტემპერატურა არის 37.5 - 37.6, ასეთ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფექციასთან გვაქვს საქმე.
- როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას, როგორ უნდა მართოს ცხელება მშობელმა ბინაზე სწორად?
- აქტუალური კითხვაა, თუ როდის უნდა მივცეთ პატარას სიცხის დამწევი საშუალება, არსებობს თუ არა რაიმე გარკვეული ციფრი? - შევჯერდით ექიმები, რომ ასეთი ციფრი არ არსებობს.
თუ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი - ვერ იღებს სითხეს, საკვებს, მოდუნებულია, მივარდნილია თუნდაც 37.5-ზე, ე.ი. მას აწუხებს სხეულის ასეთი ტემპერატურა და აუცილებლად უნდა მივაშველოთ დამწევი.
სიცხის დამწევ საშუალებად ვიყენებთ პარაცეტამოლს და იბუპროფენს. სიცხის დამწევს ვაწვდით არა ასაკის, არამედ კილოგრამის მიხედვით. რადგან ზოგიერთი 2 წლის პატარა შესაძლოა, იყოს 13 კილოგრამი ან ზოგიერთი - 18 კილოგრამი. მაგალითისთვის, გამოვთვალოთ. პარაცეტამოლი შეგვიძლია მივცეთ 15 მგ/კგ ე.ი. თუ პატარა არის 10 კილო და ჩვენ გვინდა მივაწოდოთ პარაცეტამოლი, როგორც სიცხის დამწევი საშუალება 10 უნდა გავამრავლოთ 15-ზე და მივიღებთ 150-ს და შეგვიძლია მივაწოდოთ 150 მგ. პარაცეტამოლი საჭიროებისას შეგვიძლია გამოვიყენოთ 4 საათში ერთხელ. იბუპროფენის ჯგუფის მედიკამენტები შეგვიძლია გამოვიყენოთ 6 საათში ერთხელ, მაგრამ იბუპროფენი 5 მლგ-ით ნაკლები უნდა მივცეთ. დავუშვათ პატარა არის 10 კილო, მაშინ უნდა მივცეთ 10 მგ/კგ საჭიროებისას 6 საათში ერთხელ გამოვიყენოთ. სასურველია ესეც ვიცოდეთ, 3 თვემდე იბუპროპფენი არ ინიშნება ჰეპატოტოქსიურობის გამო, ამიტომ 0-დან 3 თვემდე ძირითადად ვირჩევთ პარაცეტამოლს სიცხის დამწევ საშუალებად, ხოლო 3 თვიდან უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე იბუპროფენი.
ესაუბრა თამთა შერმაზანაშვილი
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„უჭმელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომი. ავადმყოფთა მასივში ერთ-ერთი წამყვანი ჩივილი ეს გახლავთ,“ - ყარამან ფაღავა
პედიატრმა ყარამან ფაღავამ ბავშვებში უჭმელობის პრობლემის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ უჭმელობა მნიშვნელოვანი სიმპტომი და ჩივილია:
„უჭმელობა არის სიმპტომი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომი, ჩივილი. ავადმყოფთა მასივში ერთ-ერთი წამყვანი ჩივილი ეს გახლავთ. მეორე ამბავია, ეს ნამდვილად არის უმადობა და უჭმელობა, თუ მშობელს მიაჩნია, რომ ასეა?! მშობლებს უნდათ, რომ ბავშვები წონაში მომატებულები იყვნენ. არადა არ არის სასურველი, რომ ბავშვი ჭარბი წონის იყოს. მამაჩემი, ცნობილი პედიატრი, ირაკლი ფაღავა ამბობდა, ბიჭს ნეკნები უნდა უჩანდესო. ნორმის ფარგლებში უნდა იყოს გოგონაც და ვაჟიც. ვაჟი სჯობს, ნორმაზე ცოტა დაბლა იყოს და გოგონა ზედა საზღვარზე. ცხიმი არის წყარო ქალის ჰორმონების, ესტროგენების წარმოქმნის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მოზარდობის პერიოდში.“
ყარამან ფაღავას თქმით, მშობლები ღიზიანდებიან, როდესაც ბავშვები არ ჭამენ, თუმცა მთავარი მაინც ის არის, როგორ ვითარდება ბავშვი:
„მშობელს ძალიან აღიზიანებს, თუ ბავშვი არ ჭამს. მას ეჩვენება, რომ სხვა უფრო მეტად ჭამს. მთავარი ის კი არ არის, რამდენს ჭამს ბავშვი. მთავარია, როგორ მატულობს, როგორ ვითარდება ბავშვი. განვითარება წონაში მატება კი არ არის მხოლოდ. ეს არის ფსიქო-ემოციური განვითარება, ინტელექტუალური განვითარება, სქესობრივი განვითარება, აგრეთვე არის თუ არა ე.წ. ნუტრიციული დაავადებები. მათ შორის წამყვანი არის ანემია, ჰიპოვიტამინოზები, წონის დაქვეითება, ცილის დაქვეითება. მშობლის ჩივილს ყოველთვის ყურადღება უნდა მივაქციოთ. უხილავი სიმები არის დედასა და შვილს შორის. შეიძლება ბავშვი გარეგნულად შესანიშნავია, არავითარი ჩამორჩენა არ აქვს, არც ნუტრიციული დაავადება აქვს, მაგრამ შეიძლება მომავალში განვითარდეს.“
ყარამან ფაღავამ მოზარდებში უჭმელობის გამომწვევი ძირითადი მიზეზები დაასახელა:
„როდესაც არ ჭამს ბავშვი, მით უმეტეს, მოზარდი, აქ არის ორი მომენტი. ერთი არის ფსიქოლოგიური სტრესი, ეშინია გასუქების. არის ზოგიერთი, რომ ზოგიერთი საკვები მოსწონს, ზოგიერთი ნაკლებად მოსწონს. ბავშვი თანდათანობით უნდა შევაჩვიოთ სხვადასხვა საკვებს. მნიშვნელოვანია გემრიელად მიღება საკვების, ლამაზად სუფრის გაშლა, სილამაზე უნდა იყოს.“
„ბავშვი თევზს რომ არ ჭამს, ეს მაინც ჩვევაა. უნდა შევაჩვიოთ მაგალითით. თევზი შესანიშნავი საკვებია. უცნაური ამბავია, ზღვისპირა ქვეყანა ვართ, უშუალოდ ზღვისპირა რეგიონებშიც კი თევზს მაინცდამაინც ხშირად არ მიირთმევენ. ეს გასაოცარი ამბავია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზღვის პროდუქტი მაქსიმალურად შემოვიტანოთ რაციონში. რაც შეეხება ხილს, ხილზე ცოტა სიფრთხილეა საჭირო. ზოგჯერ ეს მიუჩვევლობის ბრალია, ზოგჯერ, შესაძლოა, ფრუქტოზის აუტანლობაც იყოს. ბავშვი დისკომფორტს განიცდის. ამიტომ ნუ დავაძალებთ ბავშვს ხილის მირთმევას. პედიატრიაში ზოგჯერ ვეტერინარულ მიდგომასაც აქვს დიდი მნიშვნელობა. ბავშვს ვაწვდით საკვებს და რასაც მიირთმევს, როგორც ჩანს, მას ეს უფრო მეტად ესაჭიროება,“ - აღნიშნულ საკითხებზე ყარამან ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.