ძილის თემაზე ნევროლოგი მარინე ჯანელიძე საუბრობს. მისი თქმით, მელატონინი არის ნივთიერება, რომელიც გვაძინებს. ის გამომუშავდება მაშინ, როცა ბნელდება. გათენებასთან ერთად მისი გამომუშავება მცირდება:
,,არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელთაც განსხვავებული ბიოლოგიური რითმი აქვთ. კვლევებით არის დადგენილი, რომ ,,ბუები'' (ადამიანები, რომლებიც გვიან იძინებენ და გვიან დგებიან) უფრო კრეატიულები არიან.''
ნევროლოგი უძილობის პრობლემასაც ეხება. მისი თქმით, უძილობას ძირითადად იწვევს შფოთვა:
,,ისეთი ცხოვრების რითმი გვაქვს, რომ შფოთვა და ფორიაქი გახდა ჩვენი თანმდევი. მთელი დღის განცდები, ძირითადად უარყოფითი და მით უმეტეს ახლა, პანდემიის პირობებში, ძილის მოგვრის საშაულებას არ გვაძლევს. ძილი ძალიან რთული და მნიშვნელოვანი პროცესია, მას აქვს თავისი სტადიები - როცა სიზმარი გვესიზმრება, როცა ღრმად გვძინავს... ზოგადად, ცხოვრების წესი ხშირად განაპირობებს ჩაძინების გაძნელებას.''
ნევროლოგი მარინე ჯანელიძე მათ, ვისაც ჩაძინების პრობლემა აქვთ, რჩევებსაც აძლევს:
,,ძალიან აქტიური, ზღვარგადასული ფიზიკური დატვირთვა ძილის წინ არ არის რეკომენდებული. ასევე მნიშვნელოვანია ჰაერი, ძილის ჰიგიენა, ერთსა და იმავე დროს დაწოლა, დაძინებამდე სიმშვიდეში ყოფნა. ეს არის ელემენტარული რჩევები, რომლებიც ამარტივებს ჩაძინებას და აუმჯობესებს ძილის ხარისხს. ძილის წინ ასევე არ უნდა მოწიოს ადამიანმა სიგარეტი (ზოგადად, არ უნდა მოწიოს, მაგრამ განსაკუთრებით ძილის წინ), ნიკოტინი ხელს უშლის მელატონინის გამომუშავებას. ასევე ალკოჰოლის და მძიმე საკვების დიდი რაოდენობით მიღება არ არის კარგი. ძილთან მეტ-ნაკლებად რელაქსირებულები უნდა მივიდეთ. ეს არის ზოგადი რჩევები,'' - აღნიშნა მარინე ჯანელიძემ.
ნევროლოგის თქმით, 6-დან 8 საათამდე უნდა გვეძინოს, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ამდენი ხანი არ სძინავთ. მთავარია, როცა გავიღვიძებთ არ ვიყოთ დაღლილები, უნდა ვიყოთ ენერგიულები. არსებობენ ადამიანები, რომელთაც ცოტა სძინავთ და მაინც აქტიურები არიან, თუმცა ასეთები ცოტანი არიან.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში კურორტული მკურნალობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ პედიატრები რეკომენდაციას უწევენ კურორტულ პასიურ მკურნალობას:
„ბავშვებში სასურველია პასიური თერაპია, ეს არის მზის აბაზანები და ჰაერის აბაზანები. ორივე შეიძლება როგორც ზღვის სანაპიროზე, ასევე მთაში. გვაქვს უამრავი მდინარე. შეიძლება მათი მტკნარი წყლებიც გამოვიყენოთ ან გამოვიყენოთ ზღვის მარილიანი წყლები. ჩვენ რეკომენდაციას მაინც ვუწევთ კურორტულ პასიურ მკურნალობას. რაც შეეხება ბალნეოლოგიური კურორტის წყლებს, ეს ზუსტად უნდა განისაზღვროს რისთვის არის. ეს უნდა დანიშნოს სპეციალისტმა. ზოგჯერ პირიქით შეიძლება უკურეაქციაც მივიღოთ. ბავშვის ორგანიზმი მოზარდი ორგანიზმია. წყალში არსებული მიკრონუტრიენტები, მაკრონუტრიენტები, შესაძლოა, პირიქით ჩალაგდეს ორგანიზმში. ამიტომ მე მაინც რეკომენდაციას ვუწევ პასიურ კურორტულ თერაპიას, ზღვის, მზის და ჰაერის სწორ პროცედურებს.“
თემურ მიქელაძის თქმით, აუცილებელია, რომ კურორტზე ჰიგიენური პირობები დაცული იყოს:
„კურორტებზე როდესაც მიგვყავს ბავშვი, დაცული უნდა იყოს ჰიგიენური ნორმები. ჩვენი კურორტების უმეტესობა ინფრასტრუქტურულად არ არის მოწესრიგებული, მათ შორის, ზღვის კურორტები. გარდა რამდენიმე სასტუმროსი, რომელიც მეტ-ნაკლებად არის ჩაკეტილი, სანაპირო მოფენილია დაბინძურებული მასებით. ასეთი სასტუმროები არის უძვირესი. თუ არ გვაქვს ასეთ სასტუმროებში წასვლის პირობები, მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ დავიცვათ ჰიგიენური ნორმები. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვები ხვდებიან სხვადასხვა კლინიკაში. ყველაზე ხშირი არის ნაწლავთა ინფექციები, რომლებიც, შესაძლოა, თირკმლის უკმარისობით განვითარდეს. ამ პაციენტების მართვა არის საკმაოდ რთული.“
„როდესაც ბავშვი მიგვყავს კურორტზე, თუ ის არ არის მაქსიმალურად იზოლირებული, გამოიყენეთ სოფელი. პანდემიის დროს სჯობს წავიდეთ იზოლირებულ პირობებში. კურორტს რა სჯობს?! ჩვენ გვაქვს ამის ხელმისაწვდომობა. უამრავი კარგი კურორტი გვაქვს. ჰიგიენას თუ არ დავიცავთ, ჩათვალეთ, რომ კურორტული მკურნალობა, რომელიც არის პასიური თუ აქტიური, წყალში ჩაიყრება და არანაირ შედეგს არ მიიღებთ. ეს ტყუილად გადაყრილი თანხა იქნება. არიან შეჭირვებული ოჯახები, რომლებსაც კვების პრობლემა აქვთ და მაქსიმალურად ცდილობენ კურორტული მკურნალობა ჩაუტარონ ბავშვს. შემდეგ ბავშვს ნაწლავური ინფექციის პრობლემა დაერთვება და შესაძლოა, ოჯახს სექტემბერში საკვების პრობლემა ჰქონდეს,“ - აღნიშნულ საკითხებზე თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.