Baby Bag

6 წლის აუცრელი ბავშვი ტეტანუსით დაავადდა - ტეტანუსის პირველი შემთხვევა 30 წლის განმავლობაში

6 წლის აუცრელი ბავშვი ტეტანუსით დაავადდა  - ტეტანუსის პირველი შემთხვევა 30 წლის განმავლობაში

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია ტეტანუსით დაავადებული ბავშვის შესახებ საზოგადოებას საგანგაშო ინფორმაციას ​ამცნობს:

„აბსურდულ, არაკომპეტენტურ, ალოგიკურ მსჯელობებზე და ბოდვებზე დაფუძნებული, მავნებლური ანტივაქსერული მოძრაობის შედეგად არავაქცინირებული ანუ დაუცველი ბავშვების რიცხვი გაიზარდა და ამის შედეგად ბოლო 30 წლის განმავლობაში აშშ-ი პირველი ტეტანუსის შემთხვევა დაფიქსირდა.

პაციენტი 6 წლის ბიჭი;

დიაგნოზი: ტეტანუსი;

მკურნალობის ხანგრძლივობა 57 დღე;

მკურნალობის ხარჯი: 800 000$.

მიუხედავად იმისა, რომ 57 დღე ბავშვმა სრულ კოშმარში და ტანჯვაში გაატარა და ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს, მშობლები მაინც უარს ამბობენ ვაქცინაზე.

ტეტანუსი სიცოცხლისთვის საშიში მწვავე ინფექციური დაავადებაა, რასაც ახასიათებს კუნთების რიგიდობა და გაუსაძლისი ტკივილები, პაციენტი რეალურად კვდება ტანჯვით. ამ საშინელი დაავადების კონტროლი კაცობრიობამ შეძლო ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნით, რომელიც უსაფრთხოა და თითქმის 100%-ანი ეფექტურობით გამოირჩევა,“ - აღნიშნავს არჩილ მარშანია საკუთარ ფეისბუქზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

„შეიძლება ბავშვის კიდურები შეხებით სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით გრილი მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას სცივა,“- პედიატრი მეგი ფარქოსაძე

პედიატრმა მეგი ფარქოსაძემ ჩვილის მოვლის წესებზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„დღევანდელი ტენდენციებით ნამდვილად აღარ არის მიზანშეწონილი ჩვილის მჭიდროდ შეკვრა. პირიქით, ხელების საშუალებით ჩვილი შეიცნობს სამყაროს, თავისი ხელების შეხებით, პირში ჩადებით. ფეხების ერთმანეთთან მჭიდრო პოზიციაში ყოფნა არავითარ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული, რადგან ხელს უწყობს ჩვილ ბავშვთა ასაკში დისპლაზიის ჩამოყალიბებას. რაც უფრო განზიდულ პოზიციაში იქნება ქვედა კიდურები, მით უფრო თავიდან აგვარიდებს ამ გავრცელებულ პრობლემას.

სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით შეიძლება ბავშვის კიდურები შეხებით გრილი მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენს ბავშვს სცივა. ყელში ან კისერზე ხელი უნდა მოკიდოთ და მისი სხეულის ჭეშმარიტ ტემპერატურას ასე განსაზღვრავთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთან გქონდეთ მუდმივი კონტაქტი, ჩაეხუტოთ, ხელში გყავდეთ აყვანილი, ესაუბროთ ნებისმიერ თემაზე. ხელში აყვანით ბავშვი არ გაფუჭდება ნამდვილად. ბავშვი თავის პატარა სამყაროში იყო და უზარმაზარ სამყაროში აღმოჩნდა. შეიძლება მან მარტო იგრძნოს თავი, ჰქონდეს შიში ამასთან დაკავშირებით. თქვენი ჩახუტება, როგორც დედის, ასევე მამის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს შეხება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ბუნებრივ იმუნიტეტს უზიარებენ მშობლები ამ შეხებით ჩვილს. შესაბამისად მისი იმუნური სისტემა უფრო ძლიერდება,“- მოცემულ საკითხზე მეგი ფარქოსაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო: ​„ექიმები“ 

წაიკითხეთ სრულად