მედიაპორტალი MomsEdu.geტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. როდის არის რეკომენდებული ვახშამი და რა მივირთვათ დღის ბოლოს? - ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა.
პირველ რიგში განვიხილოთ, თუ როდის არის რეკომენდებული ვახშამი? ოპტიმალური პერიოდი დღის ბოლო კვებისთვის არის დაახლოებით 19:00-20:00 სთ-მდე შუალედი. დავიმახსოვროთ, რომ დაძინებამდე მინიმუმ ორი-სამი საათით ადრე უნდა მივირთვათ ბოლო კვება, რომ არ გადაიტვირთოს კუჭ-ნაწლავის სისტემა. შედეგად მივიღებთ დისკომფორტს მუცლის არეში, რაც არასრულფასოვანი ძილის წინაპირობაა, ეს კი თავის მხრივ, ხელშემწყობი ფაქტორია ჭარბი წონის და სიმსუქნის განვითარების, რადგან ირღვევა გამართული მეტაბოლიზმი.
ასევე დიდია მკითხველის ინტერესი, თუ რომელი საკვების მირთმევა არის რეკომენდებული ვახშმად? დავიმახსოვროთ, რომ ვახშამი უნდა იყოს მსუბუქი. ძირითადად უპირატესობა ენიჭება ბოსტნეულის სალათებს, რძის ნაწარმს, წვნიანებს. აქვე გამოვყოფ, რომ ხილის მირთმევა საღამოს არ არის რეკომენდებული (როგორც წინა რუბრიკებში აღვნიშნე), შებერილობის თავიდან ასაცილებლად. ჩვენი კვების რეჟიმში ხილს ეთმობა დღის პირველი ნახევარი. საღამოს ასევე თავი უნდა შევიკავოთ ცომეულის, ტკბილეულის მირთმევისგან, რადგან ორგანიზმში საღამოს საათებში მეტაბოლიზმი შედარებით ნელდება, ამიტომ მაღალკალორიული საკვების მირთმევა უარყოფით გავლენას მოახდენს ჩვენს წონაზე. უფრო რომ დავაკონკრეტოთ, ვახშამი შეიძლება იყოს ბოსტნეულებისგან დამზადებული სალათი (ცხადია, მაიონეზის გარეშე), რძის ნაწარმი: ყველი, ხაჭო, იოგურტი, მაწონი, კეფირი, ბოსტნეულებისგან დამზადებული წვნიანი. შესაძლებელია წვნიანს ან სალათს დავამატოთ მოხარშული ხორცი, რომელიც ცილების შემცველობის ხარჯზე დაგვეხმარება ნაყროვანებაში. ვახშმის შემდგომ დაძინებამდე შეგიძლიათ მიირთვათ მწვანე ან ნებისმიერი ჩაი, წყალი.
გისურვებთ ჯანმრთელობას.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
როგორ უნდა გავარჩიოთ სიცივის ალერგია კანის სიმშრალისგან?
როგორ უნდა გავარჩიოთ სიცივის ალერგია კანის სიმშრალისგან? - თემაზე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა დავით თელიამ ისაუბრა.
„სიცივის ალერგია ეს არის ურტიკარული გამონაყარი, რაც არ უნდა შეგვეშალოს სიცივისგან გამოწვეულ გამოშრობაში. სიცივის ალერგიის გატესტვა შეგვიძლია მარტივად - ავიღოთ ყინულის ნაჭერი, გავახვიოთ მარლაში და დავიდოთ ხელზე. დაახლოებით 5-10 წუთში თუ გამოვლინდა ალერგია, ეს იმას ნიშნავს რომ სიცივის ალერგიასთან გვაქვს საქმე, რომელიც სავარაუდოდ დაკავშირებულია სიცივის ანტისხეულებთან.
იმუნური სისტემა რეაგირებს სიცივეზე და წარმოქმნის ანტისხეულებს. ისმის კითხვა - რატომ?
არის ინფექციები, რომლებიც ძალიან ხშირად წინ უსწრებენ სიცივის ანტისხეულების წარმოქმნას. ერთ-ერთი გავრცელებული ბაქტერიული ინფექცია არის მიკოპლაზმა, რომელსაც ახასიათებს სიცივის აგლუტინინების პროდუქცია. პირველ რიგში, იტესტება მიკოპლაზმური ინფექცია, თუ აღმოჩნდა რომ მიკოპლაზმური ინფექციაა, ინიშნება მაკროლიდური ანტიბიოტიკები, რომელიც ატიპიურ მაკროფლორაზე მოქმედებს და ამით გვარდება პრობლემა. ასევე, არის უფრო სერიოზული ვირუსული დაავადებები. ჰეპატიტმა (C და B) შეიძლება იმუნური სისტემა განაწყოს სიცივის აგლუტინინების წარმოქმნაზე. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ანალიზების გაკეთება და ამის შემდგომ გადაწყვეტილების მიღება,'' - აღნიშნა დავით თელიამ.