ძილის თემაზე ნევროლოგი მარინე ჯანელიძე საუბრობს. მისი თქმით, მელატონინი არის ნივთიერება, რომელიც გვაძინებს. ის გამომუშავდება მაშინ, როცა ბნელდება. გათენებასთან ერთად მისი გამომუშავება მცირდება:
,,არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელთაც განსხვავებული ბიოლოგიური რითმი აქვთ. კვლევებით არის დადგენილი, რომ ,,ბუები'' (ადამიანები, რომლებიც გვიან იძინებენ და გვიან დგებიან) უფრო კრეატიულები არიან.''
ნევროლოგი უძილობის პრობლემასაც ეხება. მისი თქმით, უძილობას ძირითადად იწვევს შფოთვა:
,,ისეთი ცხოვრების რითმი გვაქვს, რომ შფოთვა და ფორიაქი გახდა ჩვენი თანმდევი. მთელი დღის განცდები, ძირითადად უარყოფითი და მით უმეტეს ახლა, პანდემიის პირობებში, ძილის მოგვრის საშაულებას არ გვაძლევს. ძილი ძალიან რთული და მნიშვნელოვანი პროცესია, მას აქვს თავისი სტადიები - როცა სიზმარი გვესიზმრება, როცა ღრმად გვძინავს... ზოგადად, ცხოვრების წესი ხშირად განაპირობებს ჩაძინების გაძნელებას.''
ნევროლოგი მარინე ჯანელიძე მათ, ვისაც ჩაძინების პრობლემა აქვთ, რჩევებსაც აძლევს:
,,ძალიან აქტიური, ზღვარგადასული ფიზიკური დატვირთვა ძილის წინ არ არის რეკომენდებული. ასევე მნიშვნელოვანია ჰაერი, ძილის ჰიგიენა, ერთსა და იმავე დროს დაწოლა, დაძინებამდე სიმშვიდეში ყოფნა. ეს არის ელემენტარული რჩევები, რომლებიც ამარტივებს ჩაძინებას და აუმჯობესებს ძილის ხარისხს. ძილის წინ ასევე არ უნდა მოწიოს ადამიანმა სიგარეტი (ზოგადად, არ უნდა მოწიოს, მაგრამ განსაკუთრებით ძილის წინ), ნიკოტინი ხელს უშლის მელატონინის გამომუშავებას. ასევე ალკოჰოლის და მძიმე საკვების დიდი რაოდენობით მიღება არ არის კარგი. ძილთან მეტ-ნაკლებად რელაქსირებულები უნდა მივიდეთ. ეს არის ზოგადი რჩევები,'' - აღნიშნა მარინე ჯანელიძემ.
ნევროლოგის თქმით, 6-დან 8 საათამდე უნდა გვეძინოს, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ამდენი ხანი არ სძინავთ. მთავარია, როცა გავიღვიძებთ არ ვიყოთ დაღლილები, უნდა ვიყოთ ენერგიულები. არსებობენ ადამიანები, რომელთაც ცოტა სძინავთ და მაინც აქტიურები არიან, თუმცა ასეთები ცოტანი არიან.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
არსებობს თუ არა იმუნიტეტის გასაძლიერებელი მედიკამენტები? - იმუნოლოგ-ალერგოლოგი დავით თელია
არსებობს თუ არა იმუნიტეტის გასაძლიერებელი მედიკამენტები? - ამ თემაზე იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, თსსუ-ს პროფესორმა დავით თელიამ ისაუბრა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“.
„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ბუნებაში არ არსებობს ასეთი პრეპატარი, რომელიც იმუნურ სისტემას ასტიმულირებს, იმუნურ პასუხს აძლიერებს. ვინაიდან ასეთი არავითარი მტკიცებულება არ არის, მიუხედავად იმისა, რომ, სამწუხაროდ, სავსეა ლიტერატურა და მათ შორის, სოციალური ქსელები სხვადასხვა რეკომენდაციით. დღეს მედიცინაში არსებობს ერთი მთავარი პრობლემა - სარწმუნო სამედიცინო ინფორმაცია. სარწმუნო რეკომენდაციების მოძიება უფასო რესურებში ძალიან რთულია. ძალიან ხშირად არის გამოხატული ინტერესთა კონფლიქტები და სამწუხაროდ, პაციენტებს ძალიან ხშირად სჯერათ და იყენებენ და კიდევ უფრო სამწუხაროდ მინდა გითხრათ, რომ ზოგჯერ ასეთი საშუალებების გამოყენება იძლევა გაცილებით უარეს შედეგს.
იმუნური სისტემის მობილიზაციის და მისი ნორმალური ფუნქციონირების გარანტიის ერთადერთი საშუალება გახლავთ ადამიანის ცხოვრების წესი - ნორმალური კვება, ფიზიკური აქტივობა და ა.შ. თუ გვინდა იმუნური სისტემა იყოს ფორმაში, მაქსიმალურად უნდა შევეცოთ, რომ ვიყოთ ბუნებაში, ძალიან კარგია ცხოველებთან ურთიერთობა, ესეც ასტიმულირებს იმუნურ სისტემას.
რასაკვირველია, არ არის საჭირო გამოკეტვა, მუდმივი შიში, რომ რაღაც ინფექცია დაგვემართება. რაც უფრო მეტ ინფექციას ხვდება ადამიანი, მისი იმუნური სისტემა მით უფრო ვარჯიშობს. ძალიან ხშირად პაციენტები მოდიან ჩივილით, განსაკუთრებით მშობლები, რომ მათი შვილები წელიწადში 4-5-ჯერ ცივდებიან ვირუსული ინფექციებით. მე მინდა დავამშვიდო, რომ 6-7 და ზოგიერთი მონაცემებით 8 ინფექცია, ჩვეულებრივი ვირუსული სახადი ინფექცია, არის მისაღები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანის იმუნუდეფიციტური მდგომარეობა არის, პირიქით ეს ყველაფერი აძლიერებს იმუნურ სისტემას, მას ასტიმულირებს. პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება - ვიტამინები და ა.შ. სამწუხაროდ, არ აძლიერებს იმუნიტეტს, კარგი იქნებოდა, რომ ასეთი საშუალებები ყოფილიყო, მაგრამ დღესდღებით ასეთი საშუალებები არ არსებობს“, - მოცემულ საკითხზე დავით თელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.