Baby Bag

რომელი სახეობის ხორცია უფრო სასარგებლო ორგანიზმისთვის და რა სიხშირით უნდა მივიღოთ?

რომელი სახეობის ხორცია უფრო სასარგებლო ორგანიზმისთვის და რა სიხშირით უნდა მივიღოთ?

დღეს სამშაბათიადა მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. რა დადებითი თვისებები გააჩნია ხორცს ორგანიზმისთვის, რომელი სახეობის ხორცია უფრო სასარგებლო და რა სიხშირით უნდა მივიღოთ? - ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას. 

განვიხილოთ ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი - ხორცი. ჩვენს ქვეყანაში ხორცეულიდან უფრო ხშირად გამოიყენება საქონლის (კონკრეტულად ძროხის), ქათმის და ღორის ხორცი. ხორცი არის ცილების საბადო, რომელთა როლი შეუცვლელია ჩვენი ორგანიზმისთვის, განსაკუთებით კი მოზარდთა ასაკისთვის, რადგან ამ დროს ხდება ორგანიზმის განვითარება და კუნთური მასის ჩამოყალიბება. ცილების შემცველობის მხრივ მეტად მდიდარია ფრინველის ხორცი, ვიდრე საქონლის. 

​ხორცი არის რკინის, ბ ჯგუფის ვიტამინების და ასევე სხვა მიკრო- მაკრო ელემენტების საბადო. აქვე გამოვყოთ, რომ საქონლის ხორცში რკინის შემცველობა ბევრად მეტია, ვიდრე ქათმის ხორცში. რაც შეეხება ღორის ხორცს, მასში დიდი რაოდენობთ ცხიმის არსებობის გამო ორგანიზმისთვის ნაკლებად სასარგებლო პროდუქტია და უნდა ვეცადოთ, მისი მოხმარება მინიმუმამდე 
იყოს დაყვანილი. ხორცის მირთმევის დროს ყოველთვის უპირატესობა უნდა მივანიჭოთ მოხარშულ ხორცს. შემწვარი ხორცი კარგავს სასარგებლო თვისებებს, ამიტომ ვეცადოთ, რაციონში გვქონდეს მოხარშული საქონლის და ქათმის ხორცი (ხორცის ამ ორ სახეობას გამოვყოფ, რადგან ხორცის სხვა სახეობებთან შედარებით მათ ორგანიზმი უფრო იოლად ინელებს და არ ხდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება).
ყველას აინტერესებს, რა სიხშირით არის რეკომენდებული ხორცის მიღება ორგანიზმისთვის. ხორცეულის, შეუძლიათ მოხარშული ხორცი თითქმის ყოველდღიურად ჰქონდეთ რაციონში 150-200 გრ. ოდენობით (ვსაუბრობთ პრაქტიკულად ჯანმრთელ მოსახლეობაზე, რომელთაც არ აქვთ რაიმე კონკრეტული შეზღუდვები), ხოლო მათ, ვინც არ არიან ხორცეულის მოყვარული, რეკონედებულია კვირაში სამჯერ მიირთვან ხორცით მდიდარი საკვები.
აქვე მინდა შევეხო, რომ ორ დღეში ჩვენს ქვეყანაში ხსნილდება შობის მარხვა, ასეთ დროს სასურველია, რომ მცირე ულუფით მოხარშული, უცხიმო ხორცი მივირთვათ და შემწვარი, ცხიმიანი ხორცით არ გავაღიზიანოთ კუჭ-ნაწლავი, რადგან შესაძლოა, ამით სერიოზული დისკომფორტი მივაყენოთ საჭმლის მომნელებელ სისტემას.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

შეიძლება დაინტერესდეთ

​შენელებული მეტაბოლიზმის მიზეზები ჩვენს ორგანიზმში

​შენელებული მეტაბოლიზმის მიზეზები ჩვენს ორგანიზმში

დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას, თუ რას ნიშნავს ტერმინი მეტაბოლიზმი და რა არის შენელებული მეტაბოლიზმის მიზეზები. 

მეტაბოლიზმი არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება ყველა ქიმიური რეაქციის აღსაწერად, რომელიც მონაწილეობს უჯრედების და ორგანიზმის ცოცხალი მდგომარეობის შენარჩუნებაში. მეტაბოლიზმი შეიძლება დაიყოს ორ კატეგორიად: 

  • კატაბოლიზმი - მოლეკულების დაშლა ენერგიის მისაღებად
  • ანაბოლიზმი - უჯრედებისათვის საჭირო ყველა ნივთიერების სინთეზი.
ჭარბი წონის,სიმსუქნის განვითარების და დიეტების დაბალი ეფექტურობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის შენელება. 

სწორი დაბალანსებული, რაციონალური კვების, რეჟიმული ფიზიკური აქტივობის გვერდით ძალიან მნიშვნელოვანია სწორი, გამართული მეტაბოლიზმი. 

დღეს გამოვყოთ ის ძირითადი მიზეზები, რაც იწვევს მეტაბოლიზმის შენელებას:

1. სტრესი - სტრესის დროს ორგანიზმი წვავს ნაკლებ კალორიას არასტრესულ მდგომარეობასთან შედარებით;

2. არარეგულარული კვების რეჟიმი - შეცდომაა დღეში 1-ჯერ ან 2-ჯერ კვება, რადგან ამ დროს ორგანიზმი ინახავს კალორიებს და პირიქით არ ხდება მათი გახარჯვა, ამიტომ რეკომენდებულია დღეში მინიმუმ 3-4 ჯერ კვება, მცირე ულუფებით და მრავალფეროვანი საკვებით გაჯერებული ​(იხ.ჩვენი რუბრიკის წინა სტატიები);

3. ორგანიზმში მინერალების დეფიციტი (განსაკუთრებით რკინის და იოდის, მათზე დეტალური ინფორმაცია ასევე ​იხ. წინა რუბრიკებში) - ხდება ნივთიერებათა ცვლის შენელება, გაუკუღმართბული გემოვნება და იზრდება განსაკუთრებით ტკიბლეულის მიმართ მოთხოვნილება;

4. ნიტრატებით გაჯერებული ხილი და ბოსტნეული. უნდა ვეცადოთ საკვები იყოს მაქსიმალურად ეკოლოგიურად სუფთა, რათა თავიდან იქნას აცილებული ნიტრატების მიერ მიყენებული ზიანი ორგანიზმის მეტაბოლიზმზე;

5. ძილის ცირკადული რიტმის დარღვევა. დღის გვიან დაწყება პირდაპირპროპორციულად მოქმედებს ზედმეტი კილოგრამების დაგროვებაზე, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ძილი იყოს სრულფასოვანი დაახლოებით ღამის 11-12 დან დილის 7-8 სთ მდე;

6. წახემსებები კვებებს შორის - ხემსი შემდგარი ხილისგან ან იშვიათ შემთხვევაში რომელიმე ტკბილეულისგან უნდა მივიჩნიოთ როგორც ცალკე კვება;

7. ჰორმონალური დისბალანსი - ამ პრობლემის გამოსარიცხად წელიწადში მინიმუმ ერთხელ რეკომენდებულია ჰორმონალური სპექტრის შემოწმება

8. თვითნებური მკაცრი მონოდიეტები - ერთისახეობის საკვების მიღება თვითნებურად პირიქით ანელებს მეტაბოლიზმს;

9. ზოგიერთი მედიკამენტი - ანტიდეპრესანტები და ა.შ.

გისურვებთ ჯანმრთლობას!
ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა

წაიკითხეთ სრულად