„გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას“ - რა უნდა ვიცოდეთ ბავშვებში ტემპერატურის ცვლილებაზე?
რამდენია ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა, როგორ უნდა მოვიქცეთ დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში, რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული, როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას - აღნიშნულ თემებზე MomsEdu.ge-ს პედიატრი და გადაუდებელი მედიცინის ექიმი თეო ტაბატაძე ესაუბრა.
- ქალბატონო თეო, თავიდანვე რომ განვმარტოთ, ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა რამდენია?
- ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა განისაზღვრება ასაკის მიხედვით. მაგალითად, 0-დან 3 თვემდე შესაძლებელია, 35.5-დან 37.2-მდე ჩავთვალოთ ნორმად. ასევე გასათვალისწინებელია გარემოება. ხანდახან მშობლები პატარას იმის გამო, რომ არ გაცივდეს, ზედმეტად თბილად აცმევენ, ბავშვის კანი კი ძალზე მგრძნობიარეა თერმორეგულაციის მიმართ. ამ დროს ხდება გადახურება და სხეულის ტემპერატურის მატება. ეს არის გარემოებით გამოწვეული ტემპერატურული რეაქცია. „გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას. თუ ტემპერატურა კვლავ ნარჩუნდება 37.5-37.6 და მეტი მაშინ უკვე უნდა ვეძებოთ სხვა მიზეზები.
- როგორ ვიქცევით დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში?
- ჰიპოთერმიად განიხილება 35 და ქვემოთ ტემპერატურა (35.1-35.2 არ ითვლება ჰიპოთერმიად). ჰიპოთერმიის დროს ბავშვი უნდა გავათბოთ თბილი საფენებით. თუ ბავშვს დალევა შეუძლია, მაშინ თბილი სითხეები უნდა შევთავაზოთ. თუ ჰიპოთერმია გრძელდება და ტემპერატურა ჩამოდის 35-ზე ქვემოთ, აუცილებლად უნდა მივმართოთ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტს.
- რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული?
- ჩვენს რეალობაში ციფრული თერმომეტრები არ გამოდგა ხარისხიანი, გამომდინარე იქიდან, რომ დიდია ცდომილება. კლინიკაში უპირატესობას ვანიჭებთ ვერცხლისწყლის თერმომეტრს.
- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ სიცხე ბანალური მიზეზითაა გამოწვეული და არა რომელიმე სერიოზული პრობლემით?
- ინფექციური მდგომარეობის დროს ცხელებას თან ახლავს ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, როგორიც არის მოდუნება, ძილიანობა, სითხის მიუღებლობა, ეს ყოველთვის აისახება პატარაზე, მას არ სურს თამაში, არ უხარია. თუ ბავშვი არ თამაშობს, არ შემოდის კონტაქტში, საკვებსა და სითხეებზე უარს გეუბნებათ და ტემპერატურა არის 37.5 - 37.6, ასეთ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფექციასთან გვაქვს საქმე.
- როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას, როგორ უნდა მართოს ცხელება მშობელმა ბინაზე სწორად?
- აქტუალური კითხვაა, თუ როდის უნდა მივცეთ პატარას სიცხის დამწევი საშუალება, არსებობს თუ არა რაიმე გარკვეული ციფრი? - შევჯერდით ექიმები, რომ ასეთი ციფრი არ არსებობს.
თუ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი - ვერ იღებს სითხეს, საკვებს, მოდუნებულია, მივარდნილია თუნდაც 37.5-ზე, ე.ი. მას აწუხებს სხეულის ასეთი ტემპერატურა და აუცილებლად უნდა მივაშველოთ დამწევი.
სიცხის დამწევ საშუალებად ვიყენებთ პარაცეტამოლს და იბუპროფენს. სიცხის დამწევს ვაწვდით არა ასაკის, არამედ კილოგრამის მიხედვით. რადგან ზოგიერთი 2 წლის პატარა შესაძლოა, იყოს 13 კილოგრამი ან ზოგიერთი - 18 კილოგრამი. მაგალითისთვის, გამოვთვალოთ. პარაცეტამოლი შეგვიძლია მივცეთ 15 მგ/კგ ე.ი. თუ პატარა არის 10 კილო და ჩვენ გვინდა მივაწოდოთ პარაცეტამოლი, როგორც სიცხის დამწევი საშუალება 10 უნდა გავამრავლოთ 15-ზე და მივიღებთ 150-ს და შეგვიძლია მივაწოდოთ 150 მგ. პარაცეტამოლი საჭიროებისას შეგვიძლია გამოვიყენოთ 4 საათში ერთხელ. იბუპროფენის ჯგუფის მედიკამენტები შეგვიძლია გამოვიყენოთ 6 საათში ერთხელ, მაგრამ იბუპროფენი 5 მლგ-ით ნაკლები უნდა მივცეთ. დავუშვათ პატარა არის 10 კილო, მაშინ უნდა მივცეთ 10 მგ/კგ საჭიროებისას 6 საათში ერთხელ გამოვიყენოთ. სასურველია ესეც ვიცოდეთ, 3 თვემდე იბუპროპფენი არ ინიშნება ჰეპატოტოქსიურობის გამო, ამიტომ 0-დან 3 თვემდე ძირითადად ვირჩევთ პარაცეტამოლს სიცხის დამწევ საშუალებად, ხოლო 3 თვიდან უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე იბუპროფენი.
ესაუბრა თამთა შერმაზანაშვილი
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
ორსულობის დროს მხედველობის პრობლემები ხშირია და ძირითადად მშობიარობის შემდგომ პერიოდში აღდგება, თუმცა გარკვეულ შემთხვევაში შეიძლება მიუთითებდეს სხვა ორგანოს დაავადებასაც
ექიმი-ოფთალმოლოგი ზურა ღლონტი ორსულობის დროს მხედველობის პრობლემების შესახებ საუბრობს.
ქალის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი არის ორსულობა და მშობიარობა. ამ დროს ორგანიზმში მიმდინარეობს ჰორმონალური ცვლილებები, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს თვალსა და მხედველობაზე. ორსულობის დროს მხედველობის პრობლემები ხშირია და ძირითადად მშობიარობის შემდგომ პერიოდში აღდგება, თუმცა გარკვეულ შემთხვევაში შეიძლება მიუთითებდეს სხვა ორგანოს დაავადებასაც. აქედან გამომდინარე, ორსულობის პერიოდში ოფთალმოლოგიური გამოკვლევა არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ის პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გუგის გასაფართოებლად (ატროპინი ან ტროპიკამიდი) არ წარმოადგენს საფრთხეს ორსულისთვისა და ნაყოფისთვის.
სავარაუდო ცვლილებები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს ორსულობის დროს:
1. რქოვანა - თვალის გარეთა გამჭვირვალე ნაწილი. ჰორმონალურმა ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს რქოვანა გარსის გარდამტეხი ძალის ცვლილება ან მისი შეშუპება. ასევე ხშირია მშრალი თვალის სინდრომი. ამ დროს ორსული პაციენტები უჩივიან მხედველობის დაქვეითებას და დისკომფორტის შეგრძნებას თვალის არეში. ამ დროს არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზის ხმარება. დამატენიანებელი წვეთები უნდა შეირჩეს ოფთალმოლოგის მიერ.
2. მხედველობის დაქვეითება - შეიძლება უფრო სერიოზულ დაავადებას მიუთითებდეს, როგორიცაა მაგ: ცენტრალური სეროზული რეტინოპათია, პრე-ეკლამფსიით ან ეკლამფსიით გამოწვეული რეტინოპათია, მაკულის შეშუპება და მწვავე იშემიური ოპტიკური ნევრიტი. ამიტომ ყველა ორსული აუცილებლად უნდა იყოს გამოკლვეული ოფთალმოლოგის მიერ.
3. საშუალო და მაღალი ხარისხის მიოპია / ახლომხედველობა - ხშირად მიოპი ორსულების სურვილია მშობიარობა ჩატარდეს საკეისრო კვეთით იმის შიშით, რომ არ მოხდეს ბადურა გარსის ჩამოცლა და მხედველობის დაქვეითება. ბადურის პერიფერია უნდა დათვალიერდეს ოფთალმოლოგის მიერ. ნახეთქის, გათხელების ან დეგენერაციული უბნის არსებობის შემთხვევაში რეკომენდებულია ლაზერით გამაგრება მშობიარობამდე. ეს პროცედურაც აბსოლიტურად უსაფრთხოა პაციენტისა და ნაყოფისთვის. წარმატებულად ჩატარებული პროცედურის შემდეგ ორსულს შეუძლია ბუნებრივად იმშობიაროს. განსაკუთრებულ ყურადღებას და ოფთალმოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას საჭიროებენ ორსული პაციენტები, ვისაც აქვს დიაბეტი, ჰიპერტენზია, გლაუკომა ან ჰიპოფიზის ადენომა.
რჩევები თვალის წვეთებთან დაკავშირებით:
ანტი გლაუკომური წვეთები, განსაკუთრებით ბეტა ბლოკატორები მაქსიმალურად მცირე დოზით უნდა დაინიშნოს პირველი ტრიმესტრის განმავლობაში, ხოლო მშობიარობამდე 2-3 დღით ადრე სრულად უნდა მოიხსნას.
ადგილობრივი და სისტემური კარბონული ანჰიდრაზას ინჰიბიტორები კი ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული. პრეპარატები, რომელიც გამოიყენება ოფთალმოლოგიური გამოკვლევის დროს (მაგ: ატროპინი, ტროპიკამიდი, ტეტრაკაინი) ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში უსაფრთხოა და არ არის უკუნაჩვენები.
არ არის რეკომენდებული სტეროიდისა და ანტიბიოტიკის შემცვლელი თვალის წვეთების გამოყენება ოფთალმოლოგის კონსულტაციის გარეშე.