ძილის თემაზე ნევროლოგი მარინე ჯანელიძე საუბრობს. მისი თქმით, მელატონინი არის ნივთიერება, რომელიც გვაძინებს. ის გამომუშავდება მაშინ, როცა ბნელდება. გათენებასთან ერთად მისი გამომუშავება მცირდება:
,,არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელთაც განსხვავებული ბიოლოგიური რითმი აქვთ. კვლევებით არის დადგენილი, რომ ,,ბუები'' (ადამიანები, რომლებიც გვიან იძინებენ და გვიან დგებიან) უფრო კრეატიულები არიან.''
ნევროლოგი უძილობის პრობლემასაც ეხება. მისი თქმით, უძილობას ძირითადად იწვევს შფოთვა:
,,ისეთი ცხოვრების რითმი გვაქვს, რომ შფოთვა და ფორიაქი გახდა ჩვენი თანმდევი. მთელი დღის განცდები, ძირითადად უარყოფითი და მით უმეტეს ახლა, პანდემიის პირობებში, ძილის მოგვრის საშაულებას არ გვაძლევს. ძილი ძალიან რთული და მნიშვნელოვანი პროცესია, მას აქვს თავისი სტადიები - როცა სიზმარი გვესიზმრება, როცა ღრმად გვძინავს... ზოგადად, ცხოვრების წესი ხშირად განაპირობებს ჩაძინების გაძნელებას.''
ნევროლოგი მარინე ჯანელიძე მათ, ვისაც ჩაძინების პრობლემა აქვთ, რჩევებსაც აძლევს:
,,ძალიან აქტიური, ზღვარგადასული ფიზიკური დატვირთვა ძილის წინ არ არის რეკომენდებული. ასევე მნიშვნელოვანია ჰაერი, ძილის ჰიგიენა, ერთსა და იმავე დროს დაწოლა, დაძინებამდე სიმშვიდეში ყოფნა. ეს არის ელემენტარული რჩევები, რომლებიც ამარტივებს ჩაძინებას და აუმჯობესებს ძილის ხარისხს. ძილის წინ ასევე არ უნდა მოწიოს ადამიანმა სიგარეტი (ზოგადად, არ უნდა მოწიოს, მაგრამ განსაკუთრებით ძილის წინ), ნიკოტინი ხელს უშლის მელატონინის გამომუშავებას. ასევე ალკოჰოლის და მძიმე საკვების დიდი რაოდენობით მიღება არ არის კარგი. ძილთან მეტ-ნაკლებად რელაქსირებულები უნდა მივიდეთ. ეს არის ზოგადი რჩევები,'' - აღნიშნა მარინე ჯანელიძემ.
ნევროლოგის თქმით, 6-დან 8 საათამდე უნდა გვეძინოს, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ამდენი ხანი არ სძინავთ. მთავარია, როცა გავიღვიძებთ არ ვიყოთ დაღლილები, უნდა ვიყოთ ენერგიულები. არსებობენ ადამიანები, რომელთაც ცოტა სძინავთ და მაინც აქტიურები არიან, თუმცა ასეთები ცოტანი არიან.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
საუკეთესო სუნთქვითი ვარჯიშები კოვიდ-19-თან ბრძოლისა და რეაბილიტაციისთვის - რეაბილიტოლოგი ვალერი მელაძე
მეცნიერებათა დოქტორმა, რეაბილიტოლოგმა ვალერი მელაძემ კოვიდ-19-ის პრევენციის, მასთან ეფექტიანად ბრძოლისა და პოსტკოვიდურ ეტაპზე რეაბილიტაციისთვის საჭირო ვარჯიშებზე ისაუბრა. მისი თქმით, სუნთქვითი ვარჯიშები სამივე შემთხვევაში ძალიან ეფექტიანია:
„ცნობილია, რომ სუნთქვა დედამიწაზე ყველა ცოცხალი ორგანიზმის აუცილებელი ფიზიოლოგიური პროცესია. ისიც ცნობილია, რომ ადამიანი სუნთქვის დროს ფილტვებს მთლიანად არ გამოიყენებს. ადამიანი სუნთქავს ზედა ნაწილით, ქვედა ნაწილს ეწოდება ე.წ. მკვდარი ზონა, სადაც ვირუსები და ბაქტერიები გროვდება. იმისთვის, რომ სრულყოფილად ვისუნთქოთ, უნდა გავანიავოთ ჩვენი ოთახები. მე თქვენ განახებთ საბაზისო ვარჯიშებს, რომლებიც გამოიყენება დაავადების დროს, პრევენციის დროს და რეაბილიტაციის დროს.“
პირველი ვარჯიში, რომელიც ვირუსის პრევენციისთვის ყველაზე ეფექტიანია, დიაფრაგმალური სუნთქვის ვარჯიშია:
„ფეხები მუხლებში მოვხაროთ, ტერფები ერთმანეთს მივაბჯინოთ, მარჯვენა ხელი მუცელზე, მარცხენა - გულ-მკერდზე დავიდოთ. შესუნთქვა უნდა იყოს ცხვირით, ამოსუნთქვა პირით. ეს არის იმისთვის, რომ გავასუფთავოთ ჩვენი ორგანოები, სრულყოფილად ვისუნთქოთ. ამას ჰქვია ე.წ. დიაფრაგმალური სუნთქვა. ეს ვარჯიში უნდა გავაკეთოთ 8-10-ჯერ.“
ვალერი მელაძის თქმით, კოვიდ-19-ის მიმდინარეობის დროს სასარგებლოა ჟგუტის ან ჯოხის გამოყენებით ვარჯიში:
„კოვიდ-19-ის დროს ძალიან კარგია ჟგუტი ან მსგავსი რამ, რომ კუნთოვანი სისტემა ვავარჯიშოთ. ჟგუტით ვარჯიშის შესრულებისას უნებურად მიდის ღრმა სუნთქვა. შემდეგი ვარჯიში არის ჯოხით. ვისაც გაქვთ საშუალება. შევისუნთქოთ, ჯოხი ორივე ხელით ავწიოთ ზემოთ, ამოვისუნთქოთ და ჩამოვწიოთ. ვისაც შეუძლია ხელები უკან გადაიტანოს.“
ვალერი მელაძემ აღნიშნა, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის გასაძლიერებლად ბოთლით ვარჯიში გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე ბუშტის გაბერვა:
„ბოთლით ვარჯიშები შეგვიძლია გამოვიყენოთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის გასაძლიერებლად. ამ ბოთლს აქვს ექვსი ნახვრეტი, საწრუპი უნდა მოვათავსოთ ბოთლში და ჩავისუნთქოთ. თავიდან ეს უნდა გავაკეთოთ 10-ჯერ, შემდეგ ორი წუთით, ხუთი წუთით. ეს ძალიან ეფექტიანი ვარჯიშია. ეს ვარჯიში უფრო ეფექტიანია, ვიდრე გასაბერი ბუშტები.“
„ეს ვირუსი იძლევა ტოქსიკურ ზეგავლენას როგორც თავის ტვინზე, ასევე სხვადასხვა ორგანოებზე. იმისთვის, რომ რეაბილიტაციის პერიოდში კომფორტულად ვიგრძნოთ თავი, აუცილებელია აქტიური ფიზიკური დატვირთვა, მაგრამ ზომიერი ვარჯიშები, მაგ. ეს არის ციგუნის ცნობილი ვარჯიშები,“ - აღნიშნულ საკითხზე ვალერი მელაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.