Baby Bag

„აშკარაა, რომ პანდემია უკან იხევს“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

„აშკარაა, რომ პანდემია უკან იხევს“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საქართველოსა და მსოფლიოში არსებული ეპიდსიტუაციის შესახებ სოციალურ ქსელში საკუთარ მოსაზრებას წერს. გთავაზობთ მის პოსტს:

1. სკოლების გახსნიდან პრინციპში საკმარისი დრო გავიდა იმის შესაფასებლად, რომ საბედნიეროდ, ეპიდკატასტროფა არ დატრიალებულა და შემთხვევების აღმავლობა არ მიგვიღია. გვაქვს ცალკეულ სკოლებში ეპიდაფეთქებები, რაც მოსალოდნელი იყო და ეფექტური რეაგირების შემთხვევაში მათი ლოკალიზაცია შესაძლებელია.

2. საქართველოში კოვიდი ადამიანთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა გადაიტანა. ძალიან ძნელია შეფასება, ზუსტად რამდენმა პროცენტმა, მაგრამ უხეში ვარაუდით მინიმუმ სამჯერ მეტმა, ვიდრე რეგისტრირებულია (ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად, აჭარაში, ალბათ კიდევ უფრო მეტმა). ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მინიმუმ 20-25%-მა კოვიდი გადაიტანა (ეს ჩემი სუბიექტური შეფასებაა და რაიმე სამეცნიერო მტკიცებულებებს არ ეყრდნობა).​

ოფიციალურ ციფრებზე ბევრად მეტი შემთხვევების არსებობის მიზეზები შეიძლება იყოს:

ა) უსიმპტომოდ მიმდინარე შემთხვევები, როცა ადამიანებისთვის სრულიად შეუმჩნეველი რჩება, რომ კოვიდი გადაიტანეს, შესაბამისად, ასეთ ადამიანებს გამოკვლევაც არ ჩაუტარებიათ და სტატისტიკურ მონაცემებშიც არ მოხვედრილან;

ბ) სიმპტომური, მაგრამ არადიაგნოსტირებული შემთხვევები, ანუ ვისაც ჰქონდა სიმპტომები, მაგრამ არ ჩაიტარა ტესტირება (მაგალითად იმიტომ, რომ ოჯახის წევრს ჰქონდა დადასტურებული კოვიდი და დანარჩენებმა, ვისაც სიმპტომები დაეწყო, ჩათვალეს, რომ მათაც იგივე დიაგნოზი ექნებოდათ და ტესტი აღარ გაიკეთეს. ამას ხშირად ექიმებიც ვურჩევდით ხოლმე), 
​გ) მნიშვნელოვან ნაწილში აშკარად იყო კლინიკური კოვიდი, მაგრამ არ დასტურდებოდა PCR და ანტიგენის ტესტით, ანუ ანალიზის შედეგი უარყოფითი იყო. ეს ადამიანებიც სტატისტიკის მიღმა აღმოჩნდნენ.

3. ჯერ ისევ არ ვიცით, რამდენ ხანს გრძელდება იმუნიტეტი კოვიდის გადატანის ან ვაქცინაციის შემდეგ. პანდემიის დაწყებიდან უკვე ერთი წელი გავიდა და აშკარაა, რომ კორონავირუსით რეინფექციის შემთხვევები ძალიან იშვიათია და მასიურ ხასიათს არ ატარებს, თორემ ეს უკვე მკაფიოდ შესამჩნევი იქნებოდა. სავარაუდოდ, SARS-COV-2 იმეორებს თავისი წინამორბედი კორონავირუსების თვისებას, რომელთა გადატანის შემდეგ იმუნიტეტი 1-3 წელი ნარჩუნდება.

4. კვლევებით დასტურდება, რომ ვაქცინა სიმპტომური დაავადების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს (ჩვენ ჯერ არც გვაქვს ვაქცინა), ანუ ვაქცინაციის შედეგად ნაკლები ადამიანი გახდება მძიმედ ავად. თუმცა ჯერ სამეცნიერო მტკიცებულებები ვაქცინის მიერ ინფექციის გავრცელების შეჩერების პოტენციალის შესახებ მწირია. ამიტომ ვაქცინაციაზე, როგორც ვირუსის ცირკულაციის საწინააღმდეგო საშუალებაზე, მთლიანად დაყრდნობა ჯერ ნაადრევია. გარდა ამისა, ვაქცინაციის ტემპები ვერაფრით ვერ იქნება ისეთი, რომ პანდემიის დასრულების იმედებს მთლიანად ამაზე ვამყარებდეთ. ამიტომ პრევენცია ადამიანთა ერთმანეთისგან დისტანცირების საშუალებით მაინც წამყვანია.
​რაც შეეხება საქართველოში ვაქცინაციის პროცესს, უფრო გამჭვირვალე რომ იყოს, ამდენ კითხვის ნიშნებს არ გააჩენდა. თუ მართლა ყველაფერი გაკეთდა და მაინც ვერ მიიღო ქვეყანამ ვაქცინა, ანუ მართლა ობიექტური მიზეზებია და არა სუბიექტური, მაშინ უნდა გამოქვეყნდეს კომუნიკაციის ყველა საფეხური ვადების ჩათვლით და ასევე ხელშეკრულება, თუ ასეთი არსებობს, რომ ასეთი ნიჰილიზმი და უიმედობის განცდა არ ქონდეთ ჩვენს მოქალაქეებს.
​5. ზოგადად, საქართველოში პანდემიის მართვასთან დაკავშირებით, მუდმივად რჩება განცდა, რომ ხშირად გაუგებარია რეგულაციების ნაწილის მიზანი და შინაარსი და ეს ადამიანებში ზოგჯერ სკეპტიციზმს და პროტესტს იწვევს.
​მაგალითად, ყბადაღებული თემა ტაქსებში ორ მგზავრზე მეტის არდაშვების და ავტომობილებში წინა სავარძელზე მგზავრის აკრძალვის შესახებ თუნდაც იმიტომ იყო ასეთი დისკუსიის საგანი, რომ ამის პარალელურად ქალაქში მოძრაობდნენ გადაჭედილი „მარშრუტკები“, სადაც ხალხი ერთმანეთს ბეჭებზე ეჯდა და ამ დახშულ სივრცეში მგზავრების დასაშვებზე ბევრად მეტი იყო ხოლმე (ახლაც ასეა). ამ ფონზე, რა თქმა უნდა, სასაცილოდ გამოიყურებოდა ავტომობილებსა და ტაქსებში მგზავრების რაოდენობის შემზრუდავი რეგულაცია. ბევრი სხვა მაგალითიც შეიძლება მოვიყვანოთ, მაგრამ ეს შორს წაგვიყვანს.
​6. ზოგიერთი რეგულაცია შეიძლება ერთი შეხედვით აბსურდულად გამოიყურებოდეს, მაგრამ მართლაც მნიშვნელოვან მიზანს ემსახურებოდეს (თუმცა ჭეშმარიტად აბსურდული რეგულაციებიც გვაქვს). ამიტომ, ადამიანები დეტალური ახსნა-განმარტების ღირსები არიან და თუ დავარწმუნებთ, რომ ეს მართლაც მათი ჯანმრთელობისთვის არის, უმრავლესობა ამას გაიგებს. ამ პანდემიას ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობასთან ეფექტური კომუნიკაციის დეფიციტი აშკარად ეტყობა.
​​
​7. ასევე პროტესტს და უსამართლობის განცდას იწვევს რეგულაციების დაცვის არათანაბარი მოთხოვნა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის მიმართ, ანუ ხშირად რაც ერთისთვის აკრძალულია, მეორისთვის დასაშვებია.
​8. შარშან ამ დროს ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ერთი წლის თავზე ჯერ ისევ არ გვექნებოდა ეფექტური ანტივირუსული მედიკამენტი. ამიტომ, ისევ და ისევ, ინდივიდუალური სიფრთხილის ზომები გადამწყვეტია ჩვენი სიცოცხლის და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
​9. თავდაპირველად გვეგონა, რომ კორონავირუსი ნაკლებად ხასიათდებოდა მუტაციებით, თუმცა აშკარა გახდა, რომ ეს ვარაუდი არასწორი აღმოჩნდა და სადღეისოდ ერთი შეხედვით ცოტათი უკანდახეული ვირუსის მხრიდან ყველაზე მაღალი რისკი სწორედ მისი მუტაციური შტამებისგან არის მოსალოდნელი.
​10. ზოგადად, კორონავირუსთან დაკავშირებით ბევრი ინფორმაცია ელვის სისწრაფით იცვლება და რასაც რამდენიმე თვის წინ ვამბობდით, ხშირად აღარ არის ხოლმე მართალი. ეს ცვალებადი მესიჯები ადამიანებს აღიზიანებს, თუმცა გასაგები უნდა იყოს, რომ ამ ვირუსის შესახებ ყველანი ერთად ვსწავლობთ და ცნობები მუდმივად განახლებადია.
​11. დღემდე პანდემიას შეეწირა მსოფლიოს ყოველ მილიონ მოსახლეზე 331 ადამიანი. საშუალოდ, სიკვდილობა რეგისტრირებული შემთხვევების 2.2%-ს შეადგენს, ანუ პანდემიის დასაწყისთან შედარებით მკვეთრად შემცირდა. ეს, სხვა მიზეზებთან ერთად, იმანაც განაპირობა, რომ ექიმებმა კოვიდის მართვაში ბევრი გამოცდილება შეიძინეს და ბევრი შეხედულება მართვის პრინციპების შესახებ რადიკალურად შეიცვალა.
​12. ასეა თუ ისე, ოპტიმიზმის საფუძველი აშკარად გვაქვს და მართალია, იმაზე უფრო ნელა, ვიდრე ყველას გვინდა, მაგრამ ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ პანდემია უკან იხევს,“ - წერს მაია ბუწაშვილი.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგ​უფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ბავშვებმა შესაძლოა, საერთოდ უსიმპტომოდაც გადაიტანონ კორონავირუსი'' - თემურ მიქელაძე

,,ბავშვებმა შესაძლოა, საერთოდ უსიმპტომოდაც გადაიტანონ კორონავირუსი'' - თემურ მიქელაძე

ბავშვებში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით პედიატრმა თემურ მიქელაძემ ,,ტელეკომპანია პირველის'' ეთერში ისაუბრა. 

მისი თქმით, ბავშვებმა შესაძლოა, საერთოდ უსიმპტომოდაც გადაიტანონ კორონავირუსი და ამავდროულად იყვნენ გამავრცელებლები:

,,სტატისტიკის მიხედვით, 0-იდან 20 წლამდე ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული. გარდაცვალება და მძიმე შემთხვევები კი ​პრაქტიკულად არ გვქონია, თუმცა რითია ეს განპირობებული? - შეიძლება, ეს იყოს ჯვარედინი რეაქცია წითურას საწინააღმდეგო ვაქცინასთან. შეიძლება, ვინც წითელაზეა აცრილი მეტად არის დაცული. თუმცა ზუსტი მტკიცებულებები ამისი არ არსებობს. 

როგორც მოგეხსენებათ, ბავშვებს მოზრდილებთან შედარებით უფრო ნაკლებად აქვთ ქრონიკული დაავადებები. ბავშვების ერთერთი ყველაზე ხშირი ქრონიკული დაავადება შეიძლება იყოს ე.წ ბრონხული ასთმა, შესაბამისად, მოზრდილებთან შედარებით მათთან ნაკლებადაა ამ ვირუსის მძიმედ განვითარების რისკი. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

პრაქტიკულად ერთმანეთს ჰგავს კორონავირუსის და სხვა ვირუსული ინფექციების სიმპტომები. ბავშვებმა შესაძლოა, საერთოდ უსიმპტომოდაც გადაიტანონ კორონავირუსი და ამავდროულად იყვნენ გამავრცელებლები. გამომდინარე აქედან, ბავშვებთან მიმართებაში პანიკის საფუძველი არ გვაქვს. თუმცა უნდა ხდებოდეს კონტროლი და იყვნენ მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ისეთი ბავშვები, რომლებსაც ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი. 

ჩვენს ქვეყანაში ეპიდემიური სიტუაცია კონტროლდება და არა გვაქვს მეორადი გადადების შემთხვევები. აქედან გამომდინარე კორონავირუსით დაავადებულთა დიდი რაოდენობით ზრდას არ უნდა ველოდოთ. 

აუცილებელია სწორი ჰიგიენური ნორმების დაცვა. ბავშვებს ხშირად უნდა დავაბანინოთ ხელები, განსაკუთრებით საკვების მიღების წინ. ოთახები კი ხშირად უნდა განიავდეს და სველი წესით დამუშავდეს,'' - აღნიშნა თემურ მიქელაძემ. 


წაიკითხეთ სრულად