დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა განიხილავს საკვების კომბინაციებს, რომელთა ერთად გამოყენება არ არის რეკომენდებული.
1. ბანანი და რძე - საკვები კომბინაცია, რომელიც ასტიმულირებს ორგანიზმში ტოქსინის გამომუშავებას, იგი ადუნებს ორგანიზმს. ალბათ შეგიმჩნევიათ რამდენად იმატებს ძილიანობა ბანანის სმუზის მიღების შემდეგ. ეს კომბინაცია იწვევს სხეულში ნახველისა და ლორწოს მომატებულ დონეს, ამიტომ უმჯობესია, თავიდან აიცილონ განსაკუთრებით სხვადასხვა ინფექციით ინფიცირებულმა ან უბრალოდ გაციებულმა ბავშვებმა. ბანანი და რძის კომბინაცია ასევე რისკის ფაქტორია ასთმით დაავადებული ბავშვებისთვის.
2. ჩაი და რძე - ჩაის უმეტესობაში ბევრი ანტიოქსიდანტია, რაც ხელს უწყობს ორგანიზმში ანთების შემცირებას. მაგრამ თუ დავუმატებთ რძეს, რძეში შემავალი ცილები უკავშირდება ჩაის ანტიოქსიდანტებს და ხელს უშლის მათ ათვისებას. შესაბამისად, აღნიშნული კომბინაცია არ არის რეკომენდებული.
3. ალკოჰოლი და ენერგეტიკული სასმელები - ერთ-ერთი ყველაზე ცუდი კომბინაცია ორგანიზმისთვის. ასეთ დროს იზრდება გულის შეტევის, არტერიული ჰიპერტენზიის და არითმიის (გულის წუთმოცულობის დარღვევა) რისკი.
4. პური და ჯემი - სწრაფად ათვისებადი ნახშირწყლების ნაზავი, რომლებიც შეიცავენ ძალიან დიდი რაოდენობით შაქარს, ერთ-ერთი წამყვანი კომბინაციაა წონის მატებაში.
5. ხილი და ბოსტნეული - ორივე არის პროდუქტთა განსხვავებული ჯგუფი და მათი მონელება წარმოებს განსხვავებულად. ხილი მონელდება პირველი, რაც უკვე ხელს შეუშლის შემდგომ ბოსტნეულების მონელებას და მათგან საჭირო ვიტამინების და მინერალების ათვისებას ორგანიზმის მიერ.
6. ცილა და სახამებელი (ხორცი და მაკარონი, ყველი, ხორცი და მაკარონი, კარტოფილი, ხორცი და ყველი და ა.შ.) - მათ შორის ყველაზე გავრცელებული მაგ: ჩიზბურგერები, ცილა ნელდება კუჭში მჟავას მეშვეობით, ხოლო სახამებელი, ფუნთუშა ან მაკარონი იწვევს ისეთი ფერმენტის გამოყოფას, რომელიც ქმნის ტუტე მდგომარეობას და შესაბამისად, ანეიტრალებს ცილისთვის საჭირო მჟავე გარემოს, ამიტომ ეს კომბინაცია ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერია კუჭ-ნაწლავის სისტემის.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, „ფასდაკლებები დედებისთვის“ (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „ფასდაკლებები დედებისთვის“)
რა უნდა ვიცოდეთ ხელოვნურ და ბუნებრივ დამატკბობლებზე?
დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა ხელოვნურ და ბუნებრივ დამატკბობლებზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.
ყველა ე.წ. დამატკბობელი კლასიფიცირდება, როგორც სინთეზური ან ბუნებრივი. სინთეზური, ანუ ხელოვნური დამატკბობლები მზადდება ქიმიური ნაერთებისგან, ხოლო ბუნებრივი - ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებებისგან. ძირითადი განსხვავება ორი ტიპის დამატკბობლებს შორის ასევე არის მათი ენერგეტიკული ღირებულება: ხელოვნური დამატკბობლები უკალორიოა, ხოლო ბუნებრივ დამატკბობლებს აქვს სხვადასხვა ხარისხის კალორაჟი. გარდა ამისა, ხელოვნური დამატკბობლები გაცილებით ტკბილია, ვიდრე შაქარი და მათი გამოყენება ძალიან მცირე დოზებშია შესაძლებელი. ბუნებრივი დამატკბობლები კი უფრო ნაკლებად ტკბილია, ვიდრე ჩვეულებრივი შაქარი. ბუნებრივს მიეკუთვნება ქსილიტი, სორბიტი, თაფლი, ფრუქტოზა, გლუკოზა, საქაროზა, სტევია და სხვა. სინთეზურს მიეკუთვნება: სუკრაზინი, საქარინი, ციკლამატი, ასპარტამი და სხვა.
ხელოვნური თუ ბუნებრივი დამატკბობლების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მეცნიერების აზრი გაყოფილია. არსებობს მონაცემები, რომ განსაკუთრებით ხელოვნური დამატკბობლები იწვევენ ცხიმოვანი უჯრედების გააქტივებას იმ პირებში, ვინც სიმსუქნით არიან დაავადებულნი, შესაბამისად, მათი ნული კალორაჟის მიუხედავად, ისინი უარყოფით გავლენას ახდენენ ადამიანის წონაზე. ასევე მკვლევარების მიერ შეგროვებული მონაცემებით, ხელოვნური დამატკბობლები იწვევენ მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკის ზრდას. ამავე დროს გერმანელ ენდოკრინოლოგთა საზოგადოება მოსახლოებას მოუწოდებს მაქსიმალურად შეამცირონ რაციონში ხელოვნური დამატკბობლების გამოყენება, ღვიძლზე და თირკმელზე მათი სავარაუდო უარყოფითი გავლენის გამო. შედარებით უსაფრთხო პროდუქტებად ითვლება ბუნებრივი დამატკობლები, მაგრამ, რადგან ისინი არიან ნაკლებად ტკბილი, რაციონში ხდება მათი ჭარბად მოხმარება, რაც თავის მხრივ უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის წონაზე.
შესაჯამებლად კი რეკომედებულია: უარი ვთქვათ და/ან მინიმუმამდე დავიყვანოთ, როგორც ხელოვნური ასევე ბუნებრივი დამატკბობლები ჩვენს რაციონში. ამავდროულად მინიმუმამდე შევამციროთ რაფინირებული შაქრის მოხმარება. დღის მანძილზე მივირთვათ მრავალფეროვანი ხილი, რომელიც შეიცავს ფრუქტოზას და შაქარი მივიღოთ ამ სახით. აქვე გვახსოვდეს ყველანაირი პროდუქტის მიღების დროს საჭიროა ზომიერების დაცვა, მათ შორის, ხილის მირთმევის დროსაც, რადგან ჭარბი რაოდენობის ხილის მოხმარებაც ხელს უწყობს წონაში მატებას.