დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ვიტამინები და მინერალები, რომლებიც მეტაბოლიზმს აჩქარებენ - ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა.
განვიხილოთ ვიტამინების და მინერალების მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ჩამონათვალი, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენი მეტაბოლიზმის (საკუთრივ მეტაბოლიზმზე და ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ ვიტამინებსა და მინერალებზე ჩვენ ვრცლად ვისაუბრეთ წინა რუბრიკებში) აჩქარებას.
მეტაბოლიზმზე დადებით გავლენას ახდენენ: B და D ჯგუფის ვიტამინები, ასევე მინერალები: კალციუმი, რკინა და მაგნიუმი. ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთის რეკომენდებულია ზემოთ ჩამოთვლილი ვიტამინებისა და მინერალების დონე ორგანიზმში გვქონდეს ნორმის ფარგლებში, ამიტომ კვების რაციონი მუდმივად უნდა გავამდიდროთ მათი შემცველობის საკვებით.
B ჯგუფის ვიტამინები - საკვები, რომლებიც შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს: უცხიმო ხორცი და ზღვის პროდუქტები, მარცვლეული: მათ შორის, ქერი და ყავისფერი ბრინჯი, რძის პროდუქტები, კვერცხი, ზოგიერთი ხილი, მაგალითად, ბანანი, ვაშლი, ყურძენი და საზამთრო, თხილი, ზოგიერთი ბოსტნეული, მათ შორის, ისპანახი, კარტოფილი და გოგრა.
D ვიტამინი - საკვები, რომელიც შეიცავს D ვიტამინს: კვერცხის გული, ცხიმიანი თევზი, საქონლის ღვიძლი, რძის ნაწარმი, სოკოს ზოგიერთი ტიპი.
რკინა - რკინის წყაროა: ხორცი, ლობიო, წიწიბურა, ყავისფერი ბრინჯი, თხილი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, სოიო.
მაგნიუმი- მაგნიუმით მდიდარი საკვებია: თხილეული, პარკოსნები, ისპანახი, ორაგული, კარტოფილი.
აქვე გვახსოვდეს, რომ თუ ორგანიზმს აქვს რომელიმე ვიტამინის ან მინერალის დეფიციტი, რთულია დეფიციტის მხოლოდ საკვებით შევსება, ასეთ დროს რეკომედებულია ექიმის მეთვაყურეობის ქვეშ დანამატების სახით მათი მიღება, ხოლო დაბალანსებული, რაციონალური და მრავალფეროვანი კვება კი დაგვეხმარება პრევენციული ზომების მიღებაში.
რომელი ვაქცინაა უფრო ძლიერი დელტა შტამის მიმართ? - ინფექციონისტი ელენე პაჭკორია ვაქცინების ეფექტიანობის შესახებ
ინფექციონისტმა ელენე პაჭკორიამ დელტა შტამის სწრაფი გავრცელებისა და ვაქცინების ეფექტიანობის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მალე დელტა შტამის გავრცელება 100 %-მდე აიწევს:
„მსოფლიოში დომინანტი ხდება დელტა ვარიანტი. ის უკვე 98 ქვეყანაშია გავრცელებული. 93 %-ში დღეს დელტა ვარიანტი ცირკულირებს. ფიქრობენ, რომ მისი გავრცელება თითქმის 100 %-მდე ავა. ვაქცინაცია მაინც ეფექტიანია. ვაქცინამ შეიძლება ვერ დაიცვას დაინფიცირებისგან ადამიანი, მაგრამ დაიცავს ჰოსპიტალიზაციის, მძიმე მიმდინარეობისა და ლეტალობისგან. არავაქცინირებულთან შედარებით ვაქცინირებული დაინფიცირებისგანაც მეტად დაცულია. ამიტომ აუცილებელია დღესდღეობით, რომ შევაჩეროთ პანდემია და შევაჩეროთ ვირუსის შემდგომი მუტაცია.“
ელენე პაჭკორიას თქმით, რაც უფრო მეტად გავრცელდება ვირუსი, მით მეტად განიცდის ის მუტაციას და გაჩნდება შტამები, რომლებიც ვაქცინას არ დაემორჩილება:
„ახლა სხვა შტამებიც გამოჩნდა. სამხრეთ ამერიკაში არის ვარიანტი, რომელსაც ლამბდას ეძახიან. ლამბდაზე ამბობენ, რომ ამ შტამს აქვს რეზისტენტობა ვაქცინების მიმართ. რაც უფრო მეტად გავრცელდება ეს ვირუსი, მით უფრო მეტად განიცდის მუტაციას, მიტ უფრო მეტად გაჩნდება შტამები, რომლებიც არ დაემორჩილება შემდგომში ვაქცინაციას. სანამ ვაქცინაციის პროცესი დასრულდება, აუცილებლად საჭიროა, დავიცვათ ის წესები, რაც ხალხისთვის უკვე ცნობილია. დავიცვათ დისტანცია, გავიკეთოთ პირბადე და მოვერიდოთ თავშეყრის ადგილებს. პარალელურ რეჟიმში, რა თქმა უნდა, გავიკეთოთ ვაქცინაცია. ფაიზერზე იყო ცნობილი, რომ 88 %-ში იყო დაცვა, ასტრაზენეკასთან დაკავშირებით კი 66-67 %-ში.“
„ერთ-ერთი ინფორმაციით, ინაქტივირებული ვაქცინა 80 %-მდე ეფექტიანია. ის ხელს შეუწყობს, რომ შეიქმნას იმუნური ფენა. რაც იქნება ხელმისაწვდომი, იმით უნდა ავიცრათ. ზოგიერთ ადამიანს შიში აქვს „ფაიზერის“ მიმართ და ურჩევნია ინაქტივირებული ვაქცინა. თუ ურჩევნიათ, სჯობს ამ ვაქცინებით აიცრან, ვიდრე საერთოდ არ გაიკეთონ ვაქცინა,“ - აღნიშნულ საკითხზე ელენე პაჭკორიამ „რადიო თავისუფლების“ ეთერში ისაუბრა.