დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ვიტამინები და მინერალები, რომლებიც მეტაბოლიზმს აჩქარებენ - ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა.
განვიხილოთ ვიტამინების და მინერალების მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ჩამონათვალი, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენი მეტაბოლიზმის (საკუთრივ მეტაბოლიზმზე და ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ ვიტამინებსა და მინერალებზე ჩვენ ვრცლად ვისაუბრეთ წინა რუბრიკებში) აჩქარებას.
მეტაბოლიზმზე დადებით გავლენას ახდენენ: B და D ჯგუფის ვიტამინები, ასევე მინერალები: კალციუმი, რკინა და მაგნიუმი. ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთის რეკომენდებულია ზემოთ ჩამოთვლილი ვიტამინებისა და მინერალების დონე ორგანიზმში გვქონდეს ნორმის ფარგლებში, ამიტომ კვების რაციონი მუდმივად უნდა გავამდიდროთ მათი შემცველობის საკვებით.
B ჯგუფის ვიტამინები - საკვები, რომლებიც შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს: უცხიმო ხორცი და ზღვის პროდუქტები, მარცვლეული: მათ შორის, ქერი და ყავისფერი ბრინჯი, რძის პროდუქტები, კვერცხი, ზოგიერთი ხილი, მაგალითად, ბანანი, ვაშლი, ყურძენი და საზამთრო, თხილი, ზოგიერთი ბოსტნეული, მათ შორის, ისპანახი, კარტოფილი და გოგრა.
D ვიტამინი - საკვები, რომელიც შეიცავს D ვიტამინს: კვერცხის გული, ცხიმიანი თევზი, საქონლის ღვიძლი, რძის ნაწარმი, სოკოს ზოგიერთი ტიპი.
რკინა - რკინის წყაროა: ხორცი, ლობიო, წიწიბურა, ყავისფერი ბრინჯი, თხილი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, სოიო.
მაგნიუმი- მაგნიუმით მდიდარი საკვებია: თხილეული, პარკოსნები, ისპანახი, ორაგული, კარტოფილი.
აქვე გვახსოვდეს, რომ თუ ორგანიზმს აქვს რომელიმე ვიტამინის ან მინერალის დეფიციტი, რთულია დეფიციტის მხოლოდ საკვებით შევსება, ასეთ დროს რეკომედებულია ექიმის მეთვაყურეობის ქვეშ დანამატების სახით მათი მიღება, ხოლო დაბალანსებული, რაციონალური და მრავალფეროვანი კვება კი დაგვეხმარება პრევენციული ზომების მიღებაში.
„შვილის სპორტზე მიყვანა არის აუცილებლობა, ეს რჩევა მექნება მშობლებისთვის,“- ბავშვთა ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავა
ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ირაკლი ფაღავამ ბავშვებსა და მოზარდებში სიმსუქნის პრობლემის აქტუალობის შესახებ ისაუბრა და მშობლებს მოუწოდა შვილები სპორტზე აუცილებლად ატარონ:
„სიმსუქნის პრობლემა ჩვენს ბავშვებსა და მოზარდებში ძალიან აქტუალურია. მიზეზი გასაგებია. წინანდელ თაობებს რომ შევადაროთ, ბავშვები გაცილებით ნაკლებს მოძრაობენ. ცხოვრების წესი შეიცვალა, გაძლიერებულია ინტელექტუალური დატვირთვა, ეკრანთან მიჯაჭვულობა. ბავშვები გაცილებით ნაკლებს მოძრაობენ და გაცილებით მეტ კალორიას იღებენ, მათ შორის რაფინირებული, ადვილად შეწოვადი ნახშირწყლების სახით. მოსახლეობა მაქსიმალურად გადასულია სუპერმარკეტში არსებულ კონსერვანტებით, დამატკბობლებით, შაქრით გამდიდრებულ პროდუქტებზე. შედეგი სახეზეა. სიმსუქნის ეპიდემია, რომელიც დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, ჩვენამდეც მოვიდა.
რჩევა მექნება მშობლებისთვის: შვილის სპორტზე მიყვანა არის აუცილებლობა. თუ ვინმეს შვილი ხელს არ იბანს, იგივენაირად, თუ სპორტზე არ დადის, ეს არის ხელის არდაბანვის ტოლფასი დანაშაული, მე ვიტყოდი. მაქსიმალურად ყველას მოგიწოდებთ, ტკბილეულობას, ნამცხვრებს, კანფეტებს კონსერვანტებით გამდიდრებულ პროდუქტებს ნუ შევიძენთ. თქვენ თუ არ შეიძენთ და სახლში არ მოიტანთ, თქვენი შვილები ამას ვერ შეჭამენ,“-აღნიშნა ირაკლი ფაღავამ.