დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ვიტამინები და მინერალები, რომლებიც მეტაბოლიზმს აჩქარებენ - ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა.
განვიხილოთ ვიტამინების და მინერალების მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ჩამონათვალი, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენი მეტაბოლიზმის (საკუთრივ მეტაბოლიზმზე და ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ ვიტამინებსა და მინერალებზე ჩვენ ვრცლად ვისაუბრეთ წინა რუბრიკებში) აჩქარებას.
მეტაბოლიზმზე დადებით გავლენას ახდენენ: B და D ჯგუფის ვიტამინები, ასევე მინერალები: კალციუმი, რკინა და მაგნიუმი. ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთის რეკომენდებულია ზემოთ ჩამოთვლილი ვიტამინებისა და მინერალების დონე ორგანიზმში გვქონდეს ნორმის ფარგლებში, ამიტომ კვების რაციონი მუდმივად უნდა გავამდიდროთ მათი შემცველობის საკვებით.
B ჯგუფის ვიტამინები - საკვები, რომლებიც შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს: უცხიმო ხორცი და ზღვის პროდუქტები, მარცვლეული: მათ შორის, ქერი და ყავისფერი ბრინჯი, რძის პროდუქტები, კვერცხი, ზოგიერთი ხილი, მაგალითად, ბანანი, ვაშლი, ყურძენი და საზამთრო, თხილი, ზოგიერთი ბოსტნეული, მათ შორის, ისპანახი, კარტოფილი და გოგრა.
D ვიტამინი - საკვები, რომელიც შეიცავს D ვიტამინს: კვერცხის გული, ცხიმიანი თევზი, საქონლის ღვიძლი, რძის ნაწარმი, სოკოს ზოგიერთი ტიპი.
რკინა - რკინის წყაროა: ხორცი, ლობიო, წიწიბურა, ყავისფერი ბრინჯი, თხილი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, სოიო.
მაგნიუმი- მაგნიუმით მდიდარი საკვებია: თხილეული, პარკოსნები, ისპანახი, ორაგული, კარტოფილი.
აქვე გვახსოვდეს, რომ თუ ორგანიზმს აქვს რომელიმე ვიტამინის ან მინერალის დეფიციტი, რთულია დეფიციტის მხოლოდ საკვებით შევსება, ასეთ დროს რეკომედებულია ექიმის მეთვაყურეობის ქვეშ დანამატების სახით მათი მიღება, ხოლო დაბალანსებული, რაციონალური და მრავალფეროვანი კვება კი დაგვეხმარება პრევენციული ზომების მიღებაში.
„მე აცრილი ვარ და ნუ გეშინია, ეს არის ძალიან არასერიოზული, არაკორექტული გამოთქმა, რომელსაც ხშირად ვისმენ ხოლმე,“ - პროფესორი ვერიკო ბაზიარი
მეან-გინეკოლოგმა ვერიკო ბაზიარმა ორსულებში ვაქცინაციის ჩატარების მნიშვნელობასა და წესებზე ისაუბრა:
„გაჩნდა რეკომენდაცია „აცრები ნებისმიერ ტრიმესტრში.“ მას შემდეგ რაც დელტა შტამმა ამდენი ორსულის სიცოცხლე შეიწირა, ულაპარაკოდ გაჩნდა ეს რეკომენდაცია. თითქმის ყველა ვაქცინამ ჩააბარა ის გამოცდა, რომ გაკეთების მომენტში არანაირი გვერდითი მოვლენა არ ხდება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ იქნებოდა ანაფილაქსიური შოკის შემთხვევები. გარდაცვალების შემთხვევებიც აუცილებლად იქნებოდა დაფიქსირებული. მე მიყვარს, როდესაც მეუბნებიან სიმართლეს.“
ვერიკო ბაზიარის თქმით, მედიცინაში დასკვნების გაკეთებას დრო და გამოცდილება სჭირდება:
„მედიცინაში მარტივი არ არის იმის თქმა, რომ ან კარგია, ან ცუდია. უბრალოდ ადამიანი არ უნდა მოატყუო. მე ამის მომხრე ვარ. მიაწოდეთ ადამიანს ინფორმაცია, რომ მან გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. ეს არის ყველაზე კულტურული ურთიერთობა ადამიანთან. მომეცი ინფორმაცია და დამიტოვე არჩევანის უფლება მე. მე აცრილი ვარ და ნუ გეშინია, ეს არის ძალიან არასერიოზული, არაკორექტული გამოთქმა, რომელსაც მე ხშირად ვისმენ ხოლმე.“
„რაც შეეხება ორსულებს, მათი მეუღლეები ზედმიწევნით უნდა უფრთხილდებოდნენ თავიანთ თავს. ასეთ შემთხვევაში მე ვირჩევდი, რომ ქალბატონი აცრილიყო პირველი ტრიმესტრის შემდეგ. თუმცა არის რეკომენდაცია, რომ კი ბატონო, გაიკეთეთ პირველ ტრიმესტრში. ამაზე მონაცემები არ გვაქვს. ეს მონაცემი გაჩნდება მას შემდეგ, რაც პირველი აცრილი ორსული გააჩენს შვილს და თუნდაც პირველი სამი წლის კოგნიტურ და ფიზიოლოგიურ განვითარებას ვნახავთ. მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ნამდვილად ასეა. დღეს თავს შევიკავებ ვთქვა, რომ ნამდვილად ასეა, ნამდვილად ისეა. სასურველი ორსული ან ზედმიწევნით იცავდეს რეკომენდაციას, ან მეორე ტრიმესტრიდან აიცრას ნებადართული ვაქცინებით,“ - აღნიშნულ საკითხზე ვერიკო ბაზიარმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად“ ისაუბრა.