„გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას“ - რა უნდა ვიცოდეთ ბავშვებში ტემპერატურის ცვლილებაზე?
რამდენია ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა, როგორ უნდა მოვიქცეთ დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში, რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული, როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას - აღნიშნულ თემებზე MomsEdu.ge-ს პედიატრი და გადაუდებელი მედიცინის ექიმი თეო ტაბატაძე ესაუბრა.
- ქალბატონო თეო, თავიდანვე რომ განვმარტოთ, ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა რამდენია?
- ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა განისაზღვრება ასაკის მიხედვით. მაგალითად, 0-დან 3 თვემდე შესაძლებელია, 35.5-დან 37.2-მდე ჩავთვალოთ ნორმად. ასევე გასათვალისწინებელია გარემოება. ხანდახან მშობლები პატარას იმის გამო, რომ არ გაცივდეს, ზედმეტად თბილად აცმევენ, ბავშვის კანი კი ძალზე მგრძნობიარეა თერმორეგულაციის მიმართ. ამ დროს ხდება გადახურება და სხეულის ტემპერატურის მატება. ეს არის გარემოებით გამოწვეული ტემპერატურული რეაქცია. „გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას. თუ ტემპერატურა კვლავ ნარჩუნდება 37.5-37.6 და მეტი მაშინ უკვე უნდა ვეძებოთ სხვა მიზეზები.
- როგორ ვიქცევით დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში?
- ჰიპოთერმიად განიხილება 35 და ქვემოთ ტემპერატურა (35.1-35.2 არ ითვლება ჰიპოთერმიად). ჰიპოთერმიის დროს ბავშვი უნდა გავათბოთ თბილი საფენებით. თუ ბავშვს დალევა შეუძლია, მაშინ თბილი სითხეები უნდა შევთავაზოთ. თუ ჰიპოთერმია გრძელდება და ტემპერატურა ჩამოდის 35-ზე ქვემოთ, აუცილებლად უნდა მივმართოთ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტს.
- რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული?
- ჩვენს რეალობაში ციფრული თერმომეტრები არ გამოდგა ხარისხიანი, გამომდინარე იქიდან, რომ დიდია ცდომილება. კლინიკაში უპირატესობას ვანიჭებთ ვერცხლისწყლის თერმომეტრს.
- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ სიცხე ბანალური მიზეზითაა გამოწვეული და არა რომელიმე სერიოზული პრობლემით?
- ინფექციური მდგომარეობის დროს ცხელებას თან ახლავს ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, როგორიც არის მოდუნება, ძილიანობა, სითხის მიუღებლობა, ეს ყოველთვის აისახება პატარაზე, მას არ სურს თამაში, არ უხარია. თუ ბავშვი არ თამაშობს, არ შემოდის კონტაქტში, საკვებსა და სითხეებზე უარს გეუბნებათ და ტემპერატურა არის 37.5 - 37.6, ასეთ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფექციასთან გვაქვს საქმე.
- როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას, როგორ უნდა მართოს ცხელება მშობელმა ბინაზე სწორად?
- აქტუალური კითხვაა, თუ როდის უნდა მივცეთ პატარას სიცხის დამწევი საშუალება, არსებობს თუ არა რაიმე გარკვეული ციფრი? - შევჯერდით ექიმები, რომ ასეთი ციფრი არ არსებობს.
თუ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი - ვერ იღებს სითხეს, საკვებს, მოდუნებულია, მივარდნილია თუნდაც 37.5-ზე, ე.ი. მას აწუხებს სხეულის ასეთი ტემპერატურა და აუცილებლად უნდა მივაშველოთ დამწევი.
სიცხის დამწევ საშუალებად ვიყენებთ პარაცეტამოლს და იბუპროფენს. სიცხის დამწევს ვაწვდით არა ასაკის, არამედ კილოგრამის მიხედვით. რადგან ზოგიერთი 2 წლის პატარა შესაძლოა, იყოს 13 კილოგრამი ან ზოგიერთი - 18 კილოგრამი. მაგალითისთვის, გამოვთვალოთ. პარაცეტამოლი შეგვიძლია მივცეთ 15 მგ/კგ ე.ი. თუ პატარა არის 10 კილო და ჩვენ გვინდა მივაწოდოთ პარაცეტამოლი, როგორც სიცხის დამწევი საშუალება 10 უნდა გავამრავლოთ 15-ზე და მივიღებთ 150-ს და შეგვიძლია მივაწოდოთ 150 მგ. პარაცეტამოლი საჭიროებისას შეგვიძლია გამოვიყენოთ 4 საათში ერთხელ. იბუპროფენის ჯგუფის მედიკამენტები შეგვიძლია გამოვიყენოთ 6 საათში ერთხელ, მაგრამ იბუპროფენი 5 მლგ-ით ნაკლები უნდა მივცეთ. დავუშვათ პატარა არის 10 კილო, მაშინ უნდა მივცეთ 10 მგ/კგ საჭიროებისას 6 საათში ერთხელ გამოვიყენოთ. სასურველია ესეც ვიცოდეთ, 3 თვემდე იბუპროპფენი არ ინიშნება ჰეპატოტოქსიურობის გამო, ამიტომ 0-დან 3 თვემდე ძირითადად ვირჩევთ პარაცეტამოლს სიცხის დამწევ საშუალებად, ხოლო 3 თვიდან უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე იბუპროფენი.
ესაუბრა თამთა შერმაზანაშვილი
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„რაც ნაკლებს ტირის ბავშვი, მით უკეთესად ვითარდება ის, ამიტომ ჩვენ მყისიერად უნდა ვუპასუხოთ მის ტირილს,“ - ქეთი ნემსაძე
პედიატრმა ქეთი ნემსაძემ მშობლების მხრიდან ბავშვის განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ უფროსებს პატარების შექების არ უნდა შეეშინდეთ:
„ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს შექების. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ შექება არის ყველაზე კარგი სტიმული განვითარებისთვის. ადამიანს შექება ყოველთვის სჭირდება. როდესაც არის ხასიათობრივი აფეთქება, ბავშვმა ვერ მიაღწია იმას, რაც უნდოდა, ის არის უმწეო ამ შემთხვევაში. რას აკეთებს ის ამ დროს? წვება იატაკზე და გამოხატავს თავის პროტესტს, სხვანაირად ვერ მართავს, სხვანაირად ვერ მიდის საბოლოო მიზნამდე. რაც ნაკლებს ტირის ბავშვი, მით უკეთესად ვითარდება ის. ამიტომ ჩვენ მყისიერად უნდა ვუპასუხოთ მის ტირილს, შევძლოთ მისი გონივრული კორეგირება.“
ქეთი ნემსაძემ აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის პრობლემების მხრივ ბიჭები უფრო სუსტები არიან, ვიდრე გოგონები:
„ჯანმრთელობის პრობლემების თვალსაზრისით, ბიჭები ბიოლოგიურად უფრო სუსტები არიან, ეს ფაქტია. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ ისინი უფრო ხშირად ავადობდნენ. მინდა გითხრათ კვლევის შესახებ, რომელიც ჩატარდა პენსილვანიის უნივერსიტეტში. მათ შეისწავლეს რა ტიპის სიმსივნეები იყო ქალბატონებში გავრცელებული გარკვეულ ასაკში. აღმოჩნდა, რომ ქალბატონებს, რომლებსაც ჰყავდათ ვაჟები, მათში უფრო ნაკლები იყო ონკოლოგიური დაავადებები და უფრო ნაკლები აგრესიულობით მიდიოდა. შემდგომში მათ აღმოაჩინეს ის ღეროვანი უჯრედები, რომლებსაც ნაყოფი ბიჭი აძლევს დედას, რაც მისი პროტექტორია მომავალი ონკოლოგიური სიმსივნეებისგან.“
ქეთი ნემსაძის თქმით, ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და ის სხვა ბავშვს არასდროს უნდა შევადაროთ:
„ბავშვს აქვს უფლება იყოს განსაკუთრებული, ინდივიდუალური. არასდროს ის არ უნდა შეადარონ სხვა ბავშვს. ბავშვს უნდა ჰქონდეს არჩევანის უფლება, მას უნდა ჰქონდეს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, თუნდაც ის იყოს წლინახევრის ასაკის. როდესაც ამ ადამიანს უკვე ეძახიან უფროსს და როდესაც მისი მორალური კრედო ჯერ არის: „რაც კარგია, ჩემია,“ უკვე ჩნდება უმცროსი და უხსნიან, რომ მას უნდა დაუთმოს ან იქ უფრო მეტი მოფერებაა, ის ეჭვიანობს. მე ვფიქრობ, მას უნდა აუხსნან, რომ უმცროსი არის სხვა, მას აქვს თავისი განსაკუთრებული ადგილი, რომელსაც ვერასდროს ვერავინ ვერ დაიკავებს. ჩვენ ბავშვს უნდა მოვუსმინოთ და მისი აზრი გავითვალისწინოთ.“
„ბავშვები ძალიან კარგ აზრებს გამოთქვამენ. არასდროს არ უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვს მოვახვიოთ ჩვენი აზრი. ჯერ მოვუსმინოთ ბავშვს და შემდეგ გონივრული კორეგირება მოვახდინოთ. ამ შემთხვევაში მე მახსენდება ნიუტონი, რომელმაც აღმოაჩინა მიზიდულობის კანონი. ამბობენ, რომ მან ეს კანონი აღმოაჩინა უფრო ადრე, მაგრამ მასწავლებელი გაუჯავრდა, ნუ უყურებ ვაშლის ხეს, გაკვეთილზე შემოდიო,“ - აღნიშნულ საკითხებზე ქეთი ნემსაძემ ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში ისაუბრა.