„გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას“ - რა უნდა ვიცოდეთ ბავშვებში ტემპერატურის ცვლილებაზე?
რამდენია ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა, როგორ უნდა მოვიქცეთ დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში, რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული, როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას - აღნიშნულ თემებზე MomsEdu.ge-ს პედიატრი და გადაუდებელი მედიცინის ექიმი თეო ტაბატაძე ესაუბრა.
- ქალბატონო თეო, თავიდანვე რომ განვმარტოთ, ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა რამდენია?
- ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა განისაზღვრება ასაკის მიხედვით. მაგალითად, 0-დან 3 თვემდე შესაძლებელია, 35.5-დან 37.2-მდე ჩავთვალოთ ნორმად. ასევე გასათვალისწინებელია გარემოება. ხანდახან მშობლები პატარას იმის გამო, რომ არ გაცივდეს, ზედმეტად თბილად აცმევენ, ბავშვის კანი კი ძალზე მგრძნობიარეა თერმორეგულაციის მიმართ. ამ დროს ხდება გადახურება და სხეულის ტემპერატურის მატება. ეს არის გარემოებით გამოწვეული ტემპერატურული რეაქცია. „გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას. თუ ტემპერატურა კვლავ ნარჩუნდება 37.5-37.6 და მეტი მაშინ უკვე უნდა ვეძებოთ სხვა მიზეზები.
- როგორ ვიქცევით დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში?
- ჰიპოთერმიად განიხილება 35 და ქვემოთ ტემპერატურა (35.1-35.2 არ ითვლება ჰიპოთერმიად). ჰიპოთერმიის დროს ბავშვი უნდა გავათბოთ თბილი საფენებით. თუ ბავშვს დალევა შეუძლია, მაშინ თბილი სითხეები უნდა შევთავაზოთ. თუ ჰიპოთერმია გრძელდება და ტემპერატურა ჩამოდის 35-ზე ქვემოთ, აუცილებლად უნდა მივმართოთ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტს.
- რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული?
- ჩვენს რეალობაში ციფრული თერმომეტრები არ გამოდგა ხარისხიანი, გამომდინარე იქიდან, რომ დიდია ცდომილება. კლინიკაში უპირატესობას ვანიჭებთ ვერცხლისწყლის თერმომეტრს.
- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ სიცხე ბანალური მიზეზითაა გამოწვეული და არა რომელიმე სერიოზული პრობლემით?
- ინფექციური მდგომარეობის დროს ცხელებას თან ახლავს ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, როგორიც არის მოდუნება, ძილიანობა, სითხის მიუღებლობა, ეს ყოველთვის აისახება პატარაზე, მას არ სურს თამაში, არ უხარია. თუ ბავშვი არ თამაშობს, არ შემოდის კონტაქტში, საკვებსა და სითხეებზე უარს გეუბნებათ და ტემპერატურა არის 37.5 - 37.6, ასეთ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფექციასთან გვაქვს საქმე.
- როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას, როგორ უნდა მართოს ცხელება მშობელმა ბინაზე სწორად?
- აქტუალური კითხვაა, თუ როდის უნდა მივცეთ პატარას სიცხის დამწევი საშუალება, არსებობს თუ არა რაიმე გარკვეული ციფრი? - შევჯერდით ექიმები, რომ ასეთი ციფრი არ არსებობს.
თუ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი - ვერ იღებს სითხეს, საკვებს, მოდუნებულია, მივარდნილია თუნდაც 37.5-ზე, ე.ი. მას აწუხებს სხეულის ასეთი ტემპერატურა და აუცილებლად უნდა მივაშველოთ დამწევი.
სიცხის დამწევ საშუალებად ვიყენებთ პარაცეტამოლს და იბუპროფენს. სიცხის დამწევს ვაწვდით არა ასაკის, არამედ კილოგრამის მიხედვით. რადგან ზოგიერთი 2 წლის პატარა შესაძლოა, იყოს 13 კილოგრამი ან ზოგიერთი - 18 კილოგრამი. მაგალითისთვის, გამოვთვალოთ. პარაცეტამოლი შეგვიძლია მივცეთ 15 მგ/კგ ე.ი. თუ პატარა არის 10 კილო და ჩვენ გვინდა მივაწოდოთ პარაცეტამოლი, როგორც სიცხის დამწევი საშუალება 10 უნდა გავამრავლოთ 15-ზე და მივიღებთ 150-ს და შეგვიძლია მივაწოდოთ 150 მგ. პარაცეტამოლი საჭიროებისას შეგვიძლია გამოვიყენოთ 4 საათში ერთხელ. იბუპროფენის ჯგუფის მედიკამენტები შეგვიძლია გამოვიყენოთ 6 საათში ერთხელ, მაგრამ იბუპროფენი 5 მლგ-ით ნაკლები უნდა მივცეთ. დავუშვათ პატარა არის 10 კილო, მაშინ უნდა მივცეთ 10 მგ/კგ საჭიროებისას 6 საათში ერთხელ გამოვიყენოთ. სასურველია ესეც ვიცოდეთ, 3 თვემდე იბუპროპფენი არ ინიშნება ჰეპატოტოქსიურობის გამო, ამიტომ 0-დან 3 თვემდე ძირითადად ვირჩევთ პარაცეტამოლს სიცხის დამწევ საშუალებად, ხოლო 3 თვიდან უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე იბუპროფენი.
ესაუბრა თამთა შერმაზანაშვილი
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„მარტო კალორიები არაფერს არ ნიშნავს, შეიძლება კალორიული პროდუქტი ისე მოამზადო, რომ დანაყრდე და წონაში არ მოიმატო,“- ნატა გაგუა
დიეტოლოგმა ნატა გაგუამ ჯანსაღი კვების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ჯანსაღი პროდუქტების მოძიება საქართველოში ნამდვილად შესაძლებელია, თუ მოვინდომებთ:
„ჯანსაღ კვებას რაც შეეხება, ხშირად მოუწერიათ ჩემთვის სოციალურ ქსელში: „თქვენ ჯანსაღ კვებაზე რომ საუბრობთ, სად არის ეს ჯანსაღი პროდუქტები?“ მე ვთვლი, პირადად ჩემი, როგორც რიგითი მომხმარებლის გამოცდილებიდან, რომ დღეს, თუ ძალიან გვინდა, ვპოულობთ ჯანსაღ პროდუქტებს, საქართველოში გვაქვს ამის ფუფუნება. შეიძლება ისე მოამზადო ეს პროდუქტი, რომ საერთოდ დაუკარგო ის დადებითი თვისებები. შეიძლება კალორიული პროდუქტი აიღო და ისე მოამზადო, რომ დანაყრდე კიდეც და წონაში არ მოიმატო.“
ნატა გაგუას თქმით, კალორიები არაფერს ნიშნავს, მთავარია როდის და რამდენს მივირთმევთ:
„მარტო კალორიები არაფერს არ ნიშნავს. ყველი თურმე არ შეიძლება. ყველი შეიძლება, გააჩნია როდის, რამდენი და რასთან ერთად. ახლა ბევრმა უკვე ამოიღო ცხოველური საკვები. ასეთი ტენდენცია წამოვიდა. თუ ზრდასრულია ადამიანი, არც ეს არის საშიში. აქაც მთავარია ზომიერება, რომ ადამიანმა გააზრებულად მოიფიქროს თავისი რაციონი, რომ არ დაკარგოს ცილები, არ დაუვარდეს ჰემოგლობინი. ბუნება ამის ფუფუნებას გვაძლევს. ბუნებაში ყველა პროდუქტი რაღაცით გამორჩეულად კარგია.“
ნატა გაგუას თქმით, თუ ბავშვს წონაში დაკლება უნდა, ეს ცუდი არ არის, თუ ის უფროსების იძულებით არ მისულა აღნიშნულ დასკვნამდე:
„ბავშვი სარკეა. ის ან დედას ბაძავს, ან დეიდას. რატომ უნდა გახდომა არ იცის, მაგრამ კარგი რომაა იცის. ცუდი არ არის, რომ ბავშვს უნდა კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ ეს როგორ იქნება მიწოდებული, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თუ არჩევანი მისია, ეს მაშინ სწორია. თუ ეს მოხვეულია თავზე, მოჰყავს დედას იძულებით და ბავშვი საერთოდ არ გისმენს, მაშინ ჯერ ბავშვი უნდა გამოიყვანონ ამ ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან.“
„ორგანიზმი თუ ტკბილს გთხოვთ, ეს კარგია. ე.ი. ის გკარნახობთ, არ გაქვთ გათიშული კავშირი. როდესაც ადამიანი გრძნობს გარკვეულ პროდუქტებზე, შოკოლაზე, ყველზე, რომ ვერ აკონტროლებს, უნდა დააწესოთ თქვენი წესები. არ არის აუცილებელი მაინცდამაინც მინიმალური დოზები. თუ შოკოლადია ბევრი, ხილი შეგიძლიათ იმ დღეს შეამციროთ. თუ ცომი გინდათ იმ დღეს, ცომში ბევრი ქრომია და სასარგებლოა ხანდახან, თეთრი პურიც დასაშვებია. პურის საერთოდ ამოღება არ შეიძლება. უსაფუარო პური ამ დროს უფრო ეფექტიანია. დედას პურში, მაგალითად, არის საფუარი, რომელიც ძალიან ჯანსაღად ითვლება, თან გემრიელია და კარგად ანაყრებს. ყველა ჯანსაღი პროდუქტი, თუ ის სწორად არის მომზადებული, ანაყრებს კარგად. თუ სწრაფად გშივდება, ეს იმის ნიშანია, რომ პროდუქტი და კერძი მოკლებულია იმ მთავარს, რის გამოც ბუნებაში გვაქვს ეს შიმშილის გრძნობა,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნატა გაგუამ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შუადღე GDS” ისაუბრა.