ძილის თემაზე ნევროლოგი მარინე ჯანელიძე საუბრობს. მისი თქმით, მელატონინი არის ნივთიერება, რომელიც გვაძინებს. ის გამომუშავდება მაშინ, როცა ბნელდება. გათენებასთან ერთად მისი გამომუშავება მცირდება:
,,არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელთაც განსხვავებული ბიოლოგიური რითმი აქვთ. კვლევებით არის დადგენილი, რომ ,,ბუები'' (ადამიანები, რომლებიც გვიან იძინებენ და გვიან დგებიან) უფრო კრეატიულები არიან.''
ნევროლოგი უძილობის პრობლემასაც ეხება. მისი თქმით, უძილობას ძირითადად იწვევს შფოთვა:
,,ისეთი ცხოვრების რითმი გვაქვს, რომ შფოთვა და ფორიაქი გახდა ჩვენი თანმდევი. მთელი დღის განცდები, ძირითადად უარყოფითი და მით უმეტეს ახლა, პანდემიის პირობებში, ძილის მოგვრის საშაულებას არ გვაძლევს. ძილი ძალიან რთული და მნიშვნელოვანი პროცესია, მას აქვს თავისი სტადიები - როცა სიზმარი გვესიზმრება, როცა ღრმად გვძინავს... ზოგადად, ცხოვრების წესი ხშირად განაპირობებს ჩაძინების გაძნელებას.''
ნევროლოგი მარინე ჯანელიძე მათ, ვისაც ჩაძინების პრობლემა აქვთ, რჩევებსაც აძლევს:
,,ძალიან აქტიური, ზღვარგადასული ფიზიკური დატვირთვა ძილის წინ არ არის რეკომენდებული. ასევე მნიშვნელოვანია ჰაერი, ძილის ჰიგიენა, ერთსა და იმავე დროს დაწოლა, დაძინებამდე სიმშვიდეში ყოფნა. ეს არის ელემენტარული რჩევები, რომლებიც ამარტივებს ჩაძინებას და აუმჯობესებს ძილის ხარისხს. ძილის წინ ასევე არ უნდა მოწიოს ადამიანმა სიგარეტი (ზოგადად, არ უნდა მოწიოს, მაგრამ განსაკუთრებით ძილის წინ), ნიკოტინი ხელს უშლის მელატონინის გამომუშავებას. ასევე ალკოჰოლის და მძიმე საკვების დიდი რაოდენობით მიღება არ არის კარგი. ძილთან მეტ-ნაკლებად რელაქსირებულები უნდა მივიდეთ. ეს არის ზოგადი რჩევები,'' - აღნიშნა მარინე ჯანელიძემ.
ნევროლოგის თქმით, 6-დან 8 საათამდე უნდა გვეძინოს, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ამდენი ხანი არ სძინავთ. მთავარია, როცა გავიღვიძებთ არ ვიყოთ დაღლილები, უნდა ვიყოთ ენერგიულები. არსებობენ ადამიანები, რომელთაც ცოტა სძინავთ და მაინც აქტიურები არიან, თუმცა ასეთები ცოტანი არიან.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„მე რომ ვიყო მშობელი, დილის საათებში ბავშვს მივცემდი კვერცხს და იოგურტს,“- გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია
ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ 8 სუპერსაკვები დაასახელა, რომელიც ბავშვის ორგანიზმს ყველაზე მეტად სჭირდება:
„გაგიზიარებთ 8 სუპერსაკვებს, რომლებიც ბავშვის სხეულს ძალიან სჭირდება. ბავშვის სხეული და ზრდასრულის სხეული ერთი და იგივე არ არის. ბავშვის სხეული ვითარდება და რადგან ის ვითარდება, მან ყველა ელემენტი, ვიტამინი და ამინომჟავა დროულად უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი განვითარება ფერხდება, არა მარტო სიმაღლეში, არამედ შინაგანი ორგანოების კუთხითაც. მათ შორის, იზღუდება გონებრივი რესურსიც. მე რომ ვიყო მშობელი,დილის საათებში ბავშვს მივცემდი კვერცხს და იოგურტს. კვერცხში ყველაფერია, რაც ბავშვის სხეულს განვითარებისთვის სჭირდება. კვერცხის ცილაში თითქმის ყველა ამინომჟავაა, რომ ადამიანის სხეულში ნებისმიერი ცილა ჩამოყალიბდეს. ამიტომ, კვერცხის ცილა ბავშვისთვის იდეალური საკვებია. მაგრამ, ყვითრიც არ დაგავიწყდეთ. ყვითრში B ვიტამინი ძალიან დიდი რაოდენობითაა. მათ შორის, B12 ვიტამინი, რაც ნერვულ სისტემას სჭირდება. იოგურტში ძალიან დიდი რაოდენობითაა კალციუმი და ფოსფატები, რაც კბილების, ძვლების ჩამოყალიბებისთვის არის აუცილებელი. იოგურტში საკმარისი რაოდენობითა არის პრობიოტიკებიც, რომელიც მსხვილ ნაწლავს სწორი ბაქტერიოფლორით ასაზრდოებს, რაც ბავშვს სჭირდება, რათა იმუნური სისტემა სწორად განვითარდეს.
სკოლაში წასვლის წინ ბავშვს გავატანდი ბანანის, სტაფილოსა და ავოკადოს დაბლენდერებულ მასას. ბავშვობაში მეუბნებოდნენ, რომ სტაფილოში A ვიტამინია, რომელიც თვალის ბადურას ეხმარება, რათა ყველაფერი კარგად დავინახოთ. ბავშვი მთელი დღე კითხულობს, ამიტომ მის თვალებს სწორად ჩამოყალიბებული ბადურა სჭირდება. A ვიტამინი მხოლოდ მხედველობას არ ეხმარება, არამედ კანსაც აუმჯობესებს. ბავშვებში კანი საკმაოდ პრობლემური ორგანოა. საკმარისია გამონაყარი გაჩნდეს, რომ ბავშვის სოციალური აქტივობა მცირდება. სტაფილო კარგი გამოსავალი იქნება როგორც თვალისთვის, ასევე კანისთვისაც. ბანანში არსებული მარტივი ნახშირწყლები იდეალური გამოსავალია ენერგიის აღსადგენად. ასევე, მასში კალიუმიცაა. ძალიან ბევრი B ვიტამინიცა, მათ შორის, B6, B1 B12. გარდა ამისა, ბანანში დიდი რაოდენობითაა სეროტონინი, რაც ასევე ეხმარება ბავშვს, რომ განწყობა შეინარჩუნოს. ავოკადოში ძალიან ბევრი ამინომჟავაა. ცილოვანი საკვების კუთხით ავოკადო იდეალურია.
შუადღით სახლში რომ დაბრუნდება ბავშვი, მას უნდა მივცეთ ისეთი საკვები, რომელიც რკინას შეიცავს. რკინისთვის იდეალურია წითელი ხორცი. ხორცის მიცემა იდეალური გამოსავალი იქნებოდა. ხორცი ძვირია, ამიტომ შეგიძლია პერიოდულად მის ნაცვლად გამოიყენო მარცვლეული. ქათმის ხორცშიც არის საკმარისი რაოდენობით რკინა და ვიტამინი B6, რომელიც ენერგიის წყაროა.
საღამოს საათებში შეიძლება მიმეცა წითელი კარტოფილი. მასში ძალიან ბევრი ბოჭკოა, რაც მსხვილ ნაწლავს ეხმარება სწორ პერესტალტიკაში. გარდა ამისა, მასში დიდი რაოდენობით არის კალიუმი, რომელიც ბავშვს სჭირდება, რომ მისი კუნთოვანი და ნერვული ქსოვილი სწორად განვითარდეს,“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.