„ჩემს შვილს სუსტი ყელი აქვს, როგორც კი ავად ხდება, ყელი უწითლდება და ტკივდება, ამის გამო მაღალ სიცხეს აძლევს, გლანდები უნდა ამოვაჭრა“ - ეს არ არის სწორი
„ხშირად მესმის თქვენგან, „ჩემს შვილს სუსტი ყელი აქვს, როგორც კი ავად ხდება, ყელი უწითლდება და ტკივდება, ამის გამო მაღალ სიცხეს აძლევს, გლანდები უნდა ამოვაჭრა“ ეს არ არის სწორი,“ - ამის შესახებ ცნობილი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში შესახებ წერს. გთავაზობთ მის პოსტს:
„მინდა გითხრათ, რომ ვირუსული ინფექციის დროს თითქმის ყოველთვის ადგილი აქვს ხახის ჰიპერემიას (გაწითლებას) ეს არის ადგილი, საიდანაც ძირითადად ხდება ვირუსის ორგანიზმში შეჭრა. ხახაში არის ვეგეტაციური ლიმფოიდური რგოლი, ნუშისებრი ჯირკვლები, ეგრეთწოდებული გლანდები, რომლის ზედაპირზეც შეიმჩნევა ლორწოვანის დეფექტი, შეჭრილი უცხო აგენტი ეწებება ლორწოვანს და ეძებს გასაგრძელებელ გზას, ორგანიზმში იწყება პანიკა, მობილიზებას განიცდიან მცველები, იმუნური უჯრედები, რომლებიც გამორბიან იმ უცხო აგენტის შესაცნობად, რათა ბრძოლა გამოუცხადონ მას. სწორედ იმ ლორწოვანის დეფექტის მეშვეობით ხვდებიან ისინი გლანდების ზედაპირზე და ომს უცხადებენ იმ უცხო აგენტს. მათ შორის ხელჩართული ბრძოლის შედეგია სწორედ ის, რომ ნუშისებრი ჯირკვლები (გლანდები) იბერება და წითლდება, ეს არის ადგილობრივი რეაქცია, რაც ტკივილსაც იწვევს.
არსებობს გლანდების მოცილების კრიტერიუმებიც, თუ ბავშვს წელიწადში ექვსჯერ მაინც აქვს ჩირქოვანი ანგინა და ინტოქსიკაციის ნიშნები: უსიამოვნო შეგრძნება გულის არეში, გულის რითმის ცვლილება, სახსრების ტკივილი, შეცვლილი ლაბორატორიული მონაცემები, რასაც თქვენი ექიმის მიერ დანიშნული კვლევებით გამოავლენთ, დადგება საკითხი ტონზილექტომიის აუცილებლობის შესახებ... ასე რომ, ყელის ტკივილი ვირუსული ინფექციის დროს სუსტ ლოკუსს სულაც არ ნიშნავს, იქ ბრძოლა მიმდინარეობს უცხო აგენტთან, რაც პირიქით ამ შემთხვევაში მისასალმებელია... ენდეთ თქვენს ექიმს,“ - წერს ინგა მამუჩიშვილი.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ხსენს პირველ აცრასაც უწოდებენ, იმდენად მნიშვნელოვანია მასში იმუნური სხეულების რაოდენობა,“ - პედიატრი მაია ხერხეულიძე
პედიატრმა მაია ხერხეულიძემ ახალბედა დედებს ახალშობილის მოვლასთან დაკავშირებით საინტერესო რჩევები მისცა:
„ძალიან მნიშვნელოვანია უშუალოდ სამშობიარო სახლში პატარას დაბადების შემდეგ კანით კანთან კონტაქტი, როდესაც ახალშობილს დედის სხეულზე აწვენენ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ხსნის პატარასთვის სტრესს. ბავშვს ესმის დედის გულისცემის სიხშირე და თუნდაც ძალიან მტირალი მშვიდდება. დედის სხეული პატარას სითბოს სთავაზობს და მას გადაციებისგან იცავს.“
მაია ხერხეულიძის თქმით, ძუძუთი კვება ჩვილისთვის საუკეთესო საჩუქარია:
„რაც შეგვიძლია ყველაზე საუკეთესო გავაკეთოთ სიცოცხლის პირველი დღეებიდან, ეს ძუძუთი კვებაა. ის აძლევს ბავშვის იმუნოლოგიურ სისტემას მომწიფების საშუალებას, ხელს უწყობს ბავშვის დაცვას და განვითარებას. სამშობიარო სახლში პირველივე საათში უნდა განხორციელდეს პირველი ძუძუთი კვება. ეს ხელს უწყობს იმას, რომ დედას არ განუვითარდეს მშობიარობის შემდგომი სისხლდენა, რაც, სამწუხაროდ, საქართველოში სიკვდილობის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია მელოგინეებში. ხსენს პირველ აცრასაც უწოდებენ, იმდენად მნიშვნელოვანია მასში იმუნური სხეულების რაოდენობა.“
„კანის ჰიგიენა, საფენის ხშირი გამოცვლა, კანის დატენიანება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უამრავი პრობლემა ავიცილოთ თავიდან. ბავშვი ხელში ავიყვანოთ ნაზად, დავარწიოთ ხელში, არ შევანჯღრიოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ახალშობილის ხელში აყვანა, იმიტომ, რომ ესეც განვითარების სტიმულია. ბავშვთან ურთიერთობა და თამაში ამ ასაკიდან იწყება,“ - აღნიშნულ საკითხზე მაია ხერხეულიძემ „TV პირველის“ გადაცემაში „ოჯახის ექიმი“ ისაუბრა.