Baby Bag

ბავშვის ასაკობრივ ზრდასთან ერთად ხდება შესაბამისი ფეხსაცმლის გამოყენება - რა უნდა ვიცოდეთ ბრტყელტერფიანობის შესახებ?

ბავშვის ასაკობრივ ზრდასთან ერთად ხდება შესაბამისი ფეხსაცმლის გამოყენება - რა უნდა ვიცოდეთ ბრტყელტერფიანობის შესახებ?
როგორ გამოიხატება ბრტყელტერფიანობა ბავშვებში, იწვევს თუ რაიმე სახის გართულებებს და როგორია მისი მკურნალობის მეთოდები. ამ თემებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ორთოპედ-ტრავმატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი რომეო ვარდიაშვილი.

​- ბატონო რომეო, თავდაპირველად რომ განვმარტოთ, რა არის ბრტყელტერფიანობა და რამდენად არის დამოკიდებული გენეტიკურ განწყობაზე?
- ბრტყელტერფიანობა (Pes Planus) საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა ბავშვთა ასაკში. ბრტყელი ტერფი არის თანდაყოლილი ან შეძენილი დეფორმაცია, რომელიც ტერფის თაღის სრულ ან ნაწილობრივ არარსებობაში გამოიხატება. ტერფის თაღი ჩამოყალიბებას 3-4 წლის ასაკში იწყებს, ასე რომ, ყველა ბავშვს 3 წლამდე, რბილი ანუ დრეკადი ტერფი აქვს, რაც ნორმას შეესაბამება. თაღების სრული ფორმიერება კი 9-10 წლის ასაკში სრულდება.

თანდაყოლილი ბრტყელტერფიანობა გულისხმობს გენეტიკურ ანუ მემკვიდრეობით განწყობას - ამ დროს ბავშვი ტერფის კუნთების და მყესიოგოვანი აპარატის თანდაყოლილი საერთო სისუსტით გამოირჩევა.
- როგორ გამოიხატება ის ბავშვებში და რა სიმპტომები ახასიათებს?
- ბრტყელტერფიანობის დროს ყურადღებას იპყრობს ჩივილები:

  • ადვილად დაღლა;
  • ტკივილი ტერფის და კოჭ-წვივის სახსარში;
  • ტკივილი დიდი ხნით სიარულის და დგომის დროს;
  • დღის ბოლოს ტერფების შეშუპება;
  • ტერფები დაგრძელებულია;
  • თითები დეფორმირებული;
- როგორი ტიპის ფეხსაცმელი უნდა ახმარონ ბავშვებს?
- ბავშვის ასაკობრივ ზრდასთან ერთად ხდება შესაბამისი ფეხსაცმლის გამოყენება, მაგალითად, 1 წლამდე ბავშვებში გამოიყენება რბილი, დრეკადი, ე.წ. „ბუტაფორია“, ხოლო 3 წლამდე ბავშვებში - რბილი ტყავისგან შეკერილი. მყარი და მაღალყელიანი ქუსლის მქონე ორთოპედიული ფეხსაცმელი გარკვეულ ასაკამდე.
გაითვალისწინეთ, ფეხსაცმელი არ უნდა იყოს ვიწრო ან ზედმეტად ფართე.
- რა შეიძლება გამოიწვიოს ბრტყელტერფიანობამ პატარებში?
- ძირითადი სიმპტომები თავს იჩენს იუვენილურ (ახალგაზრდულ) და მოზრდილ ასაკში, რომლის ძირითად გამოხატულებას ფიზიკური აქტივობის და შრომისუნარიანობის დარღვევა წარმოადგენს. სიარულის მანერის შეცვლა, ასევე აღსანიშნავია წონაში მატება. იუვენილური ოსტეოქონდროპათიები, როგორებიც არის - შინცის, შლატერის და პერტესის დაავადებები, ხერხემლის სხვადასხვა დეფორმაცია (სქოლიოზი).
- მშობელმა რა უნდა გააკეთოს ბრტყელტერფიანობის თავიდან ასარიდებლად?
- მშობლებო! იყავით ყურადღებით, დროულად განახორციელეთ გეგმიური ვიზიტი ბავშვთა ორთოპედთან, რომლის ინტერვალიც მშობიარობიდან 1-3 თვის ასაკში მერყეობს.
ზემოთ ჩამოთვლილი ჩივილებიდან გამომდინარე:

  • დაათვალიერეთ თქვენი შვილი შიშველ მდგომარეობაში;
  • გამოვლენილი ასიმეტრიის და დეფორმაციის შემთხვევაში დროულად მიმართეთ ბავშვთა ორთოპედს;
  • სწორად შეარჩიეთ ფეხსაცმელი;
  • განახორციელეთ სახლის პირობებში სპეციალური ვარჯიშები ტერფების კუნთების და მყესიოგოვანი აპარატის გასამაგრებლად - თითის წვერებზე და ტერფების გარეთა ზედაპირით სიარული, იარეთ ქუსლებით, მოხარეთ და გაშალეთ ტერფის თითები, ფეხის გულით ატრიალეთ პატარა ბურთი. კარგია ფეხშიშველი სიარული არათანაბარ ზედაპირებზე, როგორებიც არის: ქვიშა, ბალახი, ზღვის პირას, ქვები.
- როგორ მიმდინარეობს ბრტყელტერფიანობის მკურნალობა?
- არსებობს მკურნალობის ორი მიმართულება: კონსერვატიული და ოპერაციული, რომლის მიზანია ტერფის დეფორმაციის შეჩერება და არსებული ცვლილებების მაქსიმალური კორექცია.
კონსერვატიული მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია პაციენტის ბრტყელტერფიანობის ფორმისა და ხარისხის შეფასება და დიაგნოსტიკა: ინსტრუმენტული კვლევებიდან, რენტგენოლოგიური, პედოსკანირება, პლანტოგრაფია, კომპიუტერული კვლევა CT-დატვირთვით. მათი დახმარებით ინიშნება ინდივიდუალური სამკურნალო ან საპროფილაქტიკო ღაბაშები-სუპინატორები ან პრონატორები, რომელიც ხელს უშლის დეფორმაციის პროგრესირებას. მკურნალობის პროცესში აქტიურად ერთვება სამკურნალო ვარჯიშები, ფიზიოთერაფია, ზღვის მარილის აბაზანები (ჰიდრომასაჟი).

​ოპერაციული მკურნალობა გამოიყენება კონსერვატიული მკურნალობის უშედეგობის ან მკვეთრი დეფორმაციის ხარისხის შემთხვევაში. ოპერაცია მოიცავს ბრტყელტერფიანობის კორექციის მიზნით, მყეს-იოგოვანი აპარატის და ტერფის გარკვეული ძვლის ოსტეოტომიას ძვლოვანი ტრანსპლანტაციით. კორექციის სწრაფ მეთოდს წარმოადგენს სახსრის იმპლანტაცია ჭანჭიკის გამოყენებით.
ესაუბრა მარიამ ჩოქური

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფ​ი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

აცრები - „კი“ თუ „არა“?

აცრები - „კი“ თუ „არა“?

აცრები - „კი“ თუ „არა“? - აღიშნულ კითხვაზე პასუხს ეპიდემიოლოგი, პროფესორი პაატა იმნაძე პასუხობს.

 

წაიკითხეთ სრულად