„გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას“ - რა უნდა ვიცოდეთ ბავშვებში ტემპერატურის ცვლილებაზე?
რამდენია ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა, როგორ უნდა მოვიქცეთ დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში, რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული, როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას - აღნიშნულ თემებზე MomsEdu.ge-ს პედიატრი და გადაუდებელი მედიცინის ექიმი თეო ტაბატაძე ესაუბრა.
- ქალბატონო თეო, თავიდანვე რომ განვმარტოთ, ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა რამდენია?
- ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა განისაზღვრება ასაკის მიხედვით. მაგალითად, 0-დან 3 თვემდე შესაძლებელია, 35.5-დან 37.2-მდე ჩავთვალოთ ნორმად. ასევე გასათვალისწინებელია გარემოება. ხანდახან მშობლები პატარას იმის გამო, რომ არ გაცივდეს, ზედმეტად თბილად აცმევენ, ბავშვის კანი კი ძალზე მგრძნობიარეა თერმორეგულაციის მიმართ. ამ დროს ხდება გადახურება და სხეულის ტემპერატურის მატება. ეს არის გარემოებით გამოწვეული ტემპერატურული რეაქცია. „გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას. თუ ტემპერატურა კვლავ ნარჩუნდება 37.5-37.6 და მეტი მაშინ უკვე უნდა ვეძებოთ სხვა მიზეზები.
- როგორ ვიქცევით დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში?
- ჰიპოთერმიად განიხილება 35 და ქვემოთ ტემპერატურა (35.1-35.2 არ ითვლება ჰიპოთერმიად). ჰიპოთერმიის დროს ბავშვი უნდა გავათბოთ თბილი საფენებით. თუ ბავშვს დალევა შეუძლია, მაშინ თბილი სითხეები უნდა შევთავაზოთ. თუ ჰიპოთერმია გრძელდება და ტემპერატურა ჩამოდის 35-ზე ქვემოთ, აუცილებლად უნდა მივმართოთ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტს.
- რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული?
- ჩვენს რეალობაში ციფრული თერმომეტრები არ გამოდგა ხარისხიანი, გამომდინარე იქიდან, რომ დიდია ცდომილება. კლინიკაში უპირატესობას ვანიჭებთ ვერცხლისწყლის თერმომეტრს.
- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ სიცხე ბანალური მიზეზითაა გამოწვეული და არა რომელიმე სერიოზული პრობლემით?
- ინფექციური მდგომარეობის დროს ცხელებას თან ახლავს ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, როგორიც არის მოდუნება, ძილიანობა, სითხის მიუღებლობა, ეს ყოველთვის აისახება პატარაზე, მას არ სურს თამაში, არ უხარია. თუ ბავშვი არ თამაშობს, არ შემოდის კონტაქტში, საკვებსა და სითხეებზე უარს გეუბნებათ და ტემპერატურა არის 37.5 - 37.6, ასეთ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფექციასთან გვაქვს საქმე.
- როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას, როგორ უნდა მართოს ცხელება მშობელმა ბინაზე სწორად?
- აქტუალური კითხვაა, თუ როდის უნდა მივცეთ პატარას სიცხის დამწევი საშუალება, არსებობს თუ არა რაიმე გარკვეული ციფრი? - შევჯერდით ექიმები, რომ ასეთი ციფრი არ არსებობს.
თუ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი - ვერ იღებს სითხეს, საკვებს, მოდუნებულია, მივარდნილია თუნდაც 37.5-ზე, ე.ი. მას აწუხებს სხეულის ასეთი ტემპერატურა და აუცილებლად უნდა მივაშველოთ დამწევი.
სიცხის დამწევ საშუალებად ვიყენებთ პარაცეტამოლს და იბუპროფენს. სიცხის დამწევს ვაწვდით არა ასაკის, არამედ კილოგრამის მიხედვით. რადგან ზოგიერთი 2 წლის პატარა შესაძლოა, იყოს 13 კილოგრამი ან ზოგიერთი - 18 კილოგრამი. მაგალითისთვის, გამოვთვალოთ. პარაცეტამოლი შეგვიძლია მივცეთ 15 მგ/კგ ე.ი. თუ პატარა არის 10 კილო და ჩვენ გვინდა მივაწოდოთ პარაცეტამოლი, როგორც სიცხის დამწევი საშუალება 10 უნდა გავამრავლოთ 15-ზე და მივიღებთ 150-ს და შეგვიძლია მივაწოდოთ 150 მგ. პარაცეტამოლი საჭიროებისას შეგვიძლია გამოვიყენოთ 4 საათში ერთხელ. იბუპროფენის ჯგუფის მედიკამენტები შეგვიძლია გამოვიყენოთ 6 საათში ერთხელ, მაგრამ იბუპროფენი 5 მლგ-ით ნაკლები უნდა მივცეთ. დავუშვათ პატარა არის 10 კილო, მაშინ უნდა მივცეთ 10 მგ/კგ საჭიროებისას 6 საათში ერთხელ გამოვიყენოთ. სასურველია ესეც ვიცოდეთ, 3 თვემდე იბუპროპფენი არ ინიშნება ჰეპატოტოქსიურობის გამო, ამიტომ 0-დან 3 თვემდე ძირითადად ვირჩევთ პარაცეტამოლს სიცხის დამწევ საშუალებად, ხოლო 3 თვიდან უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე იბუპროფენი.
ესაუბრა თამთა შერმაზანაშვილი
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
მაიონეზის ჩანაცვლება სალათებში შესაძლებელია ლიმონის წვენით ან გაწურული მაწვნით - რით ჩავანაცვლოთ არაჯანსაღი პროდუქტები, რომ წონაში დავიკლოთ
დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ჩვენი წინა რუბრიკის მიმართ დიდი ინტერესის გამო ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა დღეს ჩამოგითვლით იმ 10 პროდუქტს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ჩანაცვლდეს წინა სტატიაში ჩამოთვლილი ტოპ 10 საკვები პროდუქტი, რომლებიც წონაში სწრაფად მატებას იწვევს.
ნაღების კარაქი შესაძლებელია ჩანაცვლდეს ავოკადოთი - მდიდარია ცხიმითა და ვიტამინებით. მის შემადგენლობაშია ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავა. შეიცავს B ჯგუფის, C, K, E, A, D, PP ვიტამინებს, თუთიას, სპილენძს, სელენს, კალციუმს, ფოსფორს, რკინას, მაგნიუმს, საკვებ ბოჭკოებს. არ შეიცავს ქოლესტერინს და ნატრიუმს.
მაიონეზის ჩანაცვლება სალათებში თავისუფლად შესაძლებელია ლიმონის წვენით ან გაწურული მაწვნით - საკვები პროდუქტი ამ მეთოდით გახდება ბევრად სასარგებლო და ჯანსაღი.
ჩიფსები შესაძლებელია ჩანაცვლდეს ჩირეულით (ქლიავი, ვაშლი და ა.შ), ჩირეული თავისუფლად შეიძლება გამოვიყენოთ ბავშვთა რაციონშიც.
შემწვარი ხორცი უნდა ჩავანაცვლოთ მოხარშული ხორცით, ცხიმის ნაკლები შემცველობის გამო პროდუქტი იქნება ჯანსაღი და სასარგებლო.
ტკბილეული - შეგვიძლია მივირთვათ მაღალპროცენტიანი შავი შოკოლადი. 25 გრამი შავი შოკოლადი ის რაოდენობაა, რომელიც ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლის დროსაც კი დასაშვებია.
ცხიმიანი რძის ნაწარმის ნაცვლად მივირთვათ უცხიმო რძის ნაწარმი, რითაც ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას ავირიდებთ.
ძეხვეული და სოსისის ნაცვლად სასურველი და სასარგებლოა, მივიღოთ ზღვის პროდუქტები.
ტკბილი გაზიანი სასმელები ჩავანაცვლოთ არატკბილი გაზიანი სასმელებით, ზოგადად სასურველია, მივიღოთ გაზგასული მინერალური წყალი, რადგან გაზიანი სასმელები კუჭს მოცულობაში ზრდიან და ადამიანს კიდევ უფრო მეტი საკვების მირთმევის სურვილი უჩნდება.
შემწვარი კარტოფილი ჩავანცვლოთ მოხარშული კარტოფილით, თუმცა კარტოფილთან დაკავშირებით სასურველია, უფრო თავშკავებულნი ვიყოთ მისი მაღალ კალორიულობის გამო, ხოლო თუ არჩევანზეა, აუცილებლად უპირატესობა მის მოხარშულ ვერსიას მივანიჭოთ.
რაც შეეხება ალკოჰოლს, ალკოჰოლური სასმელის ალტერნატივას ვერ შემოგთავაზებთ, სასურველია, ორგანიზმს მივაწოდოთ ახლადდაწურული ხილის წვენები და მივიღოთ რაც შეიძლება მეტი ონკანის წყალი.
ბოლოს ხაზგასმით უნდა აღვნშნოთ ისევ, რომ წონის მატება შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა პროდუქტმა თუ მას გამოვიყენებთ განუზომელი რაოდენობით.