„გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას“ - რა უნდა ვიცოდეთ ბავშვებში ტემპერატურის ცვლილებაზე?
რამდენია ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა, როგორ უნდა მოვიქცეთ დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში, რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული, როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას - აღნიშნულ თემებზე MomsEdu.ge-ს პედიატრი და გადაუდებელი მედიცინის ექიმი თეო ტაბატაძე ესაუბრა.
- ქალბატონო თეო, თავიდანვე რომ განვმარტოთ, ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა რამდენია?
- ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა განისაზღვრება ასაკის მიხედვით. მაგალითად, 0-დან 3 თვემდე შესაძლებელია, 35.5-დან 37.2-მდე ჩავთვალოთ ნორმად. ასევე გასათვალისწინებელია გარემოება. ხანდახან მშობლები პატარას იმის გამო, რომ არ გაცივდეს, ზედმეტად თბილად აცმევენ, ბავშვის კანი კი ძალზე მგრძნობიარეა თერმორეგულაციის მიმართ. ამ დროს ხდება გადახურება და სხეულის ტემპერატურის მატება. ეს არის გარემოებით გამოწვეული ტემპერატურული რეაქცია. „გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას. თუ ტემპერატურა კვლავ ნარჩუნდება 37.5-37.6 და მეტი მაშინ უკვე უნდა ვეძებოთ სხვა მიზეზები.
- როგორ ვიქცევით დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში?
- ჰიპოთერმიად განიხილება 35 და ქვემოთ ტემპერატურა (35.1-35.2 არ ითვლება ჰიპოთერმიად). ჰიპოთერმიის დროს ბავშვი უნდა გავათბოთ თბილი საფენებით. თუ ბავშვს დალევა შეუძლია, მაშინ თბილი სითხეები უნდა შევთავაზოთ. თუ ჰიპოთერმია გრძელდება და ტემპერატურა ჩამოდის 35-ზე ქვემოთ, აუცილებლად უნდა მივმართოთ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტს.
- რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული?
- ჩვენს რეალობაში ციფრული თერმომეტრები არ გამოდგა ხარისხიანი, გამომდინარე იქიდან, რომ დიდია ცდომილება. კლინიკაში უპირატესობას ვანიჭებთ ვერცხლისწყლის თერმომეტრს.
- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ სიცხე ბანალური მიზეზითაა გამოწვეული და არა რომელიმე სერიოზული პრობლემით?
- ინფექციური მდგომარეობის დროს ცხელებას თან ახლავს ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, როგორიც არის მოდუნება, ძილიანობა, სითხის მიუღებლობა, ეს ყოველთვის აისახება პატარაზე, მას არ სურს თამაში, არ უხარია. თუ ბავშვი არ თამაშობს, არ შემოდის კონტაქტში, საკვებსა და სითხეებზე უარს გეუბნებათ და ტემპერატურა არის 37.5 - 37.6, ასეთ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფექციასთან გვაქვს საქმე.
- როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას, როგორ უნდა მართოს ცხელება მშობელმა ბინაზე სწორად?
- აქტუალური კითხვაა, თუ როდის უნდა მივცეთ პატარას სიცხის დამწევი საშუალება, არსებობს თუ არა რაიმე გარკვეული ციფრი? - შევჯერდით ექიმები, რომ ასეთი ციფრი არ არსებობს.
თუ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი - ვერ იღებს სითხეს, საკვებს, მოდუნებულია, მივარდნილია თუნდაც 37.5-ზე, ე.ი. მას აწუხებს სხეულის ასეთი ტემპერატურა და აუცილებლად უნდა მივაშველოთ დამწევი.
სიცხის დამწევ საშუალებად ვიყენებთ პარაცეტამოლს და იბუპროფენს. სიცხის დამწევს ვაწვდით არა ასაკის, არამედ კილოგრამის მიხედვით. რადგან ზოგიერთი 2 წლის პატარა შესაძლოა, იყოს 13 კილოგრამი ან ზოგიერთი - 18 კილოგრამი. მაგალითისთვის, გამოვთვალოთ. პარაცეტამოლი შეგვიძლია მივცეთ 15 მგ/კგ ე.ი. თუ პატარა არის 10 კილო და ჩვენ გვინდა მივაწოდოთ პარაცეტამოლი, როგორც სიცხის დამწევი საშუალება 10 უნდა გავამრავლოთ 15-ზე და მივიღებთ 150-ს და შეგვიძლია მივაწოდოთ 150 მგ. პარაცეტამოლი საჭიროებისას შეგვიძლია გამოვიყენოთ 4 საათში ერთხელ. იბუპროფენის ჯგუფის მედიკამენტები შეგვიძლია გამოვიყენოთ 6 საათში ერთხელ, მაგრამ იბუპროფენი 5 მლგ-ით ნაკლები უნდა მივცეთ. დავუშვათ პატარა არის 10 კილო, მაშინ უნდა მივცეთ 10 მგ/კგ საჭიროებისას 6 საათში ერთხელ გამოვიყენოთ. სასურველია ესეც ვიცოდეთ, 3 თვემდე იბუპროპფენი არ ინიშნება ჰეპატოტოქსიურობის გამო, ამიტომ 0-დან 3 თვემდე ძირითადად ვირჩევთ პარაცეტამოლს სიცხის დამწევ საშუალებად, ხოლო 3 თვიდან უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე იბუპროფენი.
ესაუბრა თამთა შერმაზანაშვილი
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„იმის ლოდინი სასწრაფო როდის მოვა და ტესტირებაზე გავარდნა არის აბსოლუტური აბსურდი,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე
პედიატრი თემურ მიქელაძე ბავშვებში კორონავირუსული ინფექციის მიმდინარეობის თავისებურებებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვირუსი პატარებში უმეტესად მსუბუქად მიმდინარეობს:
„რა თქმა უნდა, პნევმონია ყველასთან არ გამოიხატება. კოვიდ-19 ბავშვებში უსიმპტომოდ, მსუბუქად მიმდინარეობს 75 % შემთხვევაში. 20-22 %-მდე შემთხვევებში მიმდინარეობს საშუალო სიმძიმით. საშუალო სიმძიმის შემთხვევაში ბავშვებთან შეიძლება გამოიხატოს პნევმონია. ეს არის ვირუსული პნევმონია. ვირუსულ პნევმონიასაც აქვს თავისი სიმძიმის ნიშნები. ზოგიერთი შეიძლება იმართოს ბინაზე. თუ მას ემთხვევა ბაქტერიული პნევმონია, აუცილებელია მისი ჰოსპიტალიზაცია. როგორც ვთქვი, პნევმონიას აქვს სიმძიმის ნიშნები, ეს არის სუნთქვის სიხშირე, წლამდე ასაკში ცხელების გარეშე 60-ზე მეტია საყურადღებო. 50-ია ჩვეულებრივი პნევმონიის დროს, მძიმე პნევმონიის დროს, თუ 60-ზე მეტია, აუცილებლად უნდა გადავიყვანოთ დროულად სტაციონარში. სუნთქვის სიხშირე სწორად უნდა დათვალოს ექიმმაც და მშობელმაც.“
თემურ მიქელაძის თქმით, დისტანციურად პაციენტის მართვა სავსებით შესაძლებელია და ამისთვის ექიმებს სპეციალური გადამზადება არ სჭირდებათ:
„სულ იმაზეა საუბარი, როგორ შეიძლება დისტანციურად პაციენტის მართვა. არსებობს დისტანციური მართვის პროტოკოლები, როგორც ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე ამერიკის პედიატრთა აკადემიის მიერ. აქ სულ ლაპარაკია იმაზე, რატომ არ გადამზადდნენ ექიმები. რად უნდა ექიმს გადამზადება? პაცინეტი თვითონ გადაგამზადებს, თუ გჭირდება პაციენტის მართვა. ამას სჭირდება დღის განმავლობაში 3 საათით რაღაცის წაკითხვა, ინფორმაციის მიღება. მე არავის გადავუმზადებივარ და არც გადავმზადდები. მე თვითონ შემიძლია ინფორმაციის მოძიება, წაკითხვა და არ სჭირდება ამას დიდი ფილოსოფია.“
თემურ მიქელაძე აცხადებს, რომ ექიმების გაკრიტიკება იმის გამო, რომ ისინი ბინაზე არ მოდიან, სწორი მიდგომა არ არის:
„როდესაც ამბობენ, რომ ექიმი არ მოდის, ვერანაირად ვერ გააკრიტიკებთ ექიმებს, პნევმონიის დადგენა არის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე აღმოჩენის შედეგი და არა ჩვეულებრივ რენტგენზე. თუ ხარ ექიმი, შენ თვითონ უნდა გადაიმზადო შენი თავი. თუ ბავშვს სუნთქვა უძნელდება, პრევენციისთვის ვერაფერს გავაკეთებთ. ამ შემთხვევაში გააჩნია, როგორი იმუნური სისტემა აქვს ბავშვს. ბავშვებს ჩამოუყალიბებელი იმუნური სისტემა აქვთ, რის გამოც იმუნურ რეაქციებს დამაზიანებელი მოქმედება არ შეუძლია. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს კოვიდ-19 ბავშვებში მსუბუქად. მთავარია, რომ მშობელმა ბავშვს დროულად მიაქციოს ყურადღება.“
„მშობელმა უნდა დათვალოს ბავშვის სუნთქვის სიხშირე. ეს არის ელემენტარული. მე ვერ წარმომიდგენია, რომ რომელიმე ბავშვს არ ჰყავდეს პედიატრი. არ არსებობს ექიმი, რომელიც მშობელს არ უპასუხებს. ზოგ შემთხვევაში, კი ბატონო, დაკავებულია ტელეფონი. თუ ასეთი შემთხვევაა, მშობელს გადაურეკავს ექიმი. არ არის საჭირო ამისგან რაღაცის შექმნა. იმის ლოდინი ექიმი როდის მოვა, სასწრაფო როდის მოვა და ტესტირებაზე გავარდნა არის აბსოლუტური აბსურდი. უნდა შევაფასოთ ზოგადი მდგომარეობა. ბავშვი არის მივარდნილი, სითხეს ვერ იღებს, მაღალი ცხელება აქვს სამი და მეტი დღის განმავლობაში, არ ექვემდებარება სიცხის დამწევს, არის სუნთქვის უკმარისობის ნიშნები, ბავშვი ლეთარგიულია, ზოგ შემთხვევაში არის გაუწყლოვნება, ამ შემთხვევაში 112 ნახევარ საათში მოვა თქვენთან. თუ თქვენ დარეკავთ 112-ში იმის გამო, რომ ბავშვს 37 აქვს სიცხე და ექიმი გინდათ იმისთვის, რომ დაგაწყნაროთ, ამის გულისთვის არ უნდა დააკავოთ 112,“ - აცხადებს თემურ მიქელაძე.