დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ვიტამინები და მინერალები, რომლებიც მეტაბოლიზმს აჩქარებენ - ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა.
განვიხილოთ ვიტამინების და მინერალების მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ჩამონათვალი, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენი მეტაბოლიზმის (საკუთრივ მეტაბოლიზმზე და ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ ვიტამინებსა და მინერალებზე ჩვენ ვრცლად ვისაუბრეთ წინა რუბრიკებში) აჩქარებას.
მეტაბოლიზმზე დადებით გავლენას ახდენენ: B და D ჯგუფის ვიტამინები, ასევე მინერალები: კალციუმი, რკინა და მაგნიუმი. ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთის რეკომენდებულია ზემოთ ჩამოთვლილი ვიტამინებისა და მინერალების დონე ორგანიზმში გვქონდეს ნორმის ფარგლებში, ამიტომ კვების რაციონი მუდმივად უნდა გავამდიდროთ მათი შემცველობის საკვებით.
B ჯგუფის ვიტამინები - საკვები, რომლებიც შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს: უცხიმო ხორცი და ზღვის პროდუქტები, მარცვლეული: მათ შორის, ქერი და ყავისფერი ბრინჯი, რძის პროდუქტები, კვერცხი, ზოგიერთი ხილი, მაგალითად, ბანანი, ვაშლი, ყურძენი და საზამთრო, თხილი, ზოგიერთი ბოსტნეული, მათ შორის, ისპანახი, კარტოფილი და გოგრა.
D ვიტამინი - საკვები, რომელიც შეიცავს D ვიტამინს: კვერცხის გული, ცხიმიანი თევზი, საქონლის ღვიძლი, რძის ნაწარმი, სოკოს ზოგიერთი ტიპი.
რკინა - რკინის წყაროა: ხორცი, ლობიო, წიწიბურა, ყავისფერი ბრინჯი, თხილი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, სოიო.
მაგნიუმი- მაგნიუმით მდიდარი საკვებია: თხილეული, პარკოსნები, ისპანახი, ორაგული, კარტოფილი.
აქვე გვახსოვდეს, რომ თუ ორგანიზმს აქვს რომელიმე ვიტამინის ან მინერალის დეფიციტი, რთულია დეფიციტის მხოლოდ საკვებით შევსება, ასეთ დროს რეკომედებულია ექიმის მეთვაყურეობის ქვეშ დანამატების სახით მათი მიღება, ხოლო დაბალანსებული, რაციონალური და მრავალფეროვანი კვება კი დაგვეხმარება პრევენციული ზომების მიღებაში.
„მაცივრის პროდუქტები ამ სამი კატეგორიის ხალხში რიგი დაავადებების განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს,“- გიორგი ღოღობერიძის რჩევები
ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ მაცივარში შენახული პროდუქტებისგან მომდინარე საფრთხის შესახებ ისაუბრა და ორსულებს, სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებსა და 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს საინტერესო რჩევები მისცა:
„ეს თემა საინტერესოა ორსულებისთვის, 65 წელზე მეტი ადამიანებისა და იმუნური სისტემის დაქვეითების პრობლემის მქონე ადამიანებისთვის. ეს თემა აქტუალურია იმიტომ, რომ მაცივარში ბევრ რამეს ვინახავთ. მაცივრის პროდუქტები ამ სამი კატეგორიის ხალხში რიგი დაავადებების განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს. დაავადება, რომელსაც დღეს გავარჩევთ, იქნება ლისტერიოზი. ამ თემის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე. ლისტერიოზი არის დაავადება, რომლის წარმოშობა ბაქტერიულია. რა უნდა ვიცოდეთ ამ ბაქტერიაზე? ეს ბაქტერია გვხვდება მაცივარში. მაცივარში ის აზიანებს პროდუქტებს, ხორცს, რძეს. თუ ორსული, 65 წელს გადაცილებული ადამიანი ან იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანი დალევს ამ არაპასტერიზებულ რძეს, ან მიირთმევს ამ დელიკატურ ხორცს, შეიძლება მას განუვითარდეს ლისტერიოზი. მსუბუქ შემთხვევებში ადამიანს ექნება ცხელება, კუნთების ტკივილი, ფაღარათი და ალაგდება თავისით.“
„მძიმე შემთხვევებში ლისტერიოზს შეიძლება ჰქონდეს სხვა გართულებები. შეიძლება იყოს სეფსისი, თავის ტვინის ანთება, ენცეფალიტი, მენინგიტი, ან ორივე ერთდროულად, აბსცესი. ფეხმძიმეები, რომლებიც დალევენ ამ არაპასტერიზებულ რძეს ან მიირთმევენ ხორცს, ექნებათ გრიპის მსგავსი სიმპტომები. ის იფიქრებს, რომ კოვიდი აქვს და შეიძლება არ მიაქციოს ყურადღება. ამ შემთხვევაში ლისტერია ვრცელდება საშვილოსნოს გავლით და შესაძლოა, მიაღწიოს ნაყოფს. ლისტერიოზი ფეხმძიმეებში იწვევს მკვდრადშობადობას, აბორტს. შეიძლება ნაყოფში გამოიწვიოს თავის ტვინის ანთება, აბსცესი, სეფსისი. როცა საქმე ეხება ფეხმძიმეებს, ასაკოვან ადამიანებს და სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს, მათთვის კატეგორიულად არ შეიძლება არაპასტერიზებული რძის და ხორცის პროდუქტების მირთმევა, რომელიც ინახება მაცივარში. თუ მაინც გვინდა, რომ მაცივარში შენახული რძე დავლიოთ, ეს რძე უნდა გაცხელდეს 63 გრადუსამდე 30 წუთის განმავლობაში, ან 72 გრადუსამდე 15 წუთის განმავლობაში. ეს არის ძალიან საკვანძო საკითხი. ხშირია ზამთრის პერიოდში აბორტები არაპასტერიზებული რძის და ხორცის პროდუქტების მიღების გამო,“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.