„გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას“ - რა უნდა ვიცოდეთ ბავშვებში ტემპერატურის ცვლილებაზე?
რამდენია ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა, როგორ უნდა მოვიქცეთ დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში, რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული, როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას - აღნიშნულ თემებზე MomsEdu.ge-ს პედიატრი და გადაუდებელი მედიცინის ექიმი თეო ტაბატაძე ესაუბრა.
- ქალბატონო თეო, თავიდანვე რომ განვმარტოთ, ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა რამდენია?
- ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა განისაზღვრება ასაკის მიხედვით. მაგალითად, 0-დან 3 თვემდე შესაძლებელია, 35.5-დან 37.2-მდე ჩავთვალოთ ნორმად. ასევე გასათვალისწინებელია გარემოება. ხანდახან მშობლები პატარას იმის გამო, რომ არ გაცივდეს, ზედმეტად თბილად აცმევენ, ბავშვის კანი კი ძალზე მგრძნობიარეა თერმორეგულაციის მიმართ. ამ დროს ხდება გადახურება და სხეულის ტემპერატურის მატება. ეს არის გარემოებით გამოწვეული ტემპერატურული რეაქცია. „გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას. თუ ტემპერატურა კვლავ ნარჩუნდება 37.5-37.6 და მეტი მაშინ უკვე უნდა ვეძებოთ სხვა მიზეზები.
- როგორ ვიქცევით დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში?
- ჰიპოთერმიად განიხილება 35 და ქვემოთ ტემპერატურა (35.1-35.2 არ ითვლება ჰიპოთერმიად). ჰიპოთერმიის დროს ბავშვი უნდა გავათბოთ თბილი საფენებით. თუ ბავშვს დალევა შეუძლია, მაშინ თბილი სითხეები უნდა შევთავაზოთ. თუ ჰიპოთერმია გრძელდება და ტემპერატურა ჩამოდის 35-ზე ქვემოთ, აუცილებლად უნდა მივმართოთ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტს.
- რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული?
- ჩვენს რეალობაში ციფრული თერმომეტრები არ გამოდგა ხარისხიანი, გამომდინარე იქიდან, რომ დიდია ცდომილება. კლინიკაში უპირატესობას ვანიჭებთ ვერცხლისწყლის თერმომეტრს.
- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ სიცხე ბანალური მიზეზითაა გამოწვეული და არა რომელიმე სერიოზული პრობლემით?
- ინფექციური მდგომარეობის დროს ცხელებას თან ახლავს ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, როგორიც არის მოდუნება, ძილიანობა, სითხის მიუღებლობა, ეს ყოველთვის აისახება პატარაზე, მას არ სურს თამაში, არ უხარია. თუ ბავშვი არ თამაშობს, არ შემოდის კონტაქტში, საკვებსა და სითხეებზე უარს გეუბნებათ და ტემპერატურა არის 37.5 - 37.6, ასეთ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფექციასთან გვაქვს საქმე.
- როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას, როგორ უნდა მართოს ცხელება მშობელმა ბინაზე სწორად?
- აქტუალური კითხვაა, თუ როდის უნდა მივცეთ პატარას სიცხის დამწევი საშუალება, არსებობს თუ არა რაიმე გარკვეული ციფრი? - შევჯერდით ექიმები, რომ ასეთი ციფრი არ არსებობს.
თუ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი - ვერ იღებს სითხეს, საკვებს, მოდუნებულია, მივარდნილია თუნდაც 37.5-ზე, ე.ი. მას აწუხებს სხეულის ასეთი ტემპერატურა და აუცილებლად უნდა მივაშველოთ დამწევი.
სიცხის დამწევ საშუალებად ვიყენებთ პარაცეტამოლს და იბუპროფენს. სიცხის დამწევს ვაწვდით არა ასაკის, არამედ კილოგრამის მიხედვით. რადგან ზოგიერთი 2 წლის პატარა შესაძლოა, იყოს 13 კილოგრამი ან ზოგიერთი - 18 კილოგრამი. მაგალითისთვის, გამოვთვალოთ. პარაცეტამოლი შეგვიძლია მივცეთ 15 მგ/კგ ე.ი. თუ პატარა არის 10 კილო და ჩვენ გვინდა მივაწოდოთ პარაცეტამოლი, როგორც სიცხის დამწევი საშუალება 10 უნდა გავამრავლოთ 15-ზე და მივიღებთ 150-ს და შეგვიძლია მივაწოდოთ 150 მგ. პარაცეტამოლი საჭიროებისას შეგვიძლია გამოვიყენოთ 4 საათში ერთხელ. იბუპროფენის ჯგუფის მედიკამენტები შეგვიძლია გამოვიყენოთ 6 საათში ერთხელ, მაგრამ იბუპროფენი 5 მლგ-ით ნაკლები უნდა მივცეთ. დავუშვათ პატარა არის 10 კილო, მაშინ უნდა მივცეთ 10 მგ/კგ საჭიროებისას 6 საათში ერთხელ გამოვიყენოთ. სასურველია ესეც ვიცოდეთ, 3 თვემდე იბუპროპფენი არ ინიშნება ჰეპატოტოქსიურობის გამო, ამიტომ 0-დან 3 თვემდე ძირითადად ვირჩევთ პარაცეტამოლს სიცხის დამწევ საშუალებად, ხოლო 3 თვიდან უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე იბუპროფენი.
ესაუბრა თამთა შერმაზანაშვილი
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„პირველ რიგში, ჩვენს თავს უნდა ვაპატიოთ. ყველანი ადამიანები ვართ, ხანდახან წყობიდან გამოვდივართ და რაღაცები გვეშლება,“ - ნეიროფსიქოლოგი მაია ჯავახიშვილი
ნეიროფსიქოლოგმა მაია ჯავახიშვილმა ბავშვთან ურთიერთობისას მშობლის მაგალითის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მშობლობა მუდმივი განვითარება და თვითანალიზია:
„მე თუ შენ გასწავლი, რომ უზრდელური სიტყვები არ უნდა გამოიყენო, უფროსს პატივისცემით ელაპარაკო, არ უნდა იუხეშო და მე ამ დროს ყოველ წამს წყობიდან გამოვდივარ, ყველას და ყველაფერს შეურაცხყოფას ვაყენებ, რა თქმა უნდა, ეს ბავშვისთვის დამაბნეველია. რეალურად მშობლობა რა არის? მუდმივი განვითარება, თვითანალიზი, თვითდაკვირვება და საკუთარი თავის გაუმჯობესება. რამდენადაც მე, როგორც მშობელი, გავიუმჯობესებ თავს, იმდენად გავაუმჯობესებ ბავშვის ქცევას.“
მაია ჯავახიშვილმა აღნიშნა, რომ მშობელმა შეცდომის დაშვების შემთხვევაში ბავშვს უნდა მოუბოდიშოს, მან საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღოს:
„მობოდიშებას თავისი წონა და როლი რომ ჰქონდეს, რამდენიმე ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. ერთია, რომ არ ვადანაშაულებთ ბავშვს. ხშირად ვამბობთ, რომ მე შენ დაგიყვირე, მაგრამ ნელი რომ ხარ, ვაგვიანებთ დილით. მე კი მომეშვა, რომ ბოდიში მოგიხადე, მაგრამ რაღაცნაირად შენ გადმოგაბრალე. ტვირთი შენზე გადმოვიტანე და ისევ შენ გრძნობ თავს ცუდად. ბევრი ახსნა-განმარტება არ უნდა, მე თუ ცუდად მოვიქეცი, ვამბობ, რომ ვწუხვარ, მეტად უნდა მომეთოკა თავი. ადვილად შეიძლება შენი სინანული გადაიზარდოს დადანაშაულებაში.“
მაია ჯავახიშვილის თქმით, ჩვენს საზოგადოებაში ბოდიშის თქმა ადამიანებს ძალიან უჭირთ, რაც ჭარბი სიამაყით არის გამოწვეული:
„ჩვენი საზოგადოების ძალიან მწვავე პრობლემაა, რომ ბოდიში „არ მოსულა“ ჩვენთან. თუ მოვიბოდიშებ, ე.ი, უნდა ვაღიარო, რომ შემეშალა. სიამაყე ამას ეწინააღმდეგება. ეს იმ ეპოქის ნაწილია, როდესაც მაწავლებელი ტუალეტში არ დადიოდა, ისეთი აღმატებული იყო. ზრდასრულს, რომ შეცდომა არ მოსდის და ბავშვთან მიმართებაში არასდროს აღიარებს, ესეც იმ სცენარიდან არის. ჩვენ ხელახლა უნდა გადავხედოთ ამ საკითხს და ამ მიდგომებს ბავშვთან მიმართებაში. სამართალს ასაკი არ აქვს.“
„რა თქმა უნდა, ამას დანაშაულის განცდაც ახლავს მშობლის მხრიდან. შეიძლება არ ვაღიარო, მაგრამ ხომ ვხვდები, რომ ჩემი მხრიდან გული ვატკინე ბავშვს ღრიალით და წყობიდან გამოსვლით. პირველ რიგში, ჩვენს თავსაც უნდა ვაპატიოთ. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, ხანდახან წყობიდან გამოვდივართ და რაღაცები გვეშლება. ამით ბავშვსაც ვაძლევთ მაგალითს, რომ შენ თუ შეგეშლება, არ ნიშნავს, რომ ცუდი ხარ. მეც, როგორც მშობელი, თუ მოგიბოდიშებ და ვაღიარებ, რომ რაღაც შემეშალა, არ ნიშნავს, რომ მე ცუდი ვარ. მე შევცდი, როგორც ყველა ადამიანი ცდება და ვეცდები, რომ ეს გავაუმჯობესო. ჩემს თავს ვპატიობ, შენც მაგალითს გაძლევ, რომ შენს თავსაც უნდა აპატიო და სხვასაც,“ - აღნიშნულ თემაზე მაია ჯავახიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დილის შოუ“ ისაუბრა.