დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა განიხილავს საკვების კომბინაციებს, რომელთა ერთად გამოყენება არ არის რეკომენდებული.
1. ბანანი და რძე - საკვები კომბინაცია, რომელიც ასტიმულირებს ორგანიზმში ტოქსინის გამომუშავებას, იგი ადუნებს ორგანიზმს. ალბათ შეგიმჩნევიათ რამდენად იმატებს ძილიანობა ბანანის სმუზის მიღების შემდეგ. ეს კომბინაცია იწვევს სხეულში ნახველისა და ლორწოს მომატებულ დონეს, ამიტომ უმჯობესია, თავიდან აიცილონ განსაკუთრებით სხვადასხვა ინფექციით ინფიცირებულმა ან უბრალოდ გაციებულმა ბავშვებმა. ბანანი და რძის კომბინაცია ასევე რისკის ფაქტორია ასთმით დაავადებული ბავშვებისთვის.
2. ჩაი და რძე - ჩაის უმეტესობაში ბევრი ანტიოქსიდანტია, რაც ხელს უწყობს ორგანიზმში ანთების შემცირებას. მაგრამ თუ დავუმატებთ რძეს, რძეში შემავალი ცილები უკავშირდება ჩაის ანტიოქსიდანტებს და ხელს უშლის მათ ათვისებას. შესაბამისად, აღნიშნული კომბინაცია არ არის რეკომენდებული.
3. ალკოჰოლი და ენერგეტიკული სასმელები - ერთ-ერთი ყველაზე ცუდი კომბინაცია ორგანიზმისთვის. ასეთ დროს იზრდება გულის შეტევის, არტერიული ჰიპერტენზიის და არითმიის (გულის წუთმოცულობის დარღვევა) რისკი.
4. პური და ჯემი - სწრაფად ათვისებადი ნახშირწყლების ნაზავი, რომლებიც შეიცავენ ძალიან დიდი რაოდენობით შაქარს, ერთ-ერთი წამყვანი კომბინაციაა წონის მატებაში.
5. ხილი და ბოსტნეული - ორივე არის პროდუქტთა განსხვავებული ჯგუფი და მათი მონელება წარმოებს განსხვავებულად. ხილი მონელდება პირველი, რაც უკვე ხელს შეუშლის შემდგომ ბოსტნეულების მონელებას და მათგან საჭირო ვიტამინების და მინერალების ათვისებას ორგანიზმის მიერ.
6. ცილა და სახამებელი (ხორცი და მაკარონი, ყველი, ხორცი და მაკარონი, კარტოფილი, ხორცი და ყველი და ა.შ.) - მათ შორის ყველაზე გავრცელებული მაგ: ჩიზბურგერები, ცილა ნელდება კუჭში მჟავას მეშვეობით, ხოლო სახამებელი, ფუნთუშა ან მაკარონი იწვევს ისეთი ფერმენტის გამოყოფას, რომელიც ქმნის ტუტე მდგომარეობას და შესაბამისად, ანეიტრალებს ცილისთვის საჭირო მჟავე გარემოს, ამიტომ ეს კომბინაცია ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერია კუჭ-ნაწლავის სისტემის.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, „ფასდაკლებები დედებისთვის“ (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „ფასდაკლებები დედებისთვის“)
ევგენი კომაროვსკი აცხადებს, რომ ნაყინი ბავშვისთვის ძალიან სასარგებლო ტკბილეულია
ცნობილი უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროვსკი აცხადებს, რომ ნაყინი ბავშვის იმუნიტეტზე დადებითად ზემოქმედებს. ექიმი მშობლებს ურჩევს, რომ პატარებს საყვარელი ნუგბარი ხშირად მიართვან.
პედიატრის თქმით, სიცივე პირის ღრუს სიჯანსაღისთვის ძალიან სასარგებლოა. ცივი ნაყინით კვება პატარებს იმუნიტეტის გაძლიერებაში ეხმარება. სიცივე ზედა ყელის რეგიონში მდებარე ლიმფურ ქსოვილებზე დადებითად ზემოქმედებს. როდესაც ბავშვი ნაყინს რეგულარულად იღებს, მისი ორგანიზმი სხვადახვა დაავადებისადმი უფრო მდგრადი და გამძლე ხდება.
"მე არაერთხელ მითქვამს და კვლავ ვიმეორებ, რომ პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის ცივ საკვებთან რეგულარული შეხება ძალიან სასარგებლოა," - აცხადებს ევგენი კომაროვსკი.
ექიმის თქმით, მშობელმა ბავშვს ნაყინი რეგულარულად უნდა აჭამოს. თუ თქვენს შვილს ნაყინს მხოლოდ თვეში ერთხელ მისცემთ, ამით მის იმუნიტეტს ვერ გააძლიერებთ. ევგენი კომაროვსკიმ დააზუსტა, რომ ნაყინის მირთმევა ზოგიერთი ბავშვისთვის რეკომენდებული არ არის. თუ ბავშვს ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ უწყობს ან გაცხიმოვნება აქვს, მისთვის ნაყინის მიცემა არ შეიძლება, რადგან ნაყინი საკმაოდ მაღალკალორიული პროდუქტია.