„გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას“ - რა უნდა ვიცოდეთ ბავშვებში ტემპერატურის ცვლილებაზე?
რამდენია ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა, როგორ უნდა მოვიქცეთ დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში, რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული, როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას - აღნიშნულ თემებზე MomsEdu.ge-ს პედიატრი და გადაუდებელი მედიცინის ექიმი თეო ტაბატაძე ესაუბრა.
- ქალბატონო თეო, თავიდანვე რომ განვმარტოთ, ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა რამდენია?
- ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა განისაზღვრება ასაკის მიხედვით. მაგალითად, 0-დან 3 თვემდე შესაძლებელია, 35.5-დან 37.2-მდე ჩავთვალოთ ნორმად. ასევე გასათვალისწინებელია გარემოება. ხანდახან მშობლები პატარას იმის გამო, რომ არ გაცივდეს, ზედმეტად თბილად აცმევენ, ბავშვის კანი კი ძალზე მგრძნობიარეა თერმორეგულაციის მიმართ. ამ დროს ხდება გადახურება და სხეულის ტემპერატურის მატება. ეს არის გარემოებით გამოწვეული ტემპერატურული რეაქცია. „გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას. თუ ტემპერატურა კვლავ ნარჩუნდება 37.5-37.6 და მეტი მაშინ უკვე უნდა ვეძებოთ სხვა მიზეზები.
- როგორ ვიქცევით დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში?
- ჰიპოთერმიად განიხილება 35 და ქვემოთ ტემპერატურა (35.1-35.2 არ ითვლება ჰიპოთერმიად). ჰიპოთერმიის დროს ბავშვი უნდა გავათბოთ თბილი საფენებით. თუ ბავშვს დალევა შეუძლია, მაშინ თბილი სითხეები უნდა შევთავაზოთ. თუ ჰიპოთერმია გრძელდება და ტემპერატურა ჩამოდის 35-ზე ქვემოთ, აუცილებლად უნდა მივმართოთ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტს.
- რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული?
- ჩვენს რეალობაში ციფრული თერმომეტრები არ გამოდგა ხარისხიანი, გამომდინარე იქიდან, რომ დიდია ცდომილება. კლინიკაში უპირატესობას ვანიჭებთ ვერცხლისწყლის თერმომეტრს.
- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ სიცხე ბანალური მიზეზითაა გამოწვეული და არა რომელიმე სერიოზული პრობლემით?
- ინფექციური მდგომარეობის დროს ცხელებას თან ახლავს ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, როგორიც არის მოდუნება, ძილიანობა, სითხის მიუღებლობა, ეს ყოველთვის აისახება პატარაზე, მას არ სურს თამაში, არ უხარია. თუ ბავშვი არ თამაშობს, არ შემოდის კონტაქტში, საკვებსა და სითხეებზე უარს გეუბნებათ და ტემპერატურა არის 37.5 - 37.6, ასეთ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფექციასთან გვაქვს საქმე.
- როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას, როგორ უნდა მართოს ცხელება მშობელმა ბინაზე სწორად?
- აქტუალური კითხვაა, თუ როდის უნდა მივცეთ პატარას სიცხის დამწევი საშუალება, არსებობს თუ არა რაიმე გარკვეული ციფრი? - შევჯერდით ექიმები, რომ ასეთი ციფრი არ არსებობს.
თუ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი - ვერ იღებს სითხეს, საკვებს, მოდუნებულია, მივარდნილია თუნდაც 37.5-ზე, ე.ი. მას აწუხებს სხეულის ასეთი ტემპერატურა და აუცილებლად უნდა მივაშველოთ დამწევი.
სიცხის დამწევ საშუალებად ვიყენებთ პარაცეტამოლს და იბუპროფენს. სიცხის დამწევს ვაწვდით არა ასაკის, არამედ კილოგრამის მიხედვით. რადგან ზოგიერთი 2 წლის პატარა შესაძლოა, იყოს 13 კილოგრამი ან ზოგიერთი - 18 კილოგრამი. მაგალითისთვის, გამოვთვალოთ. პარაცეტამოლი შეგვიძლია მივცეთ 15 მგ/კგ ე.ი. თუ პატარა არის 10 კილო და ჩვენ გვინდა მივაწოდოთ პარაცეტამოლი, როგორც სიცხის დამწევი საშუალება 10 უნდა გავამრავლოთ 15-ზე და მივიღებთ 150-ს და შეგვიძლია მივაწოდოთ 150 მგ. პარაცეტამოლი საჭიროებისას შეგვიძლია გამოვიყენოთ 4 საათში ერთხელ. იბუპროფენის ჯგუფის მედიკამენტები შეგვიძლია გამოვიყენოთ 6 საათში ერთხელ, მაგრამ იბუპროფენი 5 მლგ-ით ნაკლები უნდა მივცეთ. დავუშვათ პატარა არის 10 კილო, მაშინ უნდა მივცეთ 10 მგ/კგ საჭიროებისას 6 საათში ერთხელ გამოვიყენოთ. სასურველია ესეც ვიცოდეთ, 3 თვემდე იბუპროპფენი არ ინიშნება ჰეპატოტოქსიურობის გამო, ამიტომ 0-დან 3 თვემდე ძირითადად ვირჩევთ პარაცეტამოლს სიცხის დამწევ საშუალებად, ხოლო 3 თვიდან უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე იბუპროფენი.
ესაუბრა თამთა შერმაზანაშვილი
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„სულ მხვდება ხოლმე ყურში: „ეს საშინელი ზღაპრები, ხოცვა-ჟლეტა, როგორ შეიძლება?!“ სულ არ ვფიქრობ ასე,“ - თამარ გაგოშიძე
ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვის განვითარებისთვის ზღაპრების კითხვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს ზღაპრები, რომელთა სიუჟეტი საშიშად გვეჩვენება, ბავშვს არ უნდა წავუკითხოთ:
„ბოლო დროს სულ მხვდება ხოლმე ყურში: „ეს საშინელი ზღაპრები, ხოცვა-ჟლეტა, როგორ შეიძლება?!“ სულ არ ვფიქრობ ასე. ფსიქოანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ზღაპარი კათარზისის საშუალებაა. პროპი, ძალიან ცნობილი ზღაპროლოგი, საერთოდ ფიქრობდა, რომ ზღაპრის საშუალებით შემოდის ჩვენში ცხოვრებისეული რეალობები, ბავშვი ადაპტირდება და რეალობებს ნელ-ნელა ეჩვევა. ზღაპარი არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ ბავშვის ცხოვრებაში წარმოსახვის განვითარებისთვის, მეტყველების განვითარებისთვის, ემოციური განვითარებისთვის, თამაშიც ხომ ასეა.“
თამარ გაგოშიძის თქმით, პატარა ბავშვების ემოციური რეგულაციისთვის ზღაპრის კითხვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს:
„ეს ოცი წუთი ან ნახევარი საათი ერთობლივი კითხვა პატარა ბავშვების შემთხვევაში არის განუზომელი წვლილი ბავშვის ემოციურ რეგულაციაში. მეტი შეგიძლიათ არაფერი არ გააკეთოთ. ასე ერთად იკითხოთ, ოღონდ მობილურის გარეშე, აქეთ-იქით სირბილის და ოჯახის სხვა წევრებთან საუბრის გარეშე. ეს არის უებარი საშუალება მომავალი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის.“
თამარ გაგოშიძემ აღნიშნა, რომ ცუდი ზღაპრებიც კი ბავშვებს ამბივალენტურობის განცდას უჩენენ, რის გამოც მათი წაკითხვა პატარებისთვის სასარგებლოა:
„ცუდი ზღაპრებიც კი, რომ ვიღაცამ რაღაც შეჭამა, ვიღაცამ ვიღაცა მოკლა, გაიხსენეთ ბავშვობა, მათი კითხვისას ამბივალენტურობის განცდა. ეს არის აუცილებელი ეტაპი ემოციური რეგულაციისთვის. ეს ამბივალენტურობა, თან რომ მოკვდა ვიღაც, თან რომ ეცოდება და აღარ ეშინია ან ეშინია, ეს არის აუცილებელი პირობა ჯანმრთელი ემოციური განვითარებისთვის. რომ ეჭვიანობ შენს მშობლებზე, რომ შენი და ან ძმა უფრო უყვართ და ამის თქმა ძალიან ძნელია, რადგან სირცხვილია, გეშტალთ თერაპევტები ამას აკეთებენ ზუსტად, რომ ეს გამოაქვთ გარეთ და მისაღები გზით ნელ-ნელა ეხმარებიან ადამიანს, რომ ეს გამოხატოს. ზღაპარი ამას ჰგავს ძალიან, რომ გეხმარება დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში.“
„მე ვთვლი, რომ ზღაპარი ორ საქმეს აკეთებს: თან ემოციების განვითარებაში ეხმარება ბავშვს და თან მშობელთან კარგი კომუნიკაციის დამყარებაში. ჩვენს პერიოდში, როდესაც მოუცლელი მშობლები არიან, დანაშაულის განცდა რომ აქვთ ამ საწყალ მშობლებს, დრო არ აქვთ, რომ ბავშვს დაუთმონ, ეს დრო არის სრულიად საკმარისი პატარა ბავშვის შემთხვევაში, რომ ნახევარი საათი ერთად იკითხონ და გაიარონ ეს ემოციები ერთად,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.