ძილის თემაზე ნევროლოგი მარინე ჯანელიძე საუბრობს. მისი თქმით, მელატონინი არის ნივთიერება, რომელიც გვაძინებს. ის გამომუშავდება მაშინ, როცა ბნელდება. გათენებასთან ერთად მისი გამომუშავება მცირდება:
,,არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელთაც განსხვავებული ბიოლოგიური რითმი აქვთ. კვლევებით არის დადგენილი, რომ ,,ბუები'' (ადამიანები, რომლებიც გვიან იძინებენ და გვიან დგებიან) უფრო კრეატიულები არიან.''
ნევროლოგი უძილობის პრობლემასაც ეხება. მისი თქმით, უძილობას ძირითადად იწვევს შფოთვა:
,,ისეთი ცხოვრების რითმი გვაქვს, რომ შფოთვა და ფორიაქი გახდა ჩვენი თანმდევი. მთელი დღის განცდები, ძირითადად უარყოფითი და მით უმეტეს ახლა, პანდემიის პირობებში, ძილის მოგვრის საშაულებას არ გვაძლევს. ძილი ძალიან რთული და მნიშვნელოვანი პროცესია, მას აქვს თავისი სტადიები - როცა სიზმარი გვესიზმრება, როცა ღრმად გვძინავს... ზოგადად, ცხოვრების წესი ხშირად განაპირობებს ჩაძინების გაძნელებას.''
ნევროლოგი მარინე ჯანელიძე მათ, ვისაც ჩაძინების პრობლემა აქვთ, რჩევებსაც აძლევს:
,,ძალიან აქტიური, ზღვარგადასული ფიზიკური დატვირთვა ძილის წინ არ არის რეკომენდებული. ასევე მნიშვნელოვანია ჰაერი, ძილის ჰიგიენა, ერთსა და იმავე დროს დაწოლა, დაძინებამდე სიმშვიდეში ყოფნა. ეს არის ელემენტარული რჩევები, რომლებიც ამარტივებს ჩაძინებას და აუმჯობესებს ძილის ხარისხს. ძილის წინ ასევე არ უნდა მოწიოს ადამიანმა სიგარეტი (ზოგადად, არ უნდა მოწიოს, მაგრამ განსაკუთრებით ძილის წინ), ნიკოტინი ხელს უშლის მელატონინის გამომუშავებას. ასევე ალკოჰოლის და მძიმე საკვების დიდი რაოდენობით მიღება არ არის კარგი. ძილთან მეტ-ნაკლებად რელაქსირებულები უნდა მივიდეთ. ეს არის ზოგადი რჩევები,'' - აღნიშნა მარინე ჯანელიძემ.
ნევროლოგის თქმით, 6-დან 8 საათამდე უნდა გვეძინოს, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ამდენი ხანი არ სძინავთ. მთავარია, როცა გავიღვიძებთ არ ვიყოთ დაღლილები, უნდა ვიყოთ ენერგიულები. არსებობენ ადამიანები, რომელთაც ცოტა სძინავთ და მაინც აქტიურები არიან, თუმცა ასეთები ცოტანი არიან.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ასეთ ორგანიზმში იქმნება ნიადაგი იმისთვის, რომ ტყვიით მოწამვლა განვითარდეს,“ - მარი მალაზონიას რჩევები მშობლებს
ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ ბავშვების ტყვიით მოწამვლისგან დაცვის გზებსა და საშუალებებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ტყვიის წყაროდ ზოგჯერ წყალი და საკვებიც გვევლინება:
„წყალიც და საკვებიც შეიძლება გახდეს ტყვიის წყარო. დადგენილია, რომ თუ ძალიან დიდხანს იყო ძველი ონკანი ჩაკეტილი, ავზები, რომელშიც ასევე დიდხანს არის წყალი, შეიძლება გახდეს წყლის ტყვიით დაბინძურების წყარო. იქ, სადაც ძველი გაყვანილობებია, ცოტა ხანს მოუშვით წყალი, ვიდრე წყალს დალევთ. ზოგჯერ გვეზარება, რომ ავადუღოთ წყალი, ამიტომ ცხელი წყლის ავზიდან ვავსებთ ხოლმე წყალს და პირდაპირ იმას ვიყენებთ. არ დავიზაროთ, სჯობს, რომ ცივი წყალი ავადუღოთ და არ გამოვიყენოთ ავზში დაგროვილი ცხელი წყალი. აღმოჩნდა, რომ ასეთ შემთხვევაში ტყვიის შემცველობა უფრო მაღალია.“
მარი მალაზონიას თქმით, ტყვიის მთავარ სამიზნეს ბავშვები წარმოადგენენ:
„დადგენილია, რომ ბავშვები არის მაღალი სამიზნე. ყველა ის პროდუქტი, რომელიც მდიდარია C ვიტამინით, რკინით, ბავშვებს მეტად იცავს ტყვიისგან. იმ ორგანიზმში, სადაც არის რკინის ნაკლებობა, ბავშვები, რომლებსაც აკლიათ C ვიტამინი, უფრო ადვილად ხდებიან ტყვიის სამიზნე.“
მარი მალაზონიამ იმ საფრთხეების შესახებ ისაუბრა, რომელსაც ბავშვების ორგანიზმს ცრუ კალორიების მოხმარება უქმნის:
„კვლევებით დადასტურდა, რომ თუ ბავშვები არიან ცრუ კალორიების მოხმარებაზე ორიენტირებულები, იღებენ კალორიულ დატვირთვას, მაგრამ არ იღებენ საკმარისი რაოდენობით საკვებ ნივთიერებებს, ბავშვები, რომლებიც სისტემატურად იღებენ გაზიან სასმელებს, მათ ორგანიზმში კალციუმის დონე არის დაქვეითებული. გაზიანი სასმელების შემადგენლობაში შემავალ ნახშირორჟანგს გამოაქვს გარეთ კალციუმი. ბავშვებს, რომლებიც დიდი რაოდენობით შაქარს მოიხმარენ, B1 ვიტამინის, ვიტამინ B6-ის ნაკლებობა შეიძლება ჰქონდეთ. ასეთ ორგანიზმში იქმნება ნიადაგი იმისთვის, რომ ტყვიით მოწამვლა განვითარდეს.“
„ბავშვებთან დაკავშირებით არ დაგავიწყდეთ, რომ რკინის საუკეთესო წყარო არის ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, წითელი ხორცი, ღვიძლი. არ დაგავიწყდეთ, ყველა ის პროდუქტი, რომელიც გახლეჩისას გაშავდება, იჟანგება, ასევე შეიცავს რკინას. თქვენ შეგინიშნავთ, როგორ ადვილად გაშავდება ხოლმე ქლიავი. საზოგადოებაში გავრცელებული აზრის მიუხედავად, ვაშლზე მეტია მასში რკინა, ატამში არის დიდი რაოდენობით რკინა, სოკოში არის რკინა. არ დაგავიწყდეთ ისპანახი, მამაპაპური, სხვადასხვაგვარად შეკმაზული. ის დიდი რაოდენობით შეიცავს რკინას,“ - აღნიშნულ საკითხზე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.