დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ვიტამინები და მინერალები, რომლებიც მეტაბოლიზმს აჩქარებენ - ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა.
განვიხილოთ ვიტამინების და მინერალების მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ჩამონათვალი, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენი მეტაბოლიზმის (საკუთრივ მეტაბოლიზმზე და ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ ვიტამინებსა და მინერალებზე ჩვენ ვრცლად ვისაუბრეთ წინა რუბრიკებში) აჩქარებას.
მეტაბოლიზმზე დადებით გავლენას ახდენენ: B და D ჯგუფის ვიტამინები, ასევე მინერალები: კალციუმი, რკინა და მაგნიუმი. ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთის რეკომენდებულია ზემოთ ჩამოთვლილი ვიტამინებისა და მინერალების დონე ორგანიზმში გვქონდეს ნორმის ფარგლებში, ამიტომ კვების რაციონი მუდმივად უნდა გავამდიდროთ მათი შემცველობის საკვებით.
B ჯგუფის ვიტამინები - საკვები, რომლებიც შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს: უცხიმო ხორცი და ზღვის პროდუქტები, მარცვლეული: მათ შორის, ქერი და ყავისფერი ბრინჯი, რძის პროდუქტები, კვერცხი, ზოგიერთი ხილი, მაგალითად, ბანანი, ვაშლი, ყურძენი და საზამთრო, თხილი, ზოგიერთი ბოსტნეული, მათ შორის, ისპანახი, კარტოფილი და გოგრა.
D ვიტამინი - საკვები, რომელიც შეიცავს D ვიტამინს: კვერცხის გული, ცხიმიანი თევზი, საქონლის ღვიძლი, რძის ნაწარმი, სოკოს ზოგიერთი ტიპი.
რკინა - რკინის წყაროა: ხორცი, ლობიო, წიწიბურა, ყავისფერი ბრინჯი, თხილი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, სოიო.
მაგნიუმი- მაგნიუმით მდიდარი საკვებია: თხილეული, პარკოსნები, ისპანახი, ორაგული, კარტოფილი.
აქვე გვახსოვდეს, რომ თუ ორგანიზმს აქვს რომელიმე ვიტამინის ან მინერალის დეფიციტი, რთულია დეფიციტის მხოლოდ საკვებით შევსება, ასეთ დროს რეკომედებულია ექიმის მეთვაყურეობის ქვეშ დანამატების სახით მათი მიღება, ხოლო დაბალანსებული, რაციონალური და მრავალფეროვანი კვება კი დაგვეხმარება პრევენციული ზომების მიღებაში.
როდის არის რეკომენდებული საუზმე და რა მივირთვათ დილას? - ექიმის რჩევები
მედიაპორტალი MomsEdu.geტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. როგორი უნდა იყოს საუზმე და დილის რომელ მონაკვეთშია რეკომენდებული დღის პირველი ულუფის მიღება? - ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა.
საუზმე სწორედ დღის ის მონაკვეთია, რომლის დროსაც ორგანიზმმა უნდა შეივსოს ფაქტობრივად მთელი დღის პირველი ნახევრისთვის საჭირო რესურსი. ზოგადად საუზმისთვის იდეალური დრო დილის 08:00-10:00 შუალედია, გამონაკლისების გარდა, როცა ადამიანი იცავს ინტერვალურ შიმშილს. ასეთ დროს შეიძლება მისი საუზმე იწყებოდეს 12:00 სთ-ზე (აქ, თავის მხრივ, გათვალისწინებული უნდა იყოს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, განსაკუთრებით, კუჭ-ნაწლავის სისტემის გამართულობა). სასურველია, საუზმემდე 20-30 წთ-ით ადრე მივიღოთ ოთახის ტემპერატურის წყალი (ჩვეულებრივი ონკანის წყალი) დაახლობით 200-300 მლ.
რაც შეეხება კონკრეტულად საუზმის რაციონს, აქ შეგიძლიათ იყოთ მეტად თამამები, ვიდრე დღის სხვა მონაკვეთში, რადგან დღის სხვა მონაკვეთთან შედარებით, საუზმეზე მიღებული კალორიების დაწვა ორგანიზმისთვის ბევრად იოლია. ზომიერების ფარგლებში საუზმეზე შეგიძლიათ, მიირთვათ თქვენთვის საყვარელი პურფუნთუშეული, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ თქვენი საუზმე შეადგენს მხოლოდ ნახშირწყალს, მას ორგანიზმი მალევე გახარჯავს და შიმშილის გრძნობაც მალე დაგიბრუნდებათ. ამიტომ სასურველია, საუზმე იყოს მდიდარი ცილებით, ჯანსაღი მცენარეული ცხიმით და მათთან ერთად საუზმობის დროს თამამად შეიძლება ნახშირწყლების მირთმევაც. ასეთი ტიპის საუზმის დროს ნაყროვანების შეგრძნება სადილამდე გარანტირებული გაქვთ.
მაგალითისთვის მოვიყვან სასურველი საუზმის რამდენიმე ვარიანტს:
2 ცალი მოხარშული ან მცირე მცენარეულ ცხიმზე შემწვარი კვერცხი + 100 გრ ყველი + 1 ნაჭერი პური
წყალზე ან რძეზე დამზადებული 2-3 სუფრის კოვზი ნებისმიერი ფაფა (შვრია, მანანის ბურღული, წიწიბურა, ბრინჯი, ფეტვი და ა.შ.) + 100 გრ ყველი ან 1 ბანანი ან 100-150 გრ. ჩირეულის და თხილეულის ნაზავი
ე.წ. ბუტერბროდი: პური, ყველი, სალათის ფურცელი, კიტრი, პომიდორი, ავოკადო და თქვენთის სასურველი ხორცეული.
სწორად დაწყებული დღის რაციონი ჯანმრთელი მეტაბოლიზმის გარანტიაა.