„გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას“ - რა უნდა ვიცოდეთ ბავშვებში ტემპერატურის ცვლილებაზე?
რამდენია ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა, როგორ უნდა მოვიქცეთ დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში, რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული, როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას - აღნიშნულ თემებზე MomsEdu.ge-ს პედიატრი და გადაუდებელი მედიცინის ექიმი თეო ტაბატაძე ესაუბრა.
- ქალბატონო თეო, თავიდანვე რომ განვმარტოთ, ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა რამდენია?
- ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა განისაზღვრება ასაკის მიხედვით. მაგალითად, 0-დან 3 თვემდე შესაძლებელია, 35.5-დან 37.2-მდე ჩავთვალოთ ნორმად. ასევე გასათვალისწინებელია გარემოება. ხანდახან მშობლები პატარას იმის გამო, რომ არ გაცივდეს, ზედმეტად თბილად აცმევენ, ბავშვის კანი კი ძალზე მგრძნობიარეა თერმორეგულაციის მიმართ. ამ დროს ხდება გადახურება და სხეულის ტემპერატურის მატება. ეს არის გარემოებით გამოწვეული ტემპერატურული რეაქცია. „გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას. თუ ტემპერატურა კვლავ ნარჩუნდება 37.5-37.6 და მეტი მაშინ უკვე უნდა ვეძებოთ სხვა მიზეზები.
- როგორ ვიქცევით დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში?
- ჰიპოთერმიად განიხილება 35 და ქვემოთ ტემპერატურა (35.1-35.2 არ ითვლება ჰიპოთერმიად). ჰიპოთერმიის დროს ბავშვი უნდა გავათბოთ თბილი საფენებით. თუ ბავშვს დალევა შეუძლია, მაშინ თბილი სითხეები უნდა შევთავაზოთ. თუ ჰიპოთერმია გრძელდება და ტემპერატურა ჩამოდის 35-ზე ქვემოთ, აუცილებლად უნდა მივმართოთ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტს.
- რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული?
- ჩვენს რეალობაში ციფრული თერმომეტრები არ გამოდგა ხარისხიანი, გამომდინარე იქიდან, რომ დიდია ცდომილება. კლინიკაში უპირატესობას ვანიჭებთ ვერცხლისწყლის თერმომეტრს.
- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ სიცხე ბანალური მიზეზითაა გამოწვეული და არა რომელიმე სერიოზული პრობლემით?
- ინფექციური მდგომარეობის დროს ცხელებას თან ახლავს ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, როგორიც არის მოდუნება, ძილიანობა, სითხის მიუღებლობა, ეს ყოველთვის აისახება პატარაზე, მას არ სურს თამაში, არ უხარია. თუ ბავშვი არ თამაშობს, არ შემოდის კონტაქტში, საკვებსა და სითხეებზე უარს გეუბნებათ და ტემპერატურა არის 37.5 - 37.6, ასეთ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფექციასთან გვაქვს საქმე.
- როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას, როგორ უნდა მართოს ცხელება მშობელმა ბინაზე სწორად?
- აქტუალური კითხვაა, თუ როდის უნდა მივცეთ პატარას სიცხის დამწევი საშუალება, არსებობს თუ არა რაიმე გარკვეული ციფრი? - შევჯერდით ექიმები, რომ ასეთი ციფრი არ არსებობს.
თუ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი - ვერ იღებს სითხეს, საკვებს, მოდუნებულია, მივარდნილია თუნდაც 37.5-ზე, ე.ი. მას აწუხებს სხეულის ასეთი ტემპერატურა და აუცილებლად უნდა მივაშველოთ დამწევი.
სიცხის დამწევ საშუალებად ვიყენებთ პარაცეტამოლს და იბუპროფენს. სიცხის დამწევს ვაწვდით არა ასაკის, არამედ კილოგრამის მიხედვით. რადგან ზოგიერთი 2 წლის პატარა შესაძლოა, იყოს 13 კილოგრამი ან ზოგიერთი - 18 კილოგრამი. მაგალითისთვის, გამოვთვალოთ. პარაცეტამოლი შეგვიძლია მივცეთ 15 მგ/კგ ე.ი. თუ პატარა არის 10 კილო და ჩვენ გვინდა მივაწოდოთ პარაცეტამოლი, როგორც სიცხის დამწევი საშუალება 10 უნდა გავამრავლოთ 15-ზე და მივიღებთ 150-ს და შეგვიძლია მივაწოდოთ 150 მგ. პარაცეტამოლი საჭიროებისას შეგვიძლია გამოვიყენოთ 4 საათში ერთხელ. იბუპროფენის ჯგუფის მედიკამენტები შეგვიძლია გამოვიყენოთ 6 საათში ერთხელ, მაგრამ იბუპროფენი 5 მლგ-ით ნაკლები უნდა მივცეთ. დავუშვათ პატარა არის 10 კილო, მაშინ უნდა მივცეთ 10 მგ/კგ საჭიროებისას 6 საათში ერთხელ გამოვიყენოთ. სასურველია ესეც ვიცოდეთ, 3 თვემდე იბუპროპფენი არ ინიშნება ჰეპატოტოქსიურობის გამო, ამიტომ 0-დან 3 თვემდე ძირითადად ვირჩევთ პარაცეტამოლს სიცხის დამწევ საშუალებად, ხოლო 3 თვიდან უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე იბუპროფენი.
ესაუბრა თამთა შერმაზანაშვილი
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„მუცელზე წოლა ერთ-ერთი არასასურველი პოზაა, ამ დროს ზეწოლა ხდება სისხლძარღვებზე,“ - თერაპევტი ლია ჭანტურიძე
თერაპევტმა ლია ჭანტურიძემ სხვადასხვა პოზიციაში ძილის დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრა. მისი თქმით, ყველაზე გავრცელებული პოზიცია ზურგზე წოლაა, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო პოზად ითვლება ხერხემლისთვის:
„ყველაზე გავრცელებული პოზიცია არის ზურგზე წოლა, როდესაც ადამიანი წევს ზურგზე, გამართული ხელებით და ფეხებით. ის განიხილება, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო პოზა ხერხემლისთვის. ეს კისრისთვის და მხრებისთვის არის კარგი დასვენება. ამ დროს უმჯობესდება თავის ტვინის სისხლის მიმოქცევა, რაც ამცირებს თავის ტკივილის რისკს. ქალბატონებისთვის არის ეს საინტერესო, რადგან აუმჯობესებს მკერდის სიმკვრივეს. ეს პოზა კურნავს უძილობას. ამ პოზას აქვს თავისი გვერდითი მხარეები. შეიძლება, გამოიწვიოს წელის ტკივილი. ამის შესამსუბუქებლად შეგვიძლია ბალიში გამოვიყენოთ და მუხლების ქვეშ ამოვიდოთ. ასეთი პოზა ამწვავებს ხვრინვას, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვისაც აწუხებს ძილის აპნოე. მათთვის სასურველია გვერდზე წოლა. მათთვის ვისაც აქვს რეფლუქს ეზოფაგიტი, ზურგზე წოლა არ არის რეკომენდებული.“
ლია ჭანტურიძის თქმით, ხერხემლისთვის კიდევ ერთ საუკეთესო პოზად ე.წ. „მორის პოზა“ ითვლება:
„არის ასეთი „მორის პოზა.“ ეს არის გვერდზე წოლა, მარჯვენა ან მარცხენა მხარეს, გამართული ფეხებით და ხელებით. ესეც განიხილება, როგორც ერთ-ერთი იდეალური პოზა ხერხემლისთვის. ის აგვაცილებს ზურგის, კისრის და თავის ტკივილს. ამ პოზასაც აქვს თავისი გვერდითი ეფექტები. ის იწვევს ტკივილს ბარძაყის და მხრის მიდამოში, რადგან ხდება ხანგრძლივი ზეწოლა. ამის შესამსუბუქებლად შეგვიძლია ბალიში ამოვიდოთ თეძოს ქვეშ, ფეხებს შორის. გვერდით როდესაც ვწევართ, ამ დროს თავის ტკივილები არ არის, თუ, რა თქმა უნდა, კომფორტული ბალიში გვაქვს. სასურველია ანატომიური ბალიში გამოვიყენოთ, რომელიც შეავსებს ადგილს კისერსა და საწოლს შორის, რაც აგვარიდებს თავის ტკივილს. გვერდზე წოლამ შეიძლება გაგვიჩინოს ნაოჭები სახეზე, გამოიწვიოს ცალი მკერდის დეფორმაცია. გვერდზე წოლა იდეალური პოზაა ორსულებისთვის. ამ დროს ნაყოფის სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება. ის ხვრინვას ამცირებს, ამიტომ სასურველია, ვიწვეთ გვერდზე.“
ლია ჭანტურიძემ ემბრიონის პოზაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ასეთ პოზიციაში ძილი კომფორტულია ორსული ქალბატონებისთვის:
„ემბრიონის პოზაც გვერდზე წოლაა. ამ დროს მუხლები და ხელები უფრო მოხრილი გვაქვს. ეს პოზაც კარგია ზურგისთვის. ის ამცირებს რეფლუქსს, ხვრინვას, კომფორტულია ორსულებისთვისაც. ამ პოზასაც ახასიათებს მკერდის დეფორმაცია, შეიძლება გამოიწვიოს კისრის ტკივილი.“
„მუცელზე წოლა ერთ-ერთი არასასურველი პოზაა. ეს მთლიანად ხერხემლისთვის არის დატვირთვა. როდესაც ვწევართ მუცელზე, თავი შეტრიალებული გვაქვს ან მარჯვნივ, ან მარცხნივ. ამ დროს ზეწოლა ხდება სისხლძარღვებზე, რომლებიც გაივლის ხერხემლის მალებს შორის. სისხლი კარგად არ მიედინება თავისკენ, კვება ვერ ხდება კარგი, დილით ვიღვიძებთ თავის ტკივილით. შეიძლება გავიღვიძოთ შეშუპებით, რადგან ვენური სისხლის უკუდინებაც არ ხდება კარგად. განსაკუთრებით არ არის რეკომენდებული ასეთი ძილი ადამიანებში, რომლებსაც აქვთ სისხლძარღვების პრობლემები, ათეროსკლეროზი და ოსტეოქონდროზი,“ - აღნიშნულ საკითხზე ლია ჭანტურიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.