„თავის ტკივილი ერთ-ერთი ხშირი სიმპტომია. ის შეიძლება იყოს უბრალო და ბრალიანი. კორონათი გამოწვეული ბრალიანი თავის ტკივილი უიშვიათესია. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ უნდა მოხდეს ან თრომბოზი, ან ჩაქცევა. ასეთი შემთხვევები ცოტაა. ძალიან ხშირია უბრალო თავის ტკივილი და შაკიკი, რომელიც მანამდეც ჰქონდა პაციენტს და გაუმწვავდა. თუ ეს დაემთხვა კოვიდის ეპიდემიას, ფიქრობენ, რომ ვირუსმა რაღაც დააზიანა. ვირუსი სხვადასხვაგვარად აზიანებს სხვადასხვა სისტემას.“
გიორგი გეგელაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებისთვის სიმპტომების და დაავადების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისას ადამიანების შთაბეჭდილებები უნდა გავითვალისწინოთ:
„როდესაც ადამიანს ეუბნებიან, რომ ავადმყოფობა ამას იწვევს, არ ითვალისწინებენ მის შთაბეჭდილებებს, როგორ აღიქვამს ის ამ გზავნილს. მე ვიცი პაციენტები, რომლებიც გახდნენ პულსოქსიმეტრზე დამოკიდებულები, რომლებიც თერმომეტრით დადიან. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, საზოაგდოებას უნდა ამცნო სიმპტომები. ამავე დროს ისიც უნდა უთხრა, რომ კორონას ასპროცენტიანი არცერთი სიმპტომი არ აქვს. უხასიათობაა ის, რაც ყველას აქვს. არავინ კარგ ხასიათზე ამ დროს არ არის, მაგრამ თავი ყველას არ ტკივა. მიაქციეთ ყურადღება რამდენად ბედნიერი ხართ ან რამდენად უუნარო ხართ. როდესაც არ ხართ კარგად, ეცადეთ, გაარკვიოთ, რატომ არ ხართ კარგად.“
გიორგი გეგელაშვილის თქმით, სუნთქვის გაძნელებისას ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთისგან განასხვავონ ეს სიმპტომი ნერვიულობით არის გამოწვეული თუ უჟანგბადობით:
„თუ ჩქარა სუნთქავთ, თქვენ შეგიძლიათ განასხვავოთ, ეს ნერვიულობის სუნთქვაა თუ უჟანგბადობის. თუ ტემპერატურა გაქვთ თან, ყნოსვა დაკარგეთ, თუ კრებული გაქვთ სიმპტომების, მაშინ, რა თქმა უნდა, საყურადღებოა. თუ კუნთიც გტკივათ, თუ თავიც გტკივათ, თუ ყნოსვაც დაქვეითებული გაქვთ, მეხსიერებაც დაგიქვეითდათ, ეს უკვე არის სიმპტომოკომპლექსი. ჩვენ რომ მოსახლეობას ერთ სიმპტომზე, მაგ. ყნოსვაზე გავუკეთოთ აქცენტი, მივიღებთ ფსიქოლოგიურად დასტრესილ საზოგადოებას. ეს კარგ შედეგებს არ მოიტანს.“
„კორონავირუსს აქვს აშკარა გამოვლინებამდე ფაზა, სადაც შეიძლება მიკროსიმპტომები იყოს. არის აქტიური ფაზა: პირის ღრუს ლორწოვანის ფაზა, არის ქვედა სასუნთქი გზების ფაზა, არის დისტანციაზე დაზიანების ფაზა. ფილტვში არსებულმა პროცესებმა შეიძლება ორგანულად დააზიანოს თავის ტვინი. ნერვული სისტემა შეიძლება დაზიანდეს იმის გამო, რომ იშხამება ორგანიზმი. კოვიდს არცერთი უნიკალური სიმპტომი არ აქვს. ადამიანში ბუდობენ ჯუჯები, რომლებიც გოლიათებად აღზევდებიან, როდესაც აქვთ განსაცდელი. ეს განსაცდელი შეიძლება იყოს ვირუსის შხამის მოქმედება. როდის უნდა მივმართოთ ექიმს? როდესაც რაიმე ფუნქცია გონივრულ ფარგლებში არ კონტროლირდება თქვენ მიერ. როდესაც ცუდად ხართ, უნდა მიმართოთ ექიმს. ათასში ერთხელ თუ გაქვთ თავის ტკივილი, არ არის საჭირო ექიმთან მისვლა,“ - აღნიშნულ საკითხებზე გიორგი გეგელაშვილი Euronews Georgia-ს ეთერში საუბრობს.
წყარო: Euronews Georgia
არ დაგავიწყდეთ !!!
დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები