დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა განიხილავს საკვების კომბინაციებს, რომელთა ერთად გამოყენება არ არის რეკომენდებული.
1. ბანანი და რძე - საკვები კომბინაცია, რომელიც ასტიმულირებს ორგანიზმში ტოქსინის გამომუშავებას, იგი ადუნებს ორგანიზმს. ალბათ შეგიმჩნევიათ რამდენად იმატებს ძილიანობა ბანანის სმუზის მიღების შემდეგ. ეს კომბინაცია იწვევს სხეულში ნახველისა და ლორწოს მომატებულ დონეს, ამიტომ უმჯობესია, თავიდან აიცილონ განსაკუთრებით სხვადასხვა ინფექციით ინფიცირებულმა ან უბრალოდ გაციებულმა ბავშვებმა. ბანანი და რძის კომბინაცია ასევე რისკის ფაქტორია ასთმით დაავადებული ბავშვებისთვის.
2. ჩაი და რძე - ჩაის უმეტესობაში ბევრი ანტიოქსიდანტია, რაც ხელს უწყობს ორგანიზმში ანთების შემცირებას. მაგრამ თუ დავუმატებთ რძეს, რძეში შემავალი ცილები უკავშირდება ჩაის ანტიოქსიდანტებს და ხელს უშლის მათ ათვისებას. შესაბამისად, აღნიშნული კომბინაცია არ არის რეკომენდებული.
3. ალკოჰოლი და ენერგეტიკული სასმელები - ერთ-ერთი ყველაზე ცუდი კომბინაცია ორგანიზმისთვის. ასეთ დროს იზრდება გულის შეტევის, არტერიული ჰიპერტენზიის და არითმიის (გულის წუთმოცულობის დარღვევა) რისკი.
4. პური და ჯემი - სწრაფად ათვისებადი ნახშირწყლების ნაზავი, რომლებიც შეიცავენ ძალიან დიდი რაოდენობით შაქარს, ერთ-ერთი წამყვანი კომბინაციაა წონის მატებაში.
5. ხილი და ბოსტნეული - ორივე არის პროდუქტთა განსხვავებული ჯგუფი და მათი მონელება წარმოებს განსხვავებულად. ხილი მონელდება პირველი, რაც უკვე ხელს შეუშლის შემდგომ ბოსტნეულების მონელებას და მათგან საჭირო ვიტამინების და მინერალების ათვისებას ორგანიზმის მიერ.
6. ცილა და სახამებელი (ხორცი და მაკარონი, ყველი, ხორცი და მაკარონი, კარტოფილი, ხორცი და ყველი და ა.შ.) - მათ შორის ყველაზე გავრცელებული მაგ: ჩიზბურგერები, ცილა ნელდება კუჭში მჟავას მეშვეობით, ხოლო სახამებელი, ფუნთუშა ან მაკარონი იწვევს ისეთი ფერმენტის გამოყოფას, რომელიც ქმნის ტუტე მდგომარეობას და შესაბამისად, ანეიტრალებს ცილისთვის საჭირო მჟავე გარემოს, ამიტომ ეს კომბინაცია ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერია კუჭ-ნაწლავის სისტემის.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, „ფასდაკლებები დედებისთვის“ (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „ფასდაკლებები დედებისთვის“)
რა არის ვიტამინი B12 და როგორ ვლინდება მისი დეფიციტი?
დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა B12 ვიტამინის შესახებ მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.
რა არის ვიტამინი B12, როგორია მისი თვისებები, როგორ ვლინდება ვიტამინ B12-ის დეფიციტი და რომელი პროდუქტებია ვიტამინ B12-ის წყარო? - სწორედ ამ საკითხებს შეიტყობთ დღევანდელი სტატიიდან.
ვიტამინი B12 არის წყალში ხსნადი ვიტამინი, ეფექტურია მცირე დოზებითაც კი, ცნობილია როგორც „წითელი ვიტამინი“ და ციანკობალამინი. იგი ერთადერთი ვიტამინია, რომელიც შეიცავს შეუცვლელ მინერალურ ელემენტ კობალტს, კარგად იხსნება წყალში, პრაქტიკულად არ იშლება ხანგრძლივი თერმული დამუშავების შედეგად.
ვიტამინ B12-ის თვისებებიდან მთავარი არის ერითროციტების (სისხლის წითელი უჯრედები) სინთეზში მონაწილეობა, ის აუცილებელია უჯრედის დაყოფის პროცესში, მონაწილეობს სისხლმბადი ორგანოების, კუჭ-ნაწლავის სისტემის და იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში. ასევე მას აქვს შეუცვლელი ფუნქცია ნერვული სისტემის ჩამოყალიბებაში, ამცირებს გაღიზიანებადობას, ხელს უწყობს ნერვული სისტემის სწორ და გამართულ ფუნქციონურებას, ზრდის ენერგიას, კონცენტრაციის უნარს, მეხსიერებისა და წონასწორობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ქალებისთვის ვიტამინი B12 სასარგებლოა პრემენსტრუალურ და მენსტრუალურ პერიოდებში.
ვიტამინ B12 -ის დეფიციტს გააჩნია სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი: აუტოიმუნური (რომლის დროსაც წარმოიქმნება ანტისხეულები, რომელებიც აფერხებენ B12 ვიტამინის შეწოვას), მალაბსორბცია (ნაწლავებიდან შეწოვის პრობლემები) და კვებისმიერი უკმარისობა.
ვიტამინ B12-ის დეფიციტს თან ახლავს შემდეგი ჩივილები: კანის მოყვითალო შეფერილობა, გლოსიტი (მტკივნეული და წითელი ენა), ტუჩებზე წყლულები, ჭიანჭველის ცოცვის მსგავსი შეგრძნება სხეულზე, მხედველობის გაუარესება, დეპრესიულობა, ადვილად გაღიზიანებადობა. ასევე ყველა ის ჩივილი, რაც რკინადეფიციტურ ანემიას ახასიათებს (იხ. ჩვენი წინა რუბრიკა), რადგან ვიტამინ B12-ის დეფიციტი თავის მხრივ პირდაპირ კავშირშია ანემიის განვითარებასთან, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხევაში მისი დეფიციტის ხარჯზე ვითარდება და არა რკინის, რაზეც ჩვენ უკვე ვრცლად ვისაუბრეთ რამდენიმე კვირის წინ.
ვიტამინ B12-ის ძირითადი წყაროა ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, ესენია: ხორცი, რძე, კვერცხი, თევზი. ვიტამინ B12-ს შეიცავს ასევე ზღვის წყალმცენარეები, ხოლო რაც შეეხება მის მედიკამენტოზურ მკურნალობას რეკომენდებულია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ბოლოს კი ჩვენი მკითხველისთვის მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვიტამინ B12 დეფიციტის განვითარების რისკ ქვეშ არიან დიაბეტით დაავადებული პაციენტები, ასეთი პაციენტების შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს B12 ვიტამინის ადეკვატურ დონეს ორგანიზმში.