მედიაპორტალი MomsEdu.geტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. როდის არის რეკომენდებული ვახშამი და რა მივირთვათ დღის ბოლოს? - ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა.
პირველ რიგში განვიხილოთ, თუ როდის არის რეკომენდებული ვახშამი? ოპტიმალური პერიოდი დღის ბოლო კვებისთვის არის დაახლოებით 19:00-20:00 სთ-მდე შუალედი. დავიმახსოვროთ, რომ დაძინებამდე მინიმუმ ორი-სამი საათით ადრე უნდა მივირთვათ ბოლო კვება, რომ არ გადაიტვირთოს კუჭ-ნაწლავის სისტემა. შედეგად მივიღებთ დისკომფორტს მუცლის არეში, რაც არასრულფასოვანი ძილის წინაპირობაა, ეს კი თავის მხრივ, ხელშემწყობი ფაქტორია ჭარბი წონის და სიმსუქნის განვითარების, რადგან ირღვევა გამართული მეტაბოლიზმი.
ასევე დიდია მკითხველის ინტერესი, თუ რომელი საკვების მირთმევა არის რეკომენდებული ვახშმად? დავიმახსოვროთ, რომ ვახშამი უნდა იყოს მსუბუქი. ძირითადად უპირატესობა ენიჭება ბოსტნეულის სალათებს, რძის ნაწარმს, წვნიანებს. აქვე გამოვყოფ, რომ ხილის მირთმევა საღამოს არ არის რეკომენდებული (როგორც წინა რუბრიკებში აღვნიშნე), შებერილობის თავიდან ასაცილებლად. ჩვენი კვების რეჟიმში ხილს ეთმობა დღის პირველი ნახევარი. საღამოს ასევე თავი უნდა შევიკავოთ ცომეულის, ტკბილეულის მირთმევისგან, რადგან ორგანიზმში საღამოს საათებში მეტაბოლიზმი შედარებით ნელდება, ამიტომ მაღალკალორიული საკვების მირთმევა უარყოფით გავლენას მოახდენს ჩვენს წონაზე. უფრო რომ დავაკონკრეტოთ, ვახშამი შეიძლება იყოს ბოსტნეულებისგან დამზადებული სალათი (ცხადია, მაიონეზის გარეშე), რძის ნაწარმი: ყველი, ხაჭო, იოგურტი, მაწონი, კეფირი, ბოსტნეულებისგან დამზადებული წვნიანი. შესაძლებელია წვნიანს ან სალათს დავამატოთ მოხარშული ხორცი, რომელიც ცილების შემცველობის ხარჯზე დაგვეხმარება ნაყროვანებაში. ვახშმის შემდგომ დაძინებამდე შეგიძლიათ მიირთვათ მწვანე ან ნებისმიერი ჩაი, წყალი.
გისურვებთ ჯანმრთელობას.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ყველა პაციენტმა ბინაზე დაიწყო სისხლის გამათხელებლების მიღება და ხშირ შემთხვევაში გაცილებით უარესი შედეგი მიიღეს,“ - ინფექციონისტი ეკა ჭოლაძე
ინფექციონისტმა ეკა ჭოლაძემ საზოგადოებაში სისხლის გამათხელებლების პოპულარობის პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი მედიკამენტების მიღება საფრთხილოა:
„პანდემიის დასაწყისიდან, როდესაც გამოჩნდა მოსაზრება, რომ კოაგულაცია უნდა იკონტროლოს პაციენტმა, სისხლის გამათხელებლები უნდა მიიღოს, აღმოვჩნდით მეორე უკიდურესობაში, როდესაც ყველა პაციენტმა ბინაზე დაიწყო მათი მიღება. ხშირ შემთხვევაში გაცილებით უარესი შედეგი მიიღო პაციენტმა.“
ეკა ჭოლაძის თქმით, თუ პაციენტი ჯანმრთელია და ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს, კოაგულოგრამის კონტროლი საჭირო არ არის:
„ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი ფაქტორი უნდა იყოს გათვლილი და გათვალისწინებული. ვირუსის მსუბუქი მიმდინარეობის შემთხვევაში თრომბოემბოლიის რისკი ძალიან მცირეა. თუ პაციენტი არის ახალგაზრდა, ჯანმრთელი, არ არის დატვირთული, არ აქვს ქრონიკული რისკ-ფაქტორები, არის მსუბუქი მიმდინარეობა, არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს გეგმიურად კოაგულოგრამის კონტროლი. არც ასაკი არ განაპირობებს სისხლის გამათხელებლების მიღების პირდაპირ ჩვენებას. ამ წალმებს ბევრი გართულება აქვს და გახანგრძლივებული მოქმედებისაა. სწრაფად მათი მოქმედების შემაჩერებელი წამლები არ გვაქვს, ასე რომ მათი მიღება ძალიან საფრთხილოა.“
„თუნდაც პატარა სისხლჩაქცევა თავისუფლად ამატებს D-დიმერის რაოდენობას. ეს არ ნიშნავს, რომ იქ სადმე თრომბია და აუცილებლად უნდა დავიწყოთ ანტიკოაგულანტი. ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო ასეთი მედიკამენტის მიღებისას. მხოლოდ D-დიმერით მუშაობა ძალიან არასწორია. თრომბოციტები უნდა იყოს შემოწმებული, ასევე თირკმლის ფუნქცია. ყოველგვარი მანიპულაციის გარეშე ამ წამლების დაწყება ძალიან საშიშია,“ - აღნიშნულ საკითხზე ეკა ჭოლაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.