Baby Bag

​რა არის ამჟამად ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ? - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი დეტალებზე

​რა არის ამჟამად ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ? - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი დეტალებზე

რა არის ამჟამად ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ? - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. გთავზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„კვლევები SARS-COV-2 ახალი ვარიანტის შესახებ, რომელიც თავდაპირველად დიდ ბრიტანეთში გავრცელდა და ამჟამად უკვე ბევრ სხვა ქვეყანაშიც გამოვლინდა, ჯერ-ჯერობით მწირია, თუმცა არსებული მონაცემების თანახმად ცნობილია:

  • ახალი ვარიანტი ბევრად უფრო ადვილად და სწრაფად ვრცელდება, რადგან ამ ვირუსით ინფიცირებულების ბევრად უფრო მაღალ პროცენტს აქვს სასუნთქ გზებში ვირუსის ძალიან მაღალი კონცენტრაცია, ვიდრე „ძველი“ ვირუსით ინფიცირებულებს.
  • PCR ტესტები, რომლებიც ამჟამად გამოიყენება კორონავირუსის სადიაგნოსტიკოდ, ავლენს ვირუსის ახალ ვარიანტსაც (თუმცა, რა თქმა უნდა, იმის გამიჯვნას ვერ ახდენს, ახალი ვარიანტია თუ „ძველი“. ამისთვის გენეტიკური ანალიზი უნდა ჩატარდეს).
  • ვირუსის ახალი ვარიანტი დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობას (რაც ჰოსპიტალიზაციის დღეების რაოდენობით არის შეფასებული) და სიკვდილობის გაზრდილ მაჩვენებელს (28 დღიანი სიკვდილობის მაჩვენებელი) არ იწვევს.
  • ახალ ვარიანტს რეინფექციის უფრო მაღალი მაჩვენებელი არ ახასიათებს (ანუ ეს არის პასუხი შეკითხვაზე, კოვიდგადატანილები ახალი ვარიანტით უფრო ადვილად ხომ არ ინფიცირდებიან).
  • როგორც კვლევების წინასწარი მონაცემები ცხადყოფს, არსებული ვაქცინები ეფექტური იქნება ახალი ვარიანტის წინააღმდეგაც“, - წერს მაია ბუწაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ ღირს გამწარებული ხალხის კიდევ უფრო გამწარება დანარჩენის შიშებისა და კომფორტის ხარჯზე“ - ზურაბ გურული ტოტალურ ჩაკეტვაზე

„არ ღირს გამწარებული ხალხის კიდევ უფრო გამწარება დანარჩენის შიშებისა და კომფორტის ხარჯზე“ - ზურაბ გურული ტოტალურ ჩაკეტვაზე

ამე­რი­კა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ექი­მი ზუ­რაბ გუ­რუ­ლი „ლოქდაუნთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს, რომ ტოტალურ ჩაკეტვას აზრი არ აქვს. როგორც იგი აღნიშნავს, „ლოქდაუნმა“ პანდემიის პიკის მხოლოდ გადანაცვლება გამოიწვია; თან ისეთი გადანაცვლება, რომ ეს პიკი ადვილად მოსავლელი ზაფხულიდან, ზამთრის უმძიმეს თვეებს დაემთხვევა. გთავაზობთ მის პოსტს სიტყვა-სიტყვით:

„უკვე არაერთი პატივცემული ადამიანისგან გავიგონე სასოწარკვეთილი მოთხოვნა მთავრობისადმი ტოტალური „ლოქდაუნის“ შესახებ. ჩემი მოკრძალებული აზრით, ასეთი სვლა არ იქნება მართებული და დიდი ალბათობით მსხვერპლი გაიზრდება კიდეც იმათ ხარჯზე, ვინც სხვა დაავადებების მოულოდნელი გამწვავების, შიმშილისა და ფინანსური სასოწარკვეთისაგან დაიღუპება.

​დაფიქრდით! იმ დაუძლურებულ, სახლში გამოკეტილ ადამიანებს ჭამაც სჭირდებათ და მიმხედავიც. კოლოსალური, ხშირად აბსოლუტურად აბსურდული ჯარიმები საერთოდ ამოვარნილია ეპიდემიოლოგიური და სამართლებრივი კონტექსტებიდან და კიდევ უფრო მეტ აგრესიასა და სასოწარკვეთას იწვევენ. როგორც ხედავთ, ტოტალურმა „ლოქდაუნმა“ პანდემიის პიკის მხოლოდ გადანაცვლება გამოიწვია; თან ისეთი გადანაცვლება, რომ ეს პიკი ადვილად მოსავლელი ზაფხულიდან, ზამთრის უმძიმეს თვეებს დაემთხვევა. საერთოდ, „ლოქდაუნს“ და მსგავს პრიმიტიულ, მკვეთრ შეზღუდვებს აზრი აქვთ მაშინ, როდესაც იცი, რას გააკეთებ მისი ჩამთავრების შემდეგ. სხვაგვარად ეს სრული უაზრობაა. სულ დასაწყისში „ლოქდაუნი“ გამართლებული იყო „აზრზე მოსასვლელად“; რამდენად გამოვიყენეთ მოგებული დრო, ეს სხვა საკითხია.

​ამჟამინდელი ამოცანა არის კლინიკების მაქსიმალური განტვირთვა. ამას სჭირდება პირველადი ჯანდაცვის რგოლის სრული სიმძლავრით ამუშავება. ყველა უმადლის კერძო დაზღვევის პირველად რგოლს; მშვენივრად ახერხებენ პაციენტთა მონიტორინგს სახლებში. გაიზიარეთ მათი გამოცდილება. გახსენით რაც შეიძლება მეტი ცხელი ხაზი და დასვით იქ სტანდარტული გაიდლაინებით გაწვრთვნილი ექიმები. ყოველი ცხელი ხაზის ცენტრს მიამაგრეთ 2-3 ფსიქოლოგი, რომლებიც ჩაერთვებიან საუბარში ისტერიკაში მყოფ პაციენტებთან და გარწმუნებთ, ასეთები მინიმუმ 30-40-%-ს შეადგენენ საერთო მიმართვებიდან.

​შექმენით მობილური ლაბორატორიები. არ არის ამისთვის სასწრაფოს მანქანები საჭირო; ცელოფანით შესაბამისად გატიხრული მსუბუქი მანქანებიც გამოდგება, რომლებიც ატარებენ ლაბორანტებს გამოძახებაზე, ან კლინიკებში მიიყვანენ შესაბამის პაციენტს რადიოლოგიური კვლევისათვის. ასე განტვირთავთ სასწრაფოსაც.

​საავადმყოფოებში გადაიყვანეთ მხოლოდ უმძიმესები! მხოლოდ დამატებითი ჟანგბადის მისაცემად კლინიკა არ არის საჭირო. დაურიგეთ ასეთ პაციენტებს ჟანგბადის პატარა ბალონები და ცვალეთ 24 საათში ერთხელ.

​დაიწყეთ ამის ორგანიზება და ორ კვირაში განტვირთავთ კლინიკებს. ვაქცინა არ იქნება დიდხანს!!! „ლოქდაუნს“ თუ გააკეთებთ ერთი თვით, იძულებული იქნებით გახსნათ მერე და ზუსტად იგივე მოხდება კიდევ ერთი თვის შემდეგ. ამიტომ, არ ღირს ნაჯახით მუშაობა და გამწარებული ხალხის კიდევ უფრო გამწარება დანარჩენის შიშებისა და კომფორტის ხარჯზე. ყველამ უნდა დავთმოთ რაღაც,“ - წერს ზურაბ გურული.

წაიკითხეთ სრულად