დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა განიხილავს საკვების კომბინაციებს, რომელთა ერთად გამოყენება არ არის რეკომენდებული.
1. ბანანი და რძე - საკვები კომბინაცია, რომელიც ასტიმულირებს ორგანიზმში ტოქსინის გამომუშავებას, იგი ადუნებს ორგანიზმს. ალბათ შეგიმჩნევიათ რამდენად იმატებს ძილიანობა ბანანის სმუზის მიღების შემდეგ. ეს კომბინაცია იწვევს სხეულში ნახველისა და ლორწოს მომატებულ დონეს, ამიტომ უმჯობესია, თავიდან აიცილონ განსაკუთრებით სხვადასხვა ინფექციით ინფიცირებულმა ან უბრალოდ გაციებულმა ბავშვებმა. ბანანი და რძის კომბინაცია ასევე რისკის ფაქტორია ასთმით დაავადებული ბავშვებისთვის.
2. ჩაი და რძე - ჩაის უმეტესობაში ბევრი ანტიოქსიდანტია, რაც ხელს უწყობს ორგანიზმში ანთების შემცირებას. მაგრამ თუ დავუმატებთ რძეს, რძეში შემავალი ცილები უკავშირდება ჩაის ანტიოქსიდანტებს და ხელს უშლის მათ ათვისებას. შესაბამისად, აღნიშნული კომბინაცია არ არის რეკომენდებული.
3. ალკოჰოლი და ენერგეტიკული სასმელები - ერთ-ერთი ყველაზე ცუდი კომბინაცია ორგანიზმისთვის. ასეთ დროს იზრდება გულის შეტევის, არტერიული ჰიპერტენზიის და არითმიის (გულის წუთმოცულობის დარღვევა) რისკი.
4. პური და ჯემი - სწრაფად ათვისებადი ნახშირწყლების ნაზავი, რომლებიც შეიცავენ ძალიან დიდი რაოდენობით შაქარს, ერთ-ერთი წამყვანი კომბინაციაა წონის მატებაში.
5. ხილი და ბოსტნეული - ორივე არის პროდუქტთა განსხვავებული ჯგუფი და მათი მონელება წარმოებს განსხვავებულად. ხილი მონელდება პირველი, რაც უკვე ხელს შეუშლის შემდგომ ბოსტნეულების მონელებას და მათგან საჭირო ვიტამინების და მინერალების ათვისებას ორგანიზმის მიერ.
6. ცილა და სახამებელი (ხორცი და მაკარონი, ყველი, ხორცი და მაკარონი, კარტოფილი, ხორცი და ყველი და ა.შ.) - მათ შორის ყველაზე გავრცელებული მაგ: ჩიზბურგერები, ცილა ნელდება კუჭში მჟავას მეშვეობით, ხოლო სახამებელი, ფუნთუშა ან მაკარონი იწვევს ისეთი ფერმენტის გამოყოფას, რომელიც ქმნის ტუტე მდგომარეობას და შესაბამისად, ანეიტრალებს ცილისთვის საჭირო მჟავე გარემოს, ამიტომ ეს კომბინაცია ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერია კუჭ-ნაწლავის სისტემის.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, „ფასდაკლებები დედებისთვის“ (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „ფასდაკლებები დედებისთვის“)
„მშობლები ხშირად მეკითხებიან, უნდა შეაღვიძონ თუ არა ბავშვები პამპერსის გამოსაცვლელად...“
უნდა შევაღვიძოთ თუ არა ბავშვები პამპერსის გამოსაცვლელად ღამით მაშინ, როცა ისინი ხანგრძლივი ძილის ფაზაში არიან?
აღნიშნულ კითხვაზე პასუხი პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა თავის ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა. იხილეთ პედიატრის პასუხი სიტყვა-სიტყვით:
„მშობლები ხშირად მეკითხებიან, უნდა შეაღვიძონ თუ არა ბავშვები პამპერსის გამოსაცვლელად ხანგრძლივი ძილის ფაზაში (ღამით)? სამ თვემდე ასაკის ბავშვებში არ არის ჩამოყალიბებული ძილის ცირკადული რითმი (დღის და ღამის გარჩევა). შეგიძლიათ, საჭიროების შემთხვევაში, გამოუცვალოთ პამპერსი კვების წინ (მაინც ხშირად ითხოვენ კვებას) რაც უფრო იზრდება ბავშვი ხანგრძლივდება უწყვეტი ძილის ფაზა. ამ პერიოდიდან არ არის რეკომენდირებული ძილის, როგორც ფიზიოლოგიური აქტის დარღვევა პამპერსის გამოსაცვლელად, თუ რა თქმა უნდა არ არის ამის აუცილებლობა. თუ არ ხდება გამოჟონვა, მშვიდად ძინავს, არ შეიცავს განავლოვან მასებს, არ ხდება კანის სწრაფი გაღიზიანება-გამოწვა, ამ შემთხვევაში ნუ დაურღვევთ ისეთ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას როგორიც ძილია! დედის და შვილის მშვიდი ძილის აუცილებლობა, ნამდვილად ანგრევს მითს იმის შესახებ, რომ თითქოს 8-10 საათის განმავლობაში, შეუცვლელი პამპერსით ძილი მავნებელია...მერწმუნეთ, რომ თუ პატარას ძილის პრობლემები აქვს, დედას კი ქრონიკული გადაღლის სინდრომი (უძილობით და ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული პრობლემებით გამოწვეული) ყოველ 4-6 საათში ბავშვის გაღვიძება(როცა მას მშვიდად ძინავს) პამპერსის გამოსაცვლელად პრიორიტეტების სიაში ბოლო ადგილს იკავებს. ყველა შეღვიძების შემთხვევაში ირღვევა უწყვეტი ძილის ცირკადული რითმი, რაც უარყოფითად მოქმედებს ბავშვის მენტალური და ემოციური სფეროს ჩამოყალიბებაზე, იმუნური სისტემის განვითარებაზე, სხვადასხვა ქრონიკული დაავადების განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი ხდება. გაღვიძების შემთხვევაში ბავშვი შეიძლება აღიგზნოს, დაიწყოს ჭირვეულობა, ტირილი ან პირიქით მიიღოს გამოწვევა თამაშსა და გართობაზე, რასაც მოყვება ჩაძინების პროცესის გაძნელება(აი, ძილის თავში ავარდნას რომ ეძახიან ხალხში). გაითვალისწინეთ, რომ როცა ბავშვი კომფორტულად გრძნობს თავს, მშვიდად იძინებს! დისკომფორტის შემთხვევაში ის ჩართავს „სიგნალიზაციას", რომელიც არავის არ დაგინდობთ. ასე, რომ იძინეთ მშვიდად სანამ ბატონს ძინავს და მასაც მიეცით მშვიდი ძილის საშუალება, ნუ შეაწუხებთ ჰიპერაპეკით.“