Baby Bag

​რა არის ამჟამად ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ? - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი დეტალებზე

​რა არის ამჟამად ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ? - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი დეტალებზე

რა არის ამჟამად ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ? - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. გთავზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„კვლევები SARS-COV-2 ახალი ვარიანტის შესახებ, რომელიც თავდაპირველად დიდ ბრიტანეთში გავრცელდა და ამჟამად უკვე ბევრ სხვა ქვეყანაშიც გამოვლინდა, ჯერ-ჯერობით მწირია, თუმცა არსებული მონაცემების თანახმად ცნობილია:

  • ახალი ვარიანტი ბევრად უფრო ადვილად და სწრაფად ვრცელდება, რადგან ამ ვირუსით ინფიცირებულების ბევრად უფრო მაღალ პროცენტს აქვს სასუნთქ გზებში ვირუსის ძალიან მაღალი კონცენტრაცია, ვიდრე „ძველი“ ვირუსით ინფიცირებულებს.
  • PCR ტესტები, რომლებიც ამჟამად გამოიყენება კორონავირუსის სადიაგნოსტიკოდ, ავლენს ვირუსის ახალ ვარიანტსაც (თუმცა, რა თქმა უნდა, იმის გამიჯვნას ვერ ახდენს, ახალი ვარიანტია თუ „ძველი“. ამისთვის გენეტიკური ანალიზი უნდა ჩატარდეს).
  • ვირუსის ახალი ვარიანტი დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობას (რაც ჰოსპიტალიზაციის დღეების რაოდენობით არის შეფასებული) და სიკვდილობის გაზრდილ მაჩვენებელს (28 დღიანი სიკვდილობის მაჩვენებელი) არ იწვევს.
  • ახალ ვარიანტს რეინფექციის უფრო მაღალი მაჩვენებელი არ ახასიათებს (ანუ ეს არის პასუხი შეკითხვაზე, კოვიდგადატანილები ახალი ვარიანტით უფრო ადვილად ხომ არ ინფიცირდებიან).
  • როგორც კვლევების წინასწარი მონაცემები ცხადყოფს, არსებული ვაქცინები ეფექტური იქნება ახალი ვარიანტის წინააღმდეგაც“, - წერს მაია ბუწაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი - როგორ არ გამოგვეპაროს ფილტვის დაზიანება?''

,,ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი - როგორ არ გამოგვეპაროს ფილტვის დაზიანება?''
ექი­მი თა­მუ­ნა გვა­სა­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მათ, ვინც კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია რჩე­ვებს აძ­ლევს.

,,ბლოგერ–ექიმად გადაქცევის არც სურვილი და არც დრო მაქვს, უბრალოდ იმდენ ტყუილ–მართალს ვაწყდები სოციალურ სივრცეში, რამდენიმე უწყინარი რჩევა მინდა დავწერო მათთვის, ვინც კოვიდ–ინფიცირებულია და ვისაც ოჯახის ექიმი ვერ ( და არა არ) უკავშირდება:

1) ვირუსის დადასტურების მე–2, მე–3, მე–4 დღეს არ ჩაიტაროთ არანაირი ანალიზი ( ვგულისხმობ სისხლი, CRP, დე– დიმერი)– უბრალოდ არ გამოჩნდება არაფერი მნიშვნელოვანი ასეთი მოკლე დროის ინტერვალში.

2)კომპიუტერული ტომოგრაფია საჭიროა მხოლოდ მაშინ, თუ სუნთქვის უკმარისობაა, აქაც პირველი 7 დღე აზრი არ აქვს გაკეთებას და ავხსნი რატომაც: კატესთვის აღსაქმელი ცვლილების ჩამოსაყაბილებლად დაახლოებით 7 დღეა საჭირო და მე–2 დღეს გადაღებული დასკვნით თუ გეტყვიან, რომ 2 –ქულიანი დაზიანებაა 24–დან ტყუილად გაგიხარდებათ. ობიექტური შეფასება არ იქნება. დახარჯავთ დროს, ფულს და ზედმეტად დასხივდებით.

3) არ მიიღოთ ანტიბიოტიკი თვითნებურად და მეზობლის რჩევით! ანტიბიოტიკი ებრძვის ბაქტერიას და კოვიდს იწვევს ვირუსი. კი, ჩვენც ვნიშნავთ ხოლმე ანტიბიოტიკს, მაგრამ მხოლოდ (!!!) მაშინ , როცა ვირუსს ბაქტერია ერთვის თან და "თანდართვის" შეფასება მხოლოდ ექიმს შეუძლია ანალიზების მიხედვით . აქვე დავამატებ 39 სიცხე არ ნიშნავს ანტიბიოტიკის საჭიროებას.

4) 38–38.5–ზე შეგიძლიათ მიიღოთ პარაცეტამოლი ან ნებისმიერი სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება (იბუპროფენი და ა.შ.) . ეს მედიკამენტები კარგად მუშაობს, თუ ცხელება არ დაექვემდებარა, დაურეკეთ ექიმს.

+ უზომო რაოდენობით იბუპროფენების მიღება აუცილებლად გამოიწვევს კუჭის გაღიზიანებას, დავიჭიროთ ბალანსი.

5) მადა თუ არ გაქვთ, თავს არ დააძალოთ, მთავარია მიიღოთ სითხეები, მაქს 2 ლიტრი და სასურველია მოერიდოთ გაზიანს.

6) მუდმივი წოლა კარგი არ არის, მაგრამ ენერგია თუ არ გაქვთ, ნუ აიძულებთ თავს ზედმეტად დაიტვირთოთ ფიზიკურად.

7) და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი: როგორ არ გამოგვეპაროს ფილტვის დაზიანება. – საუბრისას ქოშინი, სუნთქვის უკმარისობის შეგრძნება მცირე ფიზიკური დატვირთვისასაც გაცილებით მნიშნვნელოვანია ვიდრე ხველება! ვისაც საშუალება გაქვთ, იკონტროლეთ სატურაცია, სუნთქვის გაძნელებისას დაწექით და იწექით მუცელზე, რადგან ასე უკეთ ვენტილირდება ფილტვი.

ძალიან კარგად მესმის ინფიცირებულების შიში, რთულია ებრძოდე იმას, ვისაც არ იცნობ და არც იმის შეფასებაა მარტივი რა არის საყურადღებო და რა არა.

არ შეგეშინდეთ 2 დღიანი სიცხის , თავის ტკივილის და ხველების – ეს არ არის საავადმყოფოში დაწოლის ჩვენება, თუმცა არ გამოგეპაროთ სუნთქვის უკმარისობის ნიშნები – მათი არსებობისაც არც შეგეშინდეთ, თუმცა დროულად მიაქციეთ ყურადღება.

იმედია ამ ყველაფერს მალე მოვერევით.

გისურვებთ ჯანმრთელობას,'' - აღნიშნავს თამუნა გვასალია. 
წაიკითხეთ სრულად