დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ვიტამინები და მინერალები, რომლებიც მეტაბოლიზმს აჩქარებენ - ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა.
განვიხილოთ ვიტამინების და მინერალების მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ჩამონათვალი, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენი მეტაბოლიზმის (საკუთრივ მეტაბოლიზმზე და ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ ვიტამინებსა და მინერალებზე ჩვენ ვრცლად ვისაუბრეთ წინა რუბრიკებში) აჩქარებას.
მეტაბოლიზმზე დადებით გავლენას ახდენენ: B და D ჯგუფის ვიტამინები, ასევე მინერალები: კალციუმი, რკინა და მაგნიუმი. ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთის რეკომენდებულია ზემოთ ჩამოთვლილი ვიტამინებისა და მინერალების დონე ორგანიზმში გვქონდეს ნორმის ფარგლებში, ამიტომ კვების რაციონი მუდმივად უნდა გავამდიდროთ მათი შემცველობის საკვებით.
B ჯგუფის ვიტამინები - საკვები, რომლებიც შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს: უცხიმო ხორცი და ზღვის პროდუქტები, მარცვლეული: მათ შორის, ქერი და ყავისფერი ბრინჯი, რძის პროდუქტები, კვერცხი, ზოგიერთი ხილი, მაგალითად, ბანანი, ვაშლი, ყურძენი და საზამთრო, თხილი, ზოგიერთი ბოსტნეული, მათ შორის, ისპანახი, კარტოფილი და გოგრა.
D ვიტამინი - საკვები, რომელიც შეიცავს D ვიტამინს: კვერცხის გული, ცხიმიანი თევზი, საქონლის ღვიძლი, რძის ნაწარმი, სოკოს ზოგიერთი ტიპი.
რკინა - რკინის წყაროა: ხორცი, ლობიო, წიწიბურა, ყავისფერი ბრინჯი, თხილი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, სოიო.
მაგნიუმი- მაგნიუმით მდიდარი საკვებია: თხილეული, პარკოსნები, ისპანახი, ორაგული, კარტოფილი.
აქვე გვახსოვდეს, რომ თუ ორგანიზმს აქვს რომელიმე ვიტამინის ან მინერალის დეფიციტი, რთულია დეფიციტის მხოლოდ საკვებით შევსება, ასეთ დროს რეკომედებულია ექიმის მეთვაყურეობის ქვეშ დანამატების სახით მათი მიღება, ხოლო დაბალანსებული, რაციონალური და მრავალფეროვანი კვება კი დაგვეხმარება პრევენციული ზომების მიღებაში.
„ექვსსაათ-ნახევრის განმავლობაში ნარკოზში ვიყავი“ - ვინ აიღო ურთულესი ოპერაცია საკუთარ თავზე
ახალგაზრდა ქალი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა „ნიუ ჰოსპიტალსში“ მიიყვანა, პაციენტისთვის გაუგებარი იყო, რატომ ეთრომბებოდა ფეხები, მაშინ, როდესაც სისხლში ყველაფერი ნორმაში ჰქონდა. არაერთი კვლევის ჩატარების შემდეგ ნათია ლიპარტელიანს საშვილოსნოს ტანის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს და საკმაოდ ხანგრძლივი და რთული ოპერაციის ჩატარების საჭიროებაც დადგა.
ნათია ლიპარტელიანი:
„ფეხი დამეთრომბა, ოპერაცია რომ გავიკეთე კონტროლზე მივედი და ახლა მეორე ფეხი იყო დათრომბილი, არადა სისხლში ყველაფერი ნორმაში მქონდა. ვაგრძელებდი კვლევებს მიზეზის დასადგენად. ბოლოს გაკეთდა მარკერი და საშვილოსნოს ტანის ავთვისებიანი სიმსივნე აღმომაჩნდა, საჭირო იყო ოპერაცია, რომელზე პასუხისმგებლობასაც საქართველოში ვერავინ იღებდა. არჩილი რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი რა მეშველებოდა, მითხრეს, „ნიუ ჰოსპიტალსში“ უძლიერესი ონკოგინეკოლოგი ჰყავთო და ასეც აღმოჩნდა, ექვსსაათ-ნახევრის განმავლობაში ვიყავი ნარკოზში, პროფესიონალი ექიმებით დაკომპლექტებულმა გუნდმა ურთულესი ოპერაცია წარმატებით ჩამიტარა. ახლა კი, თავს მშვენივრად ვგრძნობ, 3 თვეში ერთხელ კონტროლზე დავდივარ.
MOMSEDU.GE „ნიუ ჰოსპიტალსის“ ონკოგინეკოლოგს, ასოცირებულ პროფესორსა და მედიცინის დოქტორ არჩილ შარაშენიძეს ესაუბრა, ექიმს, რომელმაც ურთულესი ოპერაცია საკუთარ თავზე აიღო:
არჩილ შარაშენიძე: „ნათია სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მოიყვანა „ნიუ ჰოსპიტალსში“, ძლიერი სისხლდენის გამო ენდომეტრიუმი, ანუ საშვილოსნოს შიგნითა შრე იყო გასქელებული და ჰიპერპლაზირებული. იქიდან გამომდინარე რომ სისხლდენის მიზეზი იყო ჰიპერპლაზია, ჩაბარდა ონკომარკერები, რომლებიც მომატებული აღმოჩნდა და მე გამომიძახეს. გავაკეთე ბიოფსია, შედეგად კი ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაისვა. დავგეგმეთ კვლევები, ეს იყო მცირე მენჯის, მუცლის ღრუს მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევა და გულ-მკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია. შეფასებამ და კვლევებმა გვიჩვენა, რომ იყო ძალიან აგრესიული სიმსივნე. რადიკალური ჰისტერექტომია, ანუ საშვილოსნო თავისი ყელით, საკვერცხეებით, საშოს ზედა მესამედით, მცირე მენჯის ლიმფურ კვანძებთან ერთად უნდა ამოგვეღო, რათა გავრცელება აგვერიდებინა.
- რაში მდგომარეობდა მთავარი სირთულე, რის გამოც ნათიას სხვა კლინიკები ოპერაციაზე უარს ეუბნებოდნენ?
არჩილ შარაშენიძე: „ნათიას ქვემო ღრუ ვენაში დიდი თრომბული მასები ჰქონდა, ამდენად ოპერაცია ანგიოლოგებთან ერთად ჩავატარეთ. ახალგაზრდა ქალზე ამხელა მასშტაბის ორი დიდი ოპერაცია, საკმაოდ რთული, სარისკო და საპასუხისმგებლო გახლდათ, აქ ხომ მისი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდებოდა. გიგი ბრეგაძე იყო ამ საქმეში ჩართული და ერთად ნამდვილად კარგი შედეგი დავდეთ, მკურნალობის ტაქტიკამ გაამართლა.
რაც მთავარია, პაციენტი კარგად გრძნობს თავს. ნათია წელიწადზე მეტია გეგმიური დაკვირვების ქვეშაა და ბოლო გამოკვლევებით არანაირი პათოლოგია არ აღენიშნება.''