დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ვიტამინები და მინერალები, რომლებიც მეტაბოლიზმს აჩქარებენ - ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა.
განვიხილოთ ვიტამინების და მინერალების მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ჩამონათვალი, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენი მეტაბოლიზმის (საკუთრივ მეტაბოლიზმზე და ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ ვიტამინებსა და მინერალებზე ჩვენ ვრცლად ვისაუბრეთ წინა რუბრიკებში) აჩქარებას.
მეტაბოლიზმზე დადებით გავლენას ახდენენ: B და D ჯგუფის ვიტამინები, ასევე მინერალები: კალციუმი, რკინა და მაგნიუმი. ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთის რეკომენდებულია ზემოთ ჩამოთვლილი ვიტამინებისა და მინერალების დონე ორგანიზმში გვქონდეს ნორმის ფარგლებში, ამიტომ კვების რაციონი მუდმივად უნდა გავამდიდროთ მათი შემცველობის საკვებით.
B ჯგუფის ვიტამინები - საკვები, რომლებიც შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს: უცხიმო ხორცი და ზღვის პროდუქტები, მარცვლეული: მათ შორის, ქერი და ყავისფერი ბრინჯი, რძის პროდუქტები, კვერცხი, ზოგიერთი ხილი, მაგალითად, ბანანი, ვაშლი, ყურძენი და საზამთრო, თხილი, ზოგიერთი ბოსტნეული, მათ შორის, ისპანახი, კარტოფილი და გოგრა.
D ვიტამინი - საკვები, რომელიც შეიცავს D ვიტამინს: კვერცხის გული, ცხიმიანი თევზი, საქონლის ღვიძლი, რძის ნაწარმი, სოკოს ზოგიერთი ტიპი.
რკინა - რკინის წყაროა: ხორცი, ლობიო, წიწიბურა, ყავისფერი ბრინჯი, თხილი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, სოიო.
მაგნიუმი- მაგნიუმით მდიდარი საკვებია: თხილეული, პარკოსნები, ისპანახი, ორაგული, კარტოფილი.
აქვე გვახსოვდეს, რომ თუ ორგანიზმს აქვს რომელიმე ვიტამინის ან მინერალის დეფიციტი, რთულია დეფიციტის მხოლოდ საკვებით შევსება, ასეთ დროს რეკომედებულია ექიმის მეთვაყურეობის ქვეშ დანამატების სახით მათი მიღება, ხოლო დაბალანსებული, რაციონალური და მრავალფეროვანი კვება კი დაგვეხმარება პრევენციული ზომების მიღებაში.
„ბავშვს ზღვიდან ამოსვლის შემდეგ ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა გადავავლოთ წყალი,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე
პედიატრმა თემურ მიქელაძემ ზაფხულში ბავშვთა და მოზარდთა ჰიგიენის წესების შესახებ ისაუბრა, რომლებიც აუცილებლად უნდა დავიცვათ. მან აღნიშნა, რომ კანის გამოშრობის თავიდან ასაცილებლად, ბავშვები სითხეებით უნდა დავტვირთოთ:
„მაღალი ტემპერატურის დროს, როდესაც ბავშვები მიდიან ზღვის კურორტებზე, კანი შეიძლება გამოშრეს. ეს შეიძლება მოხდეს მთაშიც, რა თქმა უნდა. ექიმებმა მშობლებს რეკომენდაცია უნდა მივცეთ სითხეებით დატვირთვით დავატენიანოთ თუ ზოგ შემთხვევაში გამოვიყენოთ დამატენიანებელი. ზაფხულის პერიოდში ჩვენ დამატენიანებელ საშუალებებს ვერიდებით. პირველ რიგში, არის მაინც გარუჯვა. გარუჯვისთვის აუცილებელია ბავშვები დავიცვათ პირდაპირი მოქმედების მზის სხივებისგან. აუცილებელია სპეციალური დამცავი საშუალებების გამოყენება, განსაკუთრებით იმ ბავშვებში, რომლებსაც ჭრელი აქვთ კანი, უფრო მეტად თეთრები არიან.“
თემურ მიქელაძის თქმით, მოუვლელი კანი მარტივად შეიძლება დაინფიცირდეს:
„თუ კანი არ იქნა მოვლილი, შეიძლება ის დაინფიცირდეს. იყოს სხვადასხვა ჩირქოვანი ინფექციების, სტაფილო ან სტრეპტოდერმების წყარო, რომელთა მომართვიანობა, როგორც წესი, ზაფხულის პერიოდში იზრდება. კანის გამონაყარი მაინც ასოცირდება ზღვის კურორტებთან ან მტკნარი წყლის კურორტებთან. აქ აუცილებელია, რომ ეს სანაპიროები მაქსიმალურად იყოს მოვლილი.“
თემურ მიქელაძემ აღნიშნა, რომ დაბინძურებული ზღვის სანაპიროები ხშირად ხდება ენტეროვირუსებითა და ნაწლავთა ვირუსული ინფექციებით დაავადების მიზეზი:
„ბოლო პერიოდში საქართველოში ზღვის სანაპიროები უკვე მოვლილი ხდება. 5-10 წლის წინ იყო კატასტროფული მდგომარეობა. სანაპიროზე იყო ფეკალიები, ბავშვის საფენები. ხანდახან ეს ახლაც არის, რა თქმა უნდა. განსაკუთრებით ეს ეხება ურეკის სანაპიროს. სწორედ აქედან მოდიან პაციენტები ნაწლავთა ვირუსული ინფექციებით, ენტეროვირუსული ინფექციებით, კანის ჩირქოვანი დაზიანებებით. კანის ჩირქოვანი დაზიანების ძირითადი გამომწვევი სტრეპტოკოკია. სტრეპტოკოკმა შეიძლება დააზიანოს თირკმელები, გული, ნუშურა ჯირკვლები.“
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აუცილებელია პირადი ჰიგიენური ნორმების დაცვა ასეთ კურორტებზე. ბავშვს ზღვიდან ამოსვლის შემდეგ ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა გადავავლოთ წყალი. ხშირად უნდა იბანაოს ბავშვმა ზაფხულის პერიოდში, დილას ან საღამოს მაინც გამდინარე წყლით და არა რეზერვუარში დაგროვილი წყლით. ბავშვს უნდა გადავავლოთ თბილი წყალი. არც ცხელი და არც უკიდურესად ცივი არ უნდა იყოს წყალი,“ - აღნიშნულ საკითხებზე თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.