მედიაპორტალი MomsEdu.geტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. როდის არის რეკომენდებული ვახშამი და რა მივირთვათ დღის ბოლოს? - ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა.
პირველ რიგში განვიხილოთ, თუ როდის არის რეკომენდებული ვახშამი? ოპტიმალური პერიოდი დღის ბოლო კვებისთვის არის დაახლოებით 19:00-20:00 სთ-მდე შუალედი. დავიმახსოვროთ, რომ დაძინებამდე მინიმუმ ორი-სამი საათით ადრე უნდა მივირთვათ ბოლო კვება, რომ არ გადაიტვირთოს კუჭ-ნაწლავის სისტემა. შედეგად მივიღებთ დისკომფორტს მუცლის არეში, რაც არასრულფასოვანი ძილის წინაპირობაა, ეს კი თავის მხრივ, ხელშემწყობი ფაქტორია ჭარბი წონის და სიმსუქნის განვითარების, რადგან ირღვევა გამართული მეტაბოლიზმი.
ასევე დიდია მკითხველის ინტერესი, თუ რომელი საკვების მირთმევა არის რეკომენდებული ვახშმად? დავიმახსოვროთ, რომ ვახშამი უნდა იყოს მსუბუქი. ძირითადად უპირატესობა ენიჭება ბოსტნეულის სალათებს, რძის ნაწარმს, წვნიანებს. აქვე გამოვყოფ, რომ ხილის მირთმევა საღამოს არ არის რეკომენდებული (როგორც წინა რუბრიკებში აღვნიშნე), შებერილობის თავიდან ასაცილებლად. ჩვენი კვების რეჟიმში ხილს ეთმობა დღის პირველი ნახევარი. საღამოს ასევე თავი უნდა შევიკავოთ ცომეულის, ტკბილეულის მირთმევისგან, რადგან ორგანიზმში საღამოს საათებში მეტაბოლიზმი შედარებით ნელდება, ამიტომ მაღალკალორიული საკვების მირთმევა უარყოფით გავლენას მოახდენს ჩვენს წონაზე. უფრო რომ დავაკონკრეტოთ, ვახშამი შეიძლება იყოს ბოსტნეულებისგან დამზადებული სალათი (ცხადია, მაიონეზის გარეშე), რძის ნაწარმი: ყველი, ხაჭო, იოგურტი, მაწონი, კეფირი, ბოსტნეულებისგან დამზადებული წვნიანი. შესაძლებელია წვნიანს ან სალათს დავამატოთ მოხარშული ხორცი, რომელიც ცილების შემცველობის ხარჯზე დაგვეხმარება ნაყროვანებაში. ვახშმის შემდგომ დაძინებამდე შეგიძლიათ მიირთვათ მწვანე ან ნებისმიერი ჩაი, წყალი.
გისურვებთ ჯანმრთელობას.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„თუ წნევა სისტემატურად იწევს მაღლა, ანტიჰიპერტენზიული თერაპია არავითარ შემთხვევაში არ უნდა ატარებდეს კურსობრივ ხასიათს,“ - კარდიოლოგი არჩილ ჩუხრუკიძე
კარდიოლოგმა არჩილ ჩუხრუკიძემ არტერიული წნევის მერყეობის პრობლემის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ არტერიული წნევის სრულყოფილი განკურნება შეუძლებელია:
„ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ არტერიული წნევის სრულყოფილად განკურნება არ არსებობს. მედიცინა არ ფლობს იმის შესაძლებლობას, რომ რაღაც წამალი დავნიშნოთ ერთჯერადად მისაღები, გავიკურნოთ და წნევამ აღარ შეგვაწუხოს. თუ წნევა სისტემატურად იწევს მაღლა, ეს ადამიანები აუცილებლად უნდა იღებდნენ სისტემატურად ანტიჰიპერტენზიულ თერაპიას. არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა ატარებდეს კურსობრივ ხასიათს. 2-3 კვირა დავლიე წნევის წამლები, მერე შევწყვიტე და განვიკურნე წნევისგან, ასეთი რამ, სამწუხაროდ, არ არსებობს.“
არჩილ ჩუხრუკიძის თქმით, ქოლესტერინის მომატებული მაჩვენებელი გულის იშემიური დაავადებისა და ინსულტის განვითარებას უწყობს ხელს:
„სტრესები არტერიული წნევის წინასწარგანწყობას განაპირობებს. ადამიანისთვის, რომელსაც სტრესის ფონზე ეწევა არტერიული წნევა, პირველი ნაბიჯი აუცილებლად არის ანტიდეპრესანტების გამოყენება, რომელიც მის ემოციურ მდგომარეობას დაარეგულირებს. თუ ეს ვერ ხერხდება კონკრეტული მედიკამენტების გამოყენება, მერე უკვე უნდა შეირჩეს წნევის წამლების დოზირება. არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ ადამიანებთან ფსიქოთერაპევტების მუშაობაც საჭიროა. ეს არ არის პრობლემა, რომელიც ერთი ორგანოს პრობლემაა მხოლოდ,“ - აღნიშნულ საკითხზე არჩილ ჩუხრუკიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.