„გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას“ - რა უნდა ვიცოდეთ ბავშვებში ტემპერატურის ცვლილებაზე?
რამდენია ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა, როგორ უნდა მოვიქცეთ დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში, რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული, როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას - აღნიშნულ თემებზე MomsEdu.ge-ს პედიატრი და გადაუდებელი მედიცინის ექიმი თეო ტაბატაძე ესაუბრა.
- ქალბატონო თეო, თავიდანვე რომ განვმარტოთ, ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა რამდენია?
- ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა განისაზღვრება ასაკის მიხედვით. მაგალითად, 0-დან 3 თვემდე შესაძლებელია, 35.5-დან 37.2-მდე ჩავთვალოთ ნორმად. ასევე გასათვალისწინებელია გარემოება. ხანდახან მშობლები პატარას იმის გამო, რომ არ გაცივდეს, ზედმეტად თბილად აცმევენ, ბავშვის კანი კი ძალზე მგრძნობიარეა თერმორეგულაციის მიმართ. ამ დროს ხდება გადახურება და სხეულის ტემპერატურის მატება. ეს არის გარემოებით გამოწვეული ტემპერატურული რეაქცია. „გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას. თუ ტემპერატურა კვლავ ნარჩუნდება 37.5-37.6 და მეტი მაშინ უკვე უნდა ვეძებოთ სხვა მიზეზები.
- როგორ ვიქცევით დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში?
- ჰიპოთერმიად განიხილება 35 და ქვემოთ ტემპერატურა (35.1-35.2 არ ითვლება ჰიპოთერმიად). ჰიპოთერმიის დროს ბავშვი უნდა გავათბოთ თბილი საფენებით. თუ ბავშვს დალევა შეუძლია, მაშინ თბილი სითხეები უნდა შევთავაზოთ. თუ ჰიპოთერმია გრძელდება და ტემპერატურა ჩამოდის 35-ზე ქვემოთ, აუცილებლად უნდა მივმართოთ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტს.
- რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული?
- ჩვენს რეალობაში ციფრული თერმომეტრები არ გამოდგა ხარისხიანი, გამომდინარე იქიდან, რომ დიდია ცდომილება. კლინიკაში უპირატესობას ვანიჭებთ ვერცხლისწყლის თერმომეტრს.
- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ სიცხე ბანალური მიზეზითაა გამოწვეული და არა რომელიმე სერიოზული პრობლემით?
- ინფექციური მდგომარეობის დროს ცხელებას თან ახლავს ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, როგორიც არის მოდუნება, ძილიანობა, სითხის მიუღებლობა, ეს ყოველთვის აისახება პატარაზე, მას არ სურს თამაში, არ უხარია. თუ ბავშვი არ თამაშობს, არ შემოდის კონტაქტში, საკვებსა და სითხეებზე უარს გეუბნებათ და ტემპერატურა არის 37.5 - 37.6, ასეთ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფექციასთან გვაქვს საქმე.
- როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას, როგორ უნდა მართოს ცხელება მშობელმა ბინაზე სწორად?
- აქტუალური კითხვაა, თუ როდის უნდა მივცეთ პატარას სიცხის დამწევი საშუალება, არსებობს თუ არა რაიმე გარკვეული ციფრი? - შევჯერდით ექიმები, რომ ასეთი ციფრი არ არსებობს.
თუ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი - ვერ იღებს სითხეს, საკვებს, მოდუნებულია, მივარდნილია თუნდაც 37.5-ზე, ე.ი. მას აწუხებს სხეულის ასეთი ტემპერატურა და აუცილებლად უნდა მივაშველოთ დამწევი.
სიცხის დამწევ საშუალებად ვიყენებთ პარაცეტამოლს და იბუპროფენს. სიცხის დამწევს ვაწვდით არა ასაკის, არამედ კილოგრამის მიხედვით. რადგან ზოგიერთი 2 წლის პატარა შესაძლოა, იყოს 13 კილოგრამი ან ზოგიერთი - 18 კილოგრამი. მაგალითისთვის, გამოვთვალოთ. პარაცეტამოლი შეგვიძლია მივცეთ 15 მგ/კგ ე.ი. თუ პატარა არის 10 კილო და ჩვენ გვინდა მივაწოდოთ პარაცეტამოლი, როგორც სიცხის დამწევი საშუალება 10 უნდა გავამრავლოთ 15-ზე და მივიღებთ 150-ს და შეგვიძლია მივაწოდოთ 150 მგ. პარაცეტამოლი საჭიროებისას შეგვიძლია გამოვიყენოთ 4 საათში ერთხელ. იბუპროფენის ჯგუფის მედიკამენტები შეგვიძლია გამოვიყენოთ 6 საათში ერთხელ, მაგრამ იბუპროფენი 5 მლგ-ით ნაკლები უნდა მივცეთ. დავუშვათ პატარა არის 10 კილო, მაშინ უნდა მივცეთ 10 მგ/კგ საჭიროებისას 6 საათში ერთხელ გამოვიყენოთ. სასურველია ესეც ვიცოდეთ, 3 თვემდე იბუპროპფენი არ ინიშნება ჰეპატოტოქსიურობის გამო, ამიტომ 0-დან 3 თვემდე ძირითადად ვირჩევთ პარაცეტამოლს სიცხის დამწევ საშუალებად, ხოლო 3 თვიდან უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე იბუპროფენი.
ესაუბრა თამთა შერმაზანაშვილი
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„თუ ბავშვი კოვიდ-19-ით დაინფიცირდა, დაავადების შემდეგ მეოთხე-მეექვსე კვირაზე ის აუცილებლად უნდა მიიყვანოთ პედიატრთან და კარდიოლოგთან,“ - კარდიოქირურგი დავით ბერიშვილი
ბავშვთა კარდიოქირურგი დავით ბერიშვილი მშობლებს ურჩევს კოვიდ-19-ით დაინფიცირებიდან მეოთხე-მეექვსე კვირაზე ბავშვი პედიატრს და კარდიოლოგს აჩვენონ, რათა რაიმე გართულება არ გამოეპაროთ:
„პირველ რიგში, უნდა დავიცვათ ბავშვები ინფექციისგან. თუ ეს მოხდა და ბავშვი დაინფიცირდა, აუცილებლად დაავადების შემდეგ მეოთხე ან მეექვსე კვირაზე ბავშვი აუცილებლად უნდა მიიყვანოთ პედიტრთან და კარდიოლოგთან დიაგნოსტიკაზე. ბავშვი უნდა მიიყვანოთ ბავშვთა კარდიოლოგთან. რატომ უნდა მოიქცეთ ასე? სამწუხაროდ, ჩვენ ახლა ვართ იმ ეტაპზე, როდესაც ყველა ბავშვთა ექიმს ეშინია იმ შედეგების, თუ რას მოიტანს კოვიდი. იწერება და ფაქტიც არის, რომ ბავშვებს უფრო ადვილად გადააქვთ კორონავირუსი, დაახლოებით, 5-7 %-ში ვითარდება უფრო რთულად.“
დავით ბერიშვილის თქმით, კოვიდისგან გამოჯანმრთელებულ ბავშვებში მოიმატა კავასაკის დაავადების მსგავსი სინდრომის რიცხვმა:
„ბავშვებში, რომლებმაც გადაიტანეს კოვიდი, მოიმატა კავასაკის დაავადების მსგავსი სინდრომის გამოვლენის შემთხვევებმა, რომელიც გამოიხატება საკმაოდ რთულად და მძიმედ. კოვიდ გადატანილ ბავშვებთან ის ვითარდება 1-დან 5 %-მდე. სამწუხაროდ, საქართველოშიც არის აღმოჩენილი რამდენიმე ბავშვი, ჩვენც ვნახეთ ეს ჩვენს კლინიკაში.“
დავით ბერიშვილი იმ სიმპტომებს აღწერს, რომელიც კავასაკის მსგავს სინდრომს ახასიათებს:
„აღნიშნული სინდრომის ძირითადი მაჩვენებელი არის დაავადების მეოთხე-მეექვსე კვირაზე ცხელება 24-დან 72 საათამდე. ცხელება არის საკმაოდ მაღალი, 38,5-39 და მეტი, გამონაყარი, მუცლისა და გულ-მკერდის ქვედა არეში ტკივილი. ეს არის ისეთი ტკივილი, რომელმაც შეიძლება ზოგადი ქირურგი შეცდომაში შეიყვანოს. ევროპულ ქვეყნებშიც ჩატარდა დიაგნოსტიკური ლაპარპოსკოპიები, რადგან ვერ არკვევდნენ, რატომ ჰქონდა ბავშვს ტკივილი. ეს ვირუსი იწვევს დიდ ცვლილებებს მიკროკაპილარებში, რის შედეგადაც იცვლება ორგანოები. შესაძლოა, იყოს ენცეფალოპათია, პერიკარდიტი, რაც ყველაზე ცუდია, შესაძლოა, იყოს კარდიომიოპათიები. კარდიომიოპათიები ხშირად გამოწვეულია ვირუსებით. მე ვგულისხმობ დილატაციურ კარდიომიოპათიას, რომელიც უფრო ხშირია ბავშვებში.“
„ბავშვებში გულის მანკების გამომწვევი არის ორსულობის 5-დან 10 კვირამდე ინფექციების გადატანა. ძირითადი არის ვირუსული ინფექციები, უფრო ნაკლებად ბაქტერიოლოგიური. ორსულმა, შესაძლოა, არც იავადმყოფოს დიდხანს, შეიძლება 2-3 დღე სურდო ჰქონდეს ან სიცხე, მაგრამ ამ დროს ბავშვი ყალიბდება. თითო უჯრედი თუ დაზიანდა, ის იყოფა ორად, შემდეგ თითოეული ისევ ორად და გეომეტრიული პროგრესიით ყალიბდება ანომალია,“ -აცხადებს დავით ბერიშვილი.