Baby Bag

ჩივილები, ​რომლის დროსაც უნდა მივაკითხოთ გინეკოლოგს

ჩივილები, ​რომლის დროსაც უნდა მივაკითხოთ გინეკოლოგს

დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. როდის უნდა მივაკითხოთ გინეკოლოგს? - დღეს მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.

გინეკოლოგია მედიცინის დარგია, რომელიც შეისწავლის ქალის სასქესო სისტემასთან დაკავშირებულ დაავადებებს. თუ პაციენტს არანაირი ჩივილები არ აქვს, სასურველია, პირველი ვიზიტი 13-15 წლის ასაკში ჩატარდეს.
რატომ უნდა მივაკითხოთ გინეკოლოგს, თუ არანაირი ჩივილი არ გვაქვს?
თუ არანაირი ჩივილი არ გაქვთ, სასურველია, წელიწადში 2-ჯერ ჩაიტაროთ პროფილაქტიკური გასინჯვა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დაავადებების დიდი ნაწილი პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
ასევე აუცილებელია სქესობრივი ცხოვრების დაწყებისთანავე გინეკოლოგთან ვიზიტი, რომ მასთან ერთად დაგეგმოთ კონტრაცეპციის მეთოდები არასასურველი ორსულობისგან თავის დასაცავად და ასევე, როგორ იყოთ დაცული სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან.

​რა სიმპტომებისა და ჩივილების დროს და საერთოდ როდის უნდა მივაკითხოთ გინეკოლოგს?
თუ გაქვთ:
  • მუცლის ქვედა ნაწილში სხვადასხვა ხასიათის ტკივილი
  • ქაჩვის შეგრძნება
  • შორისის მიდამოში ბურთისებური წარმონაქმნის არსებობა
  • საშოდან სისხლიანი ან ხორცის ნახარშის მსგავსი გამონადენი
  • ანთებითი პროცესები: სიწითლე, შეშუპება, ტკივილი გენიტალიების არეში
  • გამონაყარი გენიტალიების არეში
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევა
  • ჭარბი მენსტრუაცია ან პირიქით შემცირებული მენსტრუაცია
  • სასქესო ორგანოების მიდამოში ქავილი
  • შარდის საგრძნობი გახშირები ან უნებლიე შარდვა
  • შარდვის დროს წვის შეგრძნება
  • საშოდან ჭარბი გამონადენი
  • კონტრაცეპტივის შერჩევისთვის
  • ორსულობის დაგეგმვისთვის.
  • უშვილობის რისკის შემთხვევაში.
  • ე.წ. ალები, კლიმაქტერული სინდრომი

​ციკლის რომელ ფაზაშია უმჯობესი გინეკოლოგთან ვიზიტი?

​ვიზიტისათვის შეარჩიეთ ციკლის პირველი დღეები (სასურველია, მე-7, მე-8 ან მე-9 დღე), ვინაიდან კვლევების უმრავლესობა ტარდება ციკლის პირველ ფაზაში.

​შეიძლება თუ არა მენსტრუალური ციკლის დროს ვიზიტის ჩატარება?

​ვიზიტის ჩატარება, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ არ არის სასურველი ციკლის დროს მისვლა, ვინაიდან გარკვეული კვლევების ჩატარება ვერ მოხერხდება და მოგიწევთ განმეორებით მისვლა ციკლის დამთავრების შემდეგ. მაგრამ თუ ციკლის დროს დაგეწყოთ გაუსაძლისი ტკივილი ან სხვა რაიმე ჩივილი, ვიზიტი ნამდვილად არ უნდა გადადოთ.

​როგორ უნდა მოვემზადოთ ვიზიტისთვის?

​რაიმე განსაკუთრებული მომზადება არ არის საჭირო. უმჯობესია, დაიბანოთ ვიზიტამდე წინა საღამოს. თუ იღებთ ანტივირსულ ან ანტიმიკოზურ საშუალებებს, უნდა შეწყვიტოთ ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, ასევე 2-3 დღით შეიკავეთ თავი სქესობრივი ცხოვრებისგან.

​რა ხდება ვიზიტზე გინეკოლოგთან?


​პირველ რიგში, ხდება გასაუბრება, ანამნეზის შეკრება. ექიმი გისვამთ კითხვებს თქვენს ზოგად მდგომარეობაზე, ჩივილებზე, გადატანილ დაავადებებზე. შემდეგ ხდება გინეკოლოგიურ სავარძელზე ქალის გასინჯვა. საშოსა და საშვილოსნოს ყელის ვიზუალური შეფასება. საჭიროების შემთხვევაში საშოს ნაცხის, პაპ-ტესტის აღება, კოლპოსკოპისს ჩატარება (რაც დამოკიდებულია პაციენტის ჩივილებზე).

​ასევე სასურველია, გინეკოლოგიური ულტრაგბერითი კვლევის (ექოსკოპიის ჩატარება). გარდა ამისა, შესაძლოა, დამატებით ანალიზის ჩაბარება გახდეს საჭირო (ისევ პაციენტის ჩივილებიდან გამომდინარე).

​როგორ ინიშნება მკურნალობა?
მკურნალობა ინიშნება ანალიზების (ნაცხი, ჰორმონული ანალიზი ან სხვა) პასუხებზე დაყრდნობით. შესაძლებელია დასალევი მედიკამენტის დანიშვნა, ვაგინალური ან რექტალური სანთლის გამოყენება, საშოს სპრეის გამოყენება. საინექციო მედიკამენტის დანიშვნა ხდება შედარებით იშვიათად.
გავიმერებ, ყველა პაციენტი არის ინდივიდუალური და საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას, ასევე მედიკამენტის სხვადასხვა ფორმის, დოზის და სახის შერჩევას, რაც უნდა მოხდეს პაციენტთან და ექიმთან ერთობლივი შეთანხმებით.

​გისურვებთ ჯანმრთელობას!

შეიძლება დაინტერესდეთ

„საკეისრო კვეთა თუ კეთდება ჩვენების გარეშე, ექიმმა ეს ბრძოლა წააგო,“ - მეან-გინეკოლოგი ნიკოლოზ კინტრაია

„საკეისრო კვეთა თუ კეთდება ჩვენების გარეშე, ექიმმა ეს ბრძოლა წააგო,“ - მეან-გინეკოლოგი ნიკოლოზ კინტრაია

მეან-გინეკოლოგმა ნიკოლოზ კინტრაიამ ბუნებრივი მშობიარობის უპირატესობებზე ისაუბრა და არასაჭირო შემთხვევებში საკეისრო კვეთის გაკეთების მავნე მხარეებს გაუსვა ხაზი:

„საკეისრო კვეთა არის ოპერაცია, რომელსაც აქვს თავისი ჩვენება. საკეისრო კვეთა თუ კეთდება ჩვენების გარეშე, ექიმმა ეს ბრძოლა წააგო. ექიმი ვალდებულია სწორად აუხსნას, თუ რატომ უნდა იმშობიაროს ქალმა 12-16 საათის განმავლობაში, როდესაც 40 წუთში გაუკეთებენ ოპერაციას. აქ ეთიკური საკითხები წამოიწევს ხოლმე წინა პლანზე.“

ნიკოლოზ კინტრაიას თქმით, საკეისრო კვეთით დაბადებულ ბავშვებს ამ მიზეზით ნაკლოვანებები არ აქვთ:

„მინდა ზუსტად ვუთხრა ყველას, რომ თუ ვინმე საკეისრო კვეთით არის დაბადებული, არ ნიშნავს, რომ მას რაიმე ნაკლი აქვს. ის ადამიანი, ვინც ძალიან ნიჭიერია, საკეისრო კვეთით არის დაბადებული, წარმატებული მეცნიერია, კიდევ უფრო ნიჭიერი და წარმატებული იქნებოდა ფიზიოლოგიურად რომ დაბადებულიყო. ​ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს ნაყოფი ემზადება დამოუკიდებლად სიცოცხლის დასაწყებად. პირველ დღეებსა და თვეებში სტრესის მიმართ ფიზიოლოგიური მშობიარობით დაბადებული ახალშობილები ბევრად უფრო გამძლეები არიან.“

„არსებობს მეცნიერული კვლევებით დადასტურებული მოსაზრებები, რომ სხვადასხვა პათოლოგიის, მათ შორის, აუტიზმის განვითარების რისკი საკეისრო კვეთით დაბადებულ ახალშობილებში უფრო მეტია, ვიდრე ბუნებრივი გზით დაბადებულ ახალშობილებში. წარმოიდგინეთ ექიმის პოზიცია. ექიმი, რომელმაც 16 საათი უნდა გაატაროს მშობიარესთან და ნაკლებ ანაზღაურებას მიიღებს, ვიდრე 40 წუთში გააკეთებს ოპერაციას, წავა სახლში, თავის საქმეს მიხედავს. ეს ადამიანი თავის ინტერესებს მაინც გვერდზე გადაწევს, ურჩევს მშობიარეს: „შენთან ერთად ვიქნები 18 საათის განმავლობაში, მაგრამ მოდი, ამ გზით წავიდეთ.“ იმიტომ, რომ ასე სჯობს ნაყოფისთვისაც, დედისთვისაც. პერინატალურ გამოსავალზეა დამოკიდებული მთელი ჩვენი ქვეყნის მომავალი, რამდენად ჯანმრთელი ბავშვები დაიბადებიან, დედა რამდენად ჯანმრთელი იქნება,“ - აღნიშნულ საკითხზე ნიკოლოზ კინტრაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად