ძილის თემაზე ნევროლოგი მარინე ჯანელიძე საუბრობს. მისი თქმით, მელატონინი არის ნივთიერება, რომელიც გვაძინებს. ის გამომუშავდება მაშინ, როცა ბნელდება. გათენებასთან ერთად მისი გამომუშავება მცირდება:
,,არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელთაც განსხვავებული ბიოლოგიური რითმი აქვთ. კვლევებით არის დადგენილი, რომ ,,ბუები'' (ადამიანები, რომლებიც გვიან იძინებენ და გვიან დგებიან) უფრო კრეატიულები არიან.''
ნევროლოგი უძილობის პრობლემასაც ეხება. მისი თქმით, უძილობას ძირითადად იწვევს შფოთვა:
,,ისეთი ცხოვრების რითმი გვაქვს, რომ შფოთვა და ფორიაქი გახდა ჩვენი თანმდევი. მთელი დღის განცდები, ძირითადად უარყოფითი და მით უმეტეს ახლა, პანდემიის პირობებში, ძილის მოგვრის საშაულებას არ გვაძლევს. ძილი ძალიან რთული და მნიშვნელოვანი პროცესია, მას აქვს თავისი სტადიები - როცა სიზმარი გვესიზმრება, როცა ღრმად გვძინავს... ზოგადად, ცხოვრების წესი ხშირად განაპირობებს ჩაძინების გაძნელებას.''
ნევროლოგი მარინე ჯანელიძე მათ, ვისაც ჩაძინების პრობლემა აქვთ, რჩევებსაც აძლევს:
,,ძალიან აქტიური, ზღვარგადასული ფიზიკური დატვირთვა ძილის წინ არ არის რეკომენდებული. ასევე მნიშვნელოვანია ჰაერი, ძილის ჰიგიენა, ერთსა და იმავე დროს დაწოლა, დაძინებამდე სიმშვიდეში ყოფნა. ეს არის ელემენტარული რჩევები, რომლებიც ამარტივებს ჩაძინებას და აუმჯობესებს ძილის ხარისხს. ძილის წინ ასევე არ უნდა მოწიოს ადამიანმა სიგარეტი (ზოგადად, არ უნდა მოწიოს, მაგრამ განსაკუთრებით ძილის წინ), ნიკოტინი ხელს უშლის მელატონინის გამომუშავებას. ასევე ალკოჰოლის და მძიმე საკვების დიდი რაოდენობით მიღება არ არის კარგი. ძილთან მეტ-ნაკლებად რელაქსირებულები უნდა მივიდეთ. ეს არის ზოგადი რჩევები,'' - აღნიშნა მარინე ჯანელიძემ.
ნევროლოგის თქმით, 6-დან 8 საათამდე უნდა გვეძინოს, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ამდენი ხანი არ სძინავთ. მთავარია, როცა გავიღვიძებთ არ ვიყოთ დაღლილები, უნდა ვიყოთ ენერგიულები. არსებობენ ადამიანები, რომელთაც ცოტა სძინავთ და მაინც აქტიურები არიან, თუმცა ასეთები ცოტანი არიან.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
5 ყველაზე გავრცელებული მითი მაიმუნის ყვავილის შესახებ - არჩილ მარშანია
ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა არჩილ მარშანიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მაიმუნის ყვავილის შესახებ გავრცელებულ მითებზე ისაუბრა:
მითები მაიმუნის ყვავილის შესახებ:
მითი: „მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგო მედიკამენტი არ არსებობს''; რეალობა: არსებობს, მაგალითად ტეკოვირიმატი, რომელიც ლიცენზირებულია მაიმუნის ყვავილის სამკურნალოდ.
მითი: „მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგოდ ეფექტურია ჩუტყვავილას ვაქცინა''; რეალობა: მაიმუნის ყვავილი და ჩუტყვავილა სხვადასხვა დაავადება და ჩუტყვავილას ვაქცინა არ არის ეფექტური მის წინააღმდეგ. მის წინააღმდეგ ეფექტურია ყვავილის ვაქცინა. დაბნეულობა გამოიწვია არასამედიცინო განათლების მქონე ადამიანებში ტერმინების არევამ: მაიმუნის ყვავილი - Monkeypox; ჩუტყვავილა - Chickenpox; ყვავილი - Smallpox.
მითი: „მაიმუნის ყვავილი სექსუალური უმცირესობების და „ფერადკანიანი ადამიანების დაავადებაა''; რეალობა: არა, ის უბრალოდ ენდემურია აფრიკაში და ზოგადად კი პათოგენი არ ანსხვავებს მასპინძელს სექსუალური ორიენტაციით, მისი გადაგების გზა არის ახლო/პირდაპირი კონტაქტი და შესაძლოა გადაედოს ყველას, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, მუსიკალური მონაცემებისა თუ პოლიტიკური იდეოლოგიის მიუხედავად.
მითი: „მნიშვნელობა ენიჭება სექსუალური ორიენტაციის დადგენას''; რეალობა: არანაირი მნიშვნელობა სექსუალური ორიენტაციის კვლევას და დადგენას არ ენიჭება. ჯერ მხოლოდ საუბარია რამდენიმე ათეულ შემთხვევაზე მთლიანად. მიუხედავად იმისა, რომ მწვავე შემთხვევებში სიკვდილიანობა მაღალია, ზოგადად დაავადება როგორც წესი თვითგანკურნებადია შესაბამისად ის, რომ უმეტესობა (და არა ყველა) შემთხვევების ჯერჯერობით* დაფიქსირებულია გეი ან ბისექსუალებში, ეს შეიძლება განპირობებული იყოს იმით, რომ მაგალითად სექსუალური უმცირესობები უფრო მეტად იჩენენ ყურადღებას ჯანმრთელობის სკრინინგის და/ან ექიმთან ვიზიტის მიმართ და არ ნიშნავს, რომ ორიენტაციის დადგენაა მნიშვნელოვანი მაიმუნის ყვავილის სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის და არც იმას, რომ ის (კლასიკურად)სქესობრივად გადამდები დაავადებაა. ეს არის რისკების კომუნიკაციის წესების დარღვევა და ოფიციალური დოკუმენტების არასწორი თარგმანი, ჯანმოს ოფიციალურ დოკუმენტში სადაც სტატისტიკაა მოცემული, იქვე ხაზგასმით არის ნათქვამი რომ ეს „უმეტესობა'' არ ნიშნავს „ექსკლუზივობას'' და ინფორმაციის გავრცელების მანერა უნდა იყოს ზუსტი და რისკების კომუნიკაციის დაცვით, რათა თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი ფორმის სტიგმატიზაცია და დეზინფრომაცია.
მითი: „ეს ახალი პანდემიაა და ისევ ჩაგვკეტავენ, მეორე კოვიდი იწყება''. რეალობა: ამის ალბათობა უკიდურესად მინიმალურია, რადგან მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგოდ არსებობს ვაქცინაც, მკურნალობაც, ის არც ისე სწრაფად ვრცელდება როგორც კოვიდი და არ ისე სწრაფად განიცდის მუტაციას. ის დნმ ვირუსია, რაც გამოირჩევა სტაბილურობით. ცხადია ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზოგადად მაიმუნის ყვავილი არ არის საყურადღებო. თუმცა ნამდვილად ნიშნავს იმას რომ Do not panic. ჯანმრთელობას გისურვებთ!