„გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას“ - რა უნდა ვიცოდეთ ბავშვებში ტემპერატურის ცვლილებაზე?
რამდენია ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა, როგორ უნდა მოვიქცეთ დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში, რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული, როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას - აღნიშნულ თემებზე MomsEdu.ge-ს პედიატრი და გადაუდებელი მედიცინის ექიმი თეო ტაბატაძე ესაუბრა.
- ქალბატონო თეო, თავიდანვე რომ განვმარტოთ, ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა რამდენია?
- ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა განისაზღვრება ასაკის მიხედვით. მაგალითად, 0-დან 3 თვემდე შესაძლებელია, 35.5-დან 37.2-მდე ჩავთვალოთ ნორმად. ასევე გასათვალისწინებელია გარემოება. ხანდახან მშობლები პატარას იმის გამო, რომ არ გაცივდეს, ზედმეტად თბილად აცმევენ, ბავშვის კანი კი ძალზე მგრძნობიარეა თერმორეგულაციის მიმართ. ამ დროს ხდება გადახურება და სხეულის ტემპერატურის მატება. ეს არის გარემოებით გამოწვეული ტემპერატურული რეაქცია. „გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას. თუ ტემპერატურა კვლავ ნარჩუნდება 37.5-37.6 და მეტი მაშინ უკვე უნდა ვეძებოთ სხვა მიზეზები.
- როგორ ვიქცევით დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში?
- ჰიპოთერმიად განიხილება 35 და ქვემოთ ტემპერატურა (35.1-35.2 არ ითვლება ჰიპოთერმიად). ჰიპოთერმიის დროს ბავშვი უნდა გავათბოთ თბილი საფენებით. თუ ბავშვს დალევა შეუძლია, მაშინ თბილი სითხეები უნდა შევთავაზოთ. თუ ჰიპოთერმია გრძელდება და ტემპერატურა ჩამოდის 35-ზე ქვემოთ, აუცილებლად უნდა მივმართოთ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტს.
- რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული?
- ჩვენს რეალობაში ციფრული თერმომეტრები არ გამოდგა ხარისხიანი, გამომდინარე იქიდან, რომ დიდია ცდომილება. კლინიკაში უპირატესობას ვანიჭებთ ვერცხლისწყლის თერმომეტრს.
- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ სიცხე ბანალური მიზეზითაა გამოწვეული და არა რომელიმე სერიოზული პრობლემით?
- ინფექციური მდგომარეობის დროს ცხელებას თან ახლავს ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, როგორიც არის მოდუნება, ძილიანობა, სითხის მიუღებლობა, ეს ყოველთვის აისახება პატარაზე, მას არ სურს თამაში, არ უხარია. თუ ბავშვი არ თამაშობს, არ შემოდის კონტაქტში, საკვებსა და სითხეებზე უარს გეუბნებათ და ტემპერატურა არის 37.5 - 37.6, ასეთ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფექციასთან გვაქვს საქმე.
- როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას, როგორ უნდა მართოს ცხელება მშობელმა ბინაზე სწორად?
- აქტუალური კითხვაა, თუ როდის უნდა მივცეთ პატარას სიცხის დამწევი საშუალება, არსებობს თუ არა რაიმე გარკვეული ციფრი? - შევჯერდით ექიმები, რომ ასეთი ციფრი არ არსებობს.
თუ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი - ვერ იღებს სითხეს, საკვებს, მოდუნებულია, მივარდნილია თუნდაც 37.5-ზე, ე.ი. მას აწუხებს სხეულის ასეთი ტემპერატურა და აუცილებლად უნდა მივაშველოთ დამწევი.
სიცხის დამწევ საშუალებად ვიყენებთ პარაცეტამოლს და იბუპროფენს. სიცხის დამწევს ვაწვდით არა ასაკის, არამედ კილოგრამის მიხედვით. რადგან ზოგიერთი 2 წლის პატარა შესაძლოა, იყოს 13 კილოგრამი ან ზოგიერთი - 18 კილოგრამი. მაგალითისთვის, გამოვთვალოთ. პარაცეტამოლი შეგვიძლია მივცეთ 15 მგ/კგ ე.ი. თუ პატარა არის 10 კილო და ჩვენ გვინდა მივაწოდოთ პარაცეტამოლი, როგორც სიცხის დამწევი საშუალება 10 უნდა გავამრავლოთ 15-ზე და მივიღებთ 150-ს და შეგვიძლია მივაწოდოთ 150 მგ. პარაცეტამოლი საჭიროებისას შეგვიძლია გამოვიყენოთ 4 საათში ერთხელ. იბუპროფენის ჯგუფის მედიკამენტები შეგვიძლია გამოვიყენოთ 6 საათში ერთხელ, მაგრამ იბუპროფენი 5 მლგ-ით ნაკლები უნდა მივცეთ. დავუშვათ პატარა არის 10 კილო, მაშინ უნდა მივცეთ 10 მგ/კგ საჭიროებისას 6 საათში ერთხელ გამოვიყენოთ. სასურველია ესეც ვიცოდეთ, 3 თვემდე იბუპროპფენი არ ინიშნება ჰეპატოტოქსიურობის გამო, ამიტომ 0-დან 3 თვემდე ძირითადად ვირჩევთ პარაცეტამოლს სიცხის დამწევ საშუალებად, ხოლო 3 თვიდან უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე იბუპროფენი.
ესაუბრა თამთა შერმაზანაშვილი
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„პოსტ-კოვიდურ პერიოდში ყველაზე ხშირი სიმპტომი და ჩივილი არის ქოშინი, რომელიც არ არის ყოველთვის დაკავშირებული ფილტვის პრობლემებთან,“ - პულმონოლოგი დავით ჭყონია
პულმონოლოგი დავით ჭყონია კოვიდ-19-ით გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბრობს. მისი თქმით, პოსტ-კოვიდურ ეტაპზე გამოჯანმრთელებულ ადამიანებს გარკვეული სიმპტომები რამდენიმე თვის განმავლობაში აწუხებთ:
„პაციენტების ორი ჯგუფი არსებობს. ერთ ნაწილს შედარებით მსუბუქად გადააქვს ვირუსი, მეორე ნაწილს, დაახლოებით თხუთმეტ პროცენტს კი რთულად. სამწუხაროდ ლეტალური შედეგიც დგება. ორივე ჯგუფში შეინიშნება პოსტ-კოვიდური პრობლემები. პოსტ-კოვიდური კლინიკა იმ პაციენტებშიც კი, რომლებსაც მსუბუქად გადააქვთ ვირუსი, შეიძლება სამი თვიდან ერთ წლამდე გაგრძელდეს.“
დავით ჭყონიას თქმით, კორონავირუსი მრავალ ორგანოს აზიანებს:
„მთავარი ბრძოლა ორგანიზმში იმ ადგილას იმართება, სადაც ხდება ჟანგბადის ათვისება და ნახშირორშანგის გამოყოფა. კორონავირუსი მრავალ ორგანოს აზიანებს, არამარტო ფილტვს, გულს, თავის ტვინს და ა.შ. მთავარი ბრძოლის ველი არის ის მემბრანა, სადაც ჟანგბადის ათვისება ხდება. იქ არის მთავარი პრობლემები. ტრადიციული პნევმონიების დროს ჩვენ გვაქვს ანთება ფილტვის მხრიდან, აქ კი გვაქვს სისხლძარღვების მხრიდან. ძალიან განსხვავებული რადიოლოგიური სურათია კოვიდის დროს და ტრადიციული ფილტვების ანთების დროს.“
დავით ჭყონია იმ სიმპტომს ასახელებს, რომელიც კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ყველაზე ხშირად აღენიშნებათ:
„პოსტ-კოვიდურ პერიოდში ყველაზე ხშირი სიმპტომი და ჩივილი არის ქოშინი, რომელიც არ არის ყოველთვის დაკავშირებული ფილტვის პრობლემებთან, არამედ სისხლძარღვოვან კომპონენტთან. ამას ჩვენ ვეძახით დიფუზიის უნარს. ჟანგბადის შეთვისება და ნახშირორჟანგის გამოყოფა არის დიფუზიის უნარი. ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ დიფუზიის უნარის გამოკვლევა პოსტ-კოვიდურ პერიოდში. საბედნიეროდ, საქართველოში არის ამის საშუალება. თუ ადამიანს აწუხებს ქოშინი, ტკივილი, ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ ამ დროს გამოკვლეული იქნეს დიფუზიის უნარი. ამის მიხედვით უკვე შეიძლება კომპიუტერული ტომოგრაფიის და სხვა კვლევების ჩატარება.“
პოსტ-კოვიდურ სირთულეებზე საუბრობს კარდიოლოგი ზურაბ ფაღავაც. მისი თქმით, კორონავირუსი თავის კვალს გულზეც ტოვებს:
„სიახლე იყო ის, რომ კორონავირუსი კვალს ტოვებს გულზე. ბოლო ხანებში გერმანულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ხდება ვირუსის შეჭრა გულის კუნთში. გულის კუნთში შეჭრილი ვირუსი იწვევს გულის კუნთის ანთებას, ე.წ. მიოკარდიტს. მას ასევე შეუძლია დააზიანოს გულის მკვებავი სისხლძარღვების შიგნითა გარსი და გამოიწვიოს თრომბოზი, თრომბოზმა თავის მხრივ, შესაძლოა, გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი. არაიშვიათად არის გულის რიტმის დარღვევები. ბევრად უფრო ხშირად ამგვარი მოვლენები ხდება პოსტ-კოვიდურ პერიოდში. აღარაფერს ვამბობ თრომბოემბოლიაზე.“
„იმის გამო, რომ გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები უფრო ასაკოვან ადამიანებს აქვთ, რისკ-ჯგუფს ისინი მიეკუთვნებიან. თუმცა კოვიდით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა პრობლემები თანაბრად გვხვდება ახალგაზრდებსა და ასაკოვან ხალხში. ახალგაზრდებისთვის რისკ-ფაქტორს ჭარბი წონა წარმოადგენს. პოსტ-კოვიდური სიმპტომები არის მრავალმხირვი: დაღლა, არტერიული წნევის ცვლილება, თმის ცვენა და ა.შ. ეს სიმპტომები შეიძლება გაგრძელდეს სამი თვე ან ექვსი თვე. ჯერჯერობით ასე ვიცით ჩვენ. რამდენად უფრო დიდხანს დატოვებს კვალს კოვიდი, ეს ჯერ ძნელი სათქმელია,“ - აცხადებს ზურაბ ფაღავა.