ძილის თემაზე ნევროლოგი მარინე ჯანელიძე საუბრობს. მისი თქმით, მელატონინი არის ნივთიერება, რომელიც გვაძინებს. ის გამომუშავდება მაშინ, როცა ბნელდება. გათენებასთან ერთად მისი გამომუშავება მცირდება:
,,არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელთაც განსხვავებული ბიოლოგიური რითმი აქვთ. კვლევებით არის დადგენილი, რომ ,,ბუები'' (ადამიანები, რომლებიც გვიან იძინებენ და გვიან დგებიან) უფრო კრეატიულები არიან.''
ნევროლოგი უძილობის პრობლემასაც ეხება. მისი თქმით, უძილობას ძირითადად იწვევს შფოთვა:
,,ისეთი ცხოვრების რითმი გვაქვს, რომ შფოთვა და ფორიაქი გახდა ჩვენი თანმდევი. მთელი დღის განცდები, ძირითადად უარყოფითი და მით უმეტეს ახლა, პანდემიის პირობებში, ძილის მოგვრის საშაულებას არ გვაძლევს. ძილი ძალიან რთული და მნიშვნელოვანი პროცესია, მას აქვს თავისი სტადიები - როცა სიზმარი გვესიზმრება, როცა ღრმად გვძინავს... ზოგადად, ცხოვრების წესი ხშირად განაპირობებს ჩაძინების გაძნელებას.''
ნევროლოგი მარინე ჯანელიძე მათ, ვისაც ჩაძინების პრობლემა აქვთ, რჩევებსაც აძლევს:
,,ძალიან აქტიური, ზღვარგადასული ფიზიკური დატვირთვა ძილის წინ არ არის რეკომენდებული. ასევე მნიშვნელოვანია ჰაერი, ძილის ჰიგიენა, ერთსა და იმავე დროს დაწოლა, დაძინებამდე სიმშვიდეში ყოფნა. ეს არის ელემენტარული რჩევები, რომლებიც ამარტივებს ჩაძინებას და აუმჯობესებს ძილის ხარისხს. ძილის წინ ასევე არ უნდა მოწიოს ადამიანმა სიგარეტი (ზოგადად, არ უნდა მოწიოს, მაგრამ განსაკუთრებით ძილის წინ), ნიკოტინი ხელს უშლის მელატონინის გამომუშავებას. ასევე ალკოჰოლის და მძიმე საკვების დიდი რაოდენობით მიღება არ არის კარგი. ძილთან მეტ-ნაკლებად რელაქსირებულები უნდა მივიდეთ. ეს არის ზოგადი რჩევები,'' - აღნიშნა მარინე ჯანელიძემ.
ნევროლოგის თქმით, 6-დან 8 საათამდე უნდა გვეძინოს, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ამდენი ხანი არ სძინავთ. მთავარია, როცა გავიღვიძებთ არ ვიყოთ დაღლილები, უნდა ვიყოთ ენერგიულები. არსებობენ ადამიანები, რომელთაც ცოტა სძინავთ და მაინც აქტიურები არიან, თუმცა ასეთები ცოტანი არიან.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ეს მოდაა, ძალიან არასწორი და სულელური მოდა“ - მეან-გინეკოლოგი ზაზა სინაურიძე საკეისრო კვეთის მზარდი პოპულარობის შესახებ
მეან-გინეკოლოგმა ზაზა სინაურიძემ „იმედის დღეში“ ორსული ქალბატონებისთვის საინტერესო თემებზე ისაუბრა. მან მომავალ დედებს მნიშვნელოვანი რეკომენდაციები და რჩევები მისცა:
„ძველი მონაცემებით ორსული ქალისთვის წონის მატების ნორმად ითვლებოდა 15 კილო, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან ასე არ არის. გააჩნია, საწყისი წონა რამდენია. ამის მიხედვით, შეიძლება, შესავსები იყოს ორსული და მერე მოიმატოს. ამ შემთხვევაში კონკრეტულ ციფრს არ აქვს მნიშვნელობა. ნორმად ითვლება 12-15 კილო.“
ზაზა სინაურიძე საკეისრო კვეთის მზარდი პოპულარობის საკითხსაც გამოეხმაურა:
„საკეისრო კვეთის შესახებ სრულფასოვანი პასუხის გასაცემად, ალბათ, 3-4 დღე დამჭირდება, მაგრამ მარტივად რომ გითხრათ, მედიცინა არის რისკების შეწონვა. თუ საკეისრო კვეთის რისკი უფრო მაღალია, ვიდრე ფიზიოლოგიური მშობიარობის, როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისთვის, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საკეისროს არ ვნიშნავთ. თუ ბუნებრივი მშობიარობა უფრო მეტ რისკს შეიცავს, ვიდრე საკეისრო კვეთა, ამ შემთხვევაში ვნიშნავთ. აქ არის ძაღლის თავი დამარხული. რისკების შეფასებისთვის თქვენ გჭირდებათ კვალიფიციური ექიმი. როდესაც დედას არ აქვს ფსიქოლოგიური მზაობა და შფოთავს, არც ეს არის რისკი. ბევრი კარგი სახელმძღვანელო არსებობს, რომლებიც ოჯახის წევრებს და ექიმებს ქალის მშობიარობის პროცესისთვის მომზადებაში ეხმარება. საკეისრო კვეთის მოთხოვნილების ზრდა მოდაა, ძალიან არასწორი და სულელური მოდა, იმიტომ, რომ ქალბატონებმა არ იციან, რა რისკები შეიძლება მოჰყვეს საკეისრო კვეთას. ეს პროცესი ადვილი ჰგონიათ, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიებით საკეისროს გაკეთებას 15 წუთი სჭირდება. ამას ბევრი გართულება შეიძლება მოჰყვეს. სწორედ ამიტომ, ხაზს ვუსვამ, რომ რისკების შეფასებას სჭირდება კვალიფიციური ექიმი.“
„ორსულ ქალს თუ აქვს მიომა, ის არ საჭიროებს საკეისრო კვეთას. თუ საკეისრო კვეთა უნდა გაკეთდეს, უმჯობესია, ეს მოხდეს სპინალური ანუ რეგიონალური გაუტკივარებით და არა ზოგადი ანესთეზიით (ნარკოზი). ეს უკანასკნელი რამდენიმე ეტაპს მოიცავს: სუნთქვა უნდა გაჩერდეს, გადავიდეს ხელოვნურ სუნთქვაზე და შემდეგ სუნთქვა აღდგეს. ამ ყველაფერს 18-20 დასახელების პრეპარატი სჭირდება, რომელიც პლაცენტარულ ბარიერს გადალახავს. თუ ქალბატონი საკუთარ თავზე უფრო ღელავს, ვიდრე პატარაზე, მაშინ შეიძლება, ამაზე წავიდეს. თუმცა დღეს მსოფლიოში პრაქტიკულად არ კეთდება ზოგადი ანესთეზია საკეისრო კვეთის დროს. რეგიონალური ანესთეზიისას ორგანიზმში შედის მხოლოდ ერთი პრეპარატი, ნოვოკაინი, რომელიც აბსოლუტურად უვნებელია, როგორც ქალისთვის, ასევე ბავშვისთვის,“ - აღნიშნა ზაზა სინაურიძემ.
„ბოლო დროს მოდაში შემოვიდა წყალში მშობიარობაც. სამი წლის წინ, როდესაც საქართველოში ეს მეთოდი გამოვიყენეთ, წყალში მხოლოდ უცხოელები მშობიარობდნენ. მე ამ მეთოდით არავინ მიმშობიარებია. ერთადერთი, რაც მეცნიერულ დონეზე შემიძლია გითხრათ, წყალში მშობიარობა არის სრულიად უსაფრთხო. წყალში თქვენც მსუბუქად ხართ, სტრესი გეხსნებათ. ბავშვისთვის, რომელიც 9 თვე იყო წყალში და ისევ წყალში გადადის, ეს პროცესი ნაკლებად სტრესულია. მშობიარეებს აღნიშნული მეთოდი ძალიან მოსწონთ,“ - განაცხადა ზაზა სინაურიძემ.