დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ვიტამინები და მინერალები, რომლებიც მეტაბოლიზმს აჩქარებენ - ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა.
განვიხილოთ ვიტამინების და მინერალების მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ჩამონათვალი, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენი მეტაბოლიზმის (საკუთრივ მეტაბოლიზმზე და ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ ვიტამინებსა და მინერალებზე ჩვენ ვრცლად ვისაუბრეთ წინა რუბრიკებში) აჩქარებას.
მეტაბოლიზმზე დადებით გავლენას ახდენენ: B და D ჯგუფის ვიტამინები, ასევე მინერალები: კალციუმი, რკინა და მაგნიუმი. ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთის რეკომენდებულია ზემოთ ჩამოთვლილი ვიტამინებისა და მინერალების დონე ორგანიზმში გვქონდეს ნორმის ფარგლებში, ამიტომ კვების რაციონი მუდმივად უნდა გავამდიდროთ მათი შემცველობის საკვებით.
B ჯგუფის ვიტამინები - საკვები, რომლებიც შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს: უცხიმო ხორცი და ზღვის პროდუქტები, მარცვლეული: მათ შორის, ქერი და ყავისფერი ბრინჯი, რძის პროდუქტები, კვერცხი, ზოგიერთი ხილი, მაგალითად, ბანანი, ვაშლი, ყურძენი და საზამთრო, თხილი, ზოგიერთი ბოსტნეული, მათ შორის, ისპანახი, კარტოფილი და გოგრა.
D ვიტამინი - საკვები, რომელიც შეიცავს D ვიტამინს: კვერცხის გული, ცხიმიანი თევზი, საქონლის ღვიძლი, რძის ნაწარმი, სოკოს ზოგიერთი ტიპი.
რკინა - რკინის წყაროა: ხორცი, ლობიო, წიწიბურა, ყავისფერი ბრინჯი, თხილი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, სოიო.
მაგნიუმი- მაგნიუმით მდიდარი საკვებია: თხილეული, პარკოსნები, ისპანახი, ორაგული, კარტოფილი.
აქვე გვახსოვდეს, რომ თუ ორგანიზმს აქვს რომელიმე ვიტამინის ან მინერალის დეფიციტი, რთულია დეფიციტის მხოლოდ საკვებით შევსება, ასეთ დროს რეკომედებულია ექიმის მეთვაყურეობის ქვეშ დანამატების სახით მათი მიღება, ხოლო დაბალანსებული, რაციონალური და მრავალფეროვანი კვება კი დაგვეხმარება პრევენციული ზომების მიღებაში.
„კატეგორიულად ვკრძალავთ დატკბილული სითხეების ღამით გამოყენებას,“ - ქეთევან გოგილაშვილი
საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, პროფესორმა ქეთევან გოგილაშვილმა პირის ღრუს ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ამ საკითხის ირგვლივ ძალიან ბევრი მითი არსებობს, რომელსაც ადამიანები შეცდომაში შეჰყავს:
„არსებობს ბევრი მითი, მაგალითად ის, რომ ორსულობის პერიოდში არ შეიძლება სტომატოლოგთან ვიზიტი. მე პირიქით გეტყვით, რომ ორსულობის დროს ჰორმონალური ცვლილებები პირდაპირ აისახება პირის ღრუზე, ხელს უწყობს ნადების გაჩენას, ასევე ანთებითი პროცესის განვითარებას. ამან შემდეგ უკვე შეიძლება ნაყოფის განვითარებასაც შეუქმნას საფრთხე. ასევე ხშირად ვითარდება ანთებითი პროცესები გარდატეხის პერიოდში. პირის ღრუს ჰიგიენას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.“
ქეთევან გოგილაშვილის თქმით, ბავშვის პირის ღრუს მოვლა პირველი კბილის ამოჭრისთანავე უნდა დაიწყოს:
„პირველ კბილსაც კი, რომელიც ამოიჭრება, მოვლა უნდა. იმ პირველ კბილს თავისი მოვლის წესები აქვს. კატეგორიულად ვკრძალავთ დატკბილული სითხეების ღამით გამოყენებას. ამ დროს უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ წყალი. ნახშირწყლები და მჟავეები არის იდეალური საშუალება, რომ პირის ღრუში განვითარდეს კარიესი. ამას უნდა მივაჩვიოთ ბავშვი, რომ დატკბილული სითხეები ღამე არ უნდა მიიღოს. შემდეგ ნელ-ნელა უნდა მოხდეს ამ კბილების მოვლა.“
ქეთევან გოგილაშვილმა აღნიშნა, რომ პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის საღეჭი რეზინია სასარგებლოა, თუ მას ზომიერად მოვიხმართ:
„საღეჭ რეზინს ძალიან კარგი, დადებითი თვისება აქვს ის, რომ ნერწყვის სტიმულაციას ახდენს. განსაკუთრებით სასარგებლოა საკვების მიღების შემდეგ. როდესაც ნერწყვი უხვი რაოდენობით გამოიყოფა, ხდება ჩამორეცხვა და გაწმენდა, მაგრამ მხოლოდ 10-15 წუთი. ამის შემდეგ უკვე საღეჭი რეზინი ატყუებს კუჭს, რადგან ღეჭვის დროს აუცილებლად საკვები უნდა მიიღოს ადამიანმა. საკვების შემდეგ პირიქით, სასარგებლოც არის საღეჭი რეზინის გამოყენება.“
„როგორც წესი, კბილების გამოხეხვა აუცილებელია დილას და საღამოს. ძალიან დიდი რაოდენობით, მრავალჯერაც არ შეიძლება, თუმცა დილას და საღამოს აუცილებლად. კბილს აქვს 5 ზედაპირი და ყველა ზედაპირის გაწმენდა უნდა მოხდეს. ჩვეულებრივი ჯაგრისით მხოლოდ ის ზედაპირები იწმინდება, რომლებიც ჩანს. კბილთაშორისი სივრცე რჩება ისე. კბილთაშორის ზედაპირებზე შეიძლება დიდი რაოდენობით დაგროვდეს ნადები. არსებობს კბილთაშორისი სპეციალური ჯაგრისები, რომლებიც სპეციალურად უნდა შეირჩეს,“ - აღნიშნულ საკითხებზე ქეთევან გოგილაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.