„ჩემს შვილს სუსტი ყელი აქვს, როგორც კი ავად ხდება, ყელი უწითლდება და ტკივდება, ამის გამო მაღალ სიცხეს აძლევს, გლანდები უნდა ამოვაჭრა“ - ეს არ არის სწორი
„ხშირად მესმის თქვენგან, „ჩემს შვილს სუსტი ყელი აქვს, როგორც კი ავად ხდება, ყელი უწითლდება და ტკივდება, ამის გამო მაღალ სიცხეს აძლევს, გლანდები უნდა ამოვაჭრა“ ეს არ არის სწორი,“ - ამის შესახებ ცნობილი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში შესახებ წერს. გთავაზობთ მის პოსტს:
„მინდა გითხრათ, რომ ვირუსული ინფექციის დროს თითქმის ყოველთვის ადგილი აქვს ხახის ჰიპერემიას (გაწითლებას) ეს არის ადგილი, საიდანაც ძირითადად ხდება ვირუსის ორგანიზმში შეჭრა. ხახაში არის ვეგეტაციური ლიმფოიდური რგოლი, ნუშისებრი ჯირკვლები, ეგრეთწოდებული გლანდები, რომლის ზედაპირზეც შეიმჩნევა ლორწოვანის დეფექტი, შეჭრილი უცხო აგენტი ეწებება ლორწოვანს და ეძებს გასაგრძელებელ გზას, ორგანიზმში იწყება პანიკა, მობილიზებას განიცდიან მცველები, იმუნური უჯრედები, რომლებიც გამორბიან იმ უცხო აგენტის შესაცნობად, რათა ბრძოლა გამოუცხადონ მას. სწორედ იმ ლორწოვანის დეფექტის მეშვეობით ხვდებიან ისინი გლანდების ზედაპირზე და ომს უცხადებენ იმ უცხო აგენტს. მათ შორის ხელჩართული ბრძოლის შედეგია სწორედ ის, რომ ნუშისებრი ჯირკვლები (გლანდები) იბერება და წითლდება, ეს არის ადგილობრივი რეაქცია, რაც ტკივილსაც იწვევს.
არსებობს გლანდების მოცილების კრიტერიუმებიც, თუ ბავშვს წელიწადში ექვსჯერ მაინც აქვს ჩირქოვანი ანგინა და ინტოქსიკაციის ნიშნები: უსიამოვნო შეგრძნება გულის არეში, გულის რითმის ცვლილება, სახსრების ტკივილი, შეცვლილი ლაბორატორიული მონაცემები, რასაც თქვენი ექიმის მიერ დანიშნული კვლევებით გამოავლენთ, დადგება საკითხი ტონზილექტომიის აუცილებლობის შესახებ... ასე რომ, ყელის ტკივილი ვირუსული ინფექციის დროს სუსტ ლოკუსს სულაც არ ნიშნავს, იქ ბრძოლა მიმდინარეობს უცხო აგენტთან, რაც პირიქით ამ შემთხვევაში მისასალმებელია... ენდეთ თქვენს ექიმს,“ - წერს ინგა მამუჩიშვილი.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
რა ასაკიდან შეიძლება, გავუკეთოთ ბავშვს საყოველთაო გრიპის აცრა და წელიწადში რამდენჯერ გაციება არის ნორმა - ინტერვიუ პედიატრ თემურ მიქელაძესთან
რა ასაკიდან შეიძლება, გავუკეთოთ ბავშვს საყოველთაო გრიპის აცრა, წელიწადში რამდენჯერ გაციება არის ნორმა და შეესაბამება თუ არა სიმართლეს მოსაზრება, რომ აცრა იწვევს აუტიზმს -ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ცნობილი პედიატრი თემურ მიქელაძე ესაუბრა.
- ბატონო თემურ, ვაქცინაციასთან დაკავშირებით საზოგადოების გარკვეულ ნაწილში კვლავ არსებობს მცდარი შეხედულება - აცრა იწვევს აუტიზმს და ა.შ. რას ეტყოდით მშობლებს, რომლებიც არ ცრიან შვილებს?
- პირველ რიგში გეტყვით, რომ აცრა არ იწვევს აუტიზმს. ჩემი პირადი კონტროლის ქვეშ, 22 წლის განმავლობაში, გაკეთებულადაახლოებით რამდენიმე ასეული ათასი დოზა ვაქცინებისა და არ დაფიქსირებულა არცერთი შემთხვევა, რომ ვაქცინას გამოეწვია აუტიზმი. მათ შორის, აუტიზმის მქონე ბავშვებიც ჩვეულებრივად იცრებიან. მქონია აუტიზმის მქონე ბავშვების შემთხვევებიც, რომლებიც საერთოდ არ არიან აცრილები.
მშობლებს ვეტყვი, რომ წითელას, დიფტერიის, ყივანახველის, ტეტანუსის და სხვა ინფექციების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია გეგმიური და დროული ვაქცინაცია. სახელმწიფოს შემოაქვს მაღალი ხარისხის ევროპული წარმოების ვაქცინები და მე პირადად, ვცრი ჩემს შვილებსაც. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი გეგმიური ვაქცინაციის ეროვნული კალენდარი.
- საყოველთაო გრიპის აცრა რა ასაკიდან შეიძლება, გავუკეთოთ ბავშვს?
- გრიპის აცრა ბავშვს შეიძლება, ჩავუტაროთ 6 თვის ასაკიდან. გარდა ამისა, აცრა სასურველია, ჩაუტარდეს რისკ-ჯგუფის მქონე პაციენტებს. ესენია - 5 წლამდე ასაკის ხშირად მოავადე და სკოლამდელ დაწესებულებაში მყოფი ბავშვები, 65 წელს გადაცილებული ასაკის მქონე პირები, ორსულები, სამედიცინო პერსონალი, სხვადასხვა ქრონიკული პათოლოგიის მქონე პირები.
გრიპის ვირუსს გააჩნია ანტიგენური სტრუქტურის სწრაფი ცვლილება ამიტომ ყოველ წელს კეთდება ახალი ანტიგენური სტრუქტურის ვაქცინები. აუცრელ პაციენტებს გრიპის ვირუსის დროს უმეტეს შემთხვევაში უტარდებათ სიმპტომური მკურნალობა. ზოგჯერ ჩვენ ვიყენებთ ანტივირუსულ პრეპარატებსაც.
- რას ურჩევდით მშობელს, რომლის შვილიც ბაღში დადის და ხშირად ავადობს, ვირუსების დროს ატაროს თუ არა ბავშვი ბაღში და წელიწადში რამდენჯერ გაციება არის ნორმა?
- აუცილებელია, განვმარტოთ რას ნიშნავს ხშირად ავადობა; 6 წლამდე ჯანმრთელმა ბავშვებმა წლის განმავლობაში შეიძლება, სხვადასხვა ვირუსული ინფექციებით იავადონ 6-10-მდე და ეს ნორმაა. ასაკის მატებასთან ერთად სიხშირე მცირდება და მოზრდილი ავადდება წლის განმავლობაში 2-3-ჯერ. ვირუსული ინფექციის მქონე ბავშვმა გამოჯანმრთელებამდე არ უნდა იაროს ბაღში. აქვე აღვნიშნავ, რომ მშობლებმა ბავშვებს თვითნებურად არ უნდა უმკურნალონ. განსაკუთრებით, თუ ეს ეხება სხვადასხვა ბაქტერიულ და მძიმე ინფექციებს.
- როგორ გავაკაჟოთ ბავშვები ზამთარში?
- ზამთარში ცურვაზე შეიძლება ბავშვების ტარება, თუმცა აუცილებელია, დაცული იყოს ჰიგიენური ნორმები. მე პირადად, ჰიპერრეაქტიული ბრონქების მქონე პაციენტებს ციგურაობაზე ვურჩევ ხოლმე სიარულს.