Baby Bag

როგორ მოვამზადოთ გოგონა პირველი მენსტრუაციისთვის?

როგორ მოვამზადოთ გოგონა პირველი მენსტრუაციისთვის?
მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია მენარქეზე - პირველ მენსტრუალური ციკლზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.

​რა არის მენსტრუაცია?
მენსტრუაციის დაწყება მიგვანიშნებს სქესობრივ მომწიფებაზე და ორგანიზმის რეპროდუქციული ფუნქციის მზაობაზე. როდესაც იწყება მენსტრუალური ციკლი, იზრდება ესტროგენის დონე, რაც იწვევს ენდომეტრიუმის გასქელებას. გასქელებულ ენდომეტრიუმს კვერცხუჯრედის განაყოფიერების შემთხვევაში შეუძლია განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრება (ჩანერგვა). თუ არ არის ორსულობა, ამ შემთხვევაში ხდება გასქელებული ენდომეტრიუმის ჩამოფცქვნა და შედეგად მივიღებთ მენსტრუაციას - მენსტრუალურ გამონადენს.
როდის იწყება პირველი მენსტრუალური ციკლი?
საშუალოდ მენსტრუალური ციკლი იწყება 12-13 წლის ასაკში.
რა სიმპტომები შეიძლება იყოს მენსტრუაციის დაწყებამდე?
ზოგიერთ გოგონას მენსტრუაციის რაიმე მომასწავლებელი ნიშანი არ აქვს. ზოგიერთს კი შეიძლება ჰქონდეს პრემენსტრუალური სინდრომი. ამ სიმპტომებში შედის:
  • გამონაყარი სახეზე
  • მუცლის შებერილობა
  • მკერდის ტკივილი
  • წელის ტკივილი
  • ყაბზობა
  • ფაღარათი
  • დაღლილობის შეგრძნება
  • ადვილად გაღიზიანებადობა
  • მადის გაძლიერება, განსაკუთრებით ტკბილეულის მომართ
  • გამჭვირვალე ან მოთეტრო ფერის გამონადენი საშოდან
რამდენი დღე გაგრძელდება პირველი მენსტრუალური ციკლი?
შესაძლებელია პირველი მენსტრუაციის დროს გამონადენი გაგრძელდეს მხოლოდ 1-2 დღე. შესაძლებელია თქვენს ორგანიზმს დასჭირდეს რამდენიმე თვე, რომ მენსტრუაცია გახდეს რეგულარული. ამის შემდეგ შესაძლოა, მენსტრუაცია გაგრძელდეს 2-დან 7 დღემდე. უმეტეს შემთხვევაში პირველი მენსტრუაცია არის მცირე რაოდენობით. მენსტრუალური ციკლი დარეგულირდება მაშინ, როდესაც დარეგულირდება თქვენი ჰორმონების დონე. თუ პირველი მენსტრუაცია იქნება ჭარბი, დააკვირდით რამდენად დიდი რაოდენობით კარგავთ სისხლს. თუ არის ძალზე ჭარბი რაოდენობის დანაკარგი და კოლტები, საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა, უთხარით მშობელს და მიმართეთ გინეკოლოგს.
როგორ უნდა მოვიქცეთ თუ გვაქვს მტკივნეული მენსტრუაცია?
მტკივნეული მენსტრუაციის დროს შეგიძლიათ მიიღოთ სპაზმოლიკტიკი ან ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, შეგიძლიათ მიიღოთ ცხელი აბაზანა ან მიიდოთ სათბური.
რა სიხშირით უნდა გვქონდეს მენსტრუალური ციკლი?
ნორმალურ შემთხვევაში მენსტრუალური ციკლი უნდა იყოს რეგულარული. საშუალოდ მანძილი ციკლიდან ციკლამდე შეადგენს 21-35 დღემდე. მენსტრუალური გამონადენის დღეების რაოდენობა კი 2-დან 7-მდე. სასურველია, აწარმოოთ მენსტრუალური კალენდარი, რომ შეაფასოთ ციკლის რეგულარობა და დაახლოებით იცოდეთ, როდის უნდა ელოდოთ მენსტრუაციის დასაწყისს.
რამდენ წლამდე გვექნება მენსტრუალური ციკლი?
მენსტრუალური ციკლი გექნებათ მენოპაუზის დაწყებამდე. მენოპაუზა იწყება საშუალოდ 45-55 წლის ასაკში. თუმცა სტრესს, ქირურგიულ ოპერაციას რეპროდუქციულ ორგანოებზე შეუძლია გამოიწვიოს მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა.
როდის უნდა მივმართოთ გინეკოლოგს?

გინეკოლოგს უნდა მიმართოთ იმ შემთხვევაში თუ:

  • 15 წლის ასაკში არ დაგწყებიათ პირველი მენსტრუალური ციკლი
  • 2 წელია გაქვთ მენსტრუაცია, მაგრამ არარეგულარულია
  • გაქვთ ​მენსტრუაციებს შორის სისხლიანი გამონადენი
  • გაქვთ ძლიერი ტკივილი, რომელიც ხელს გიშლით ჩვეულ ცხოვრეებაში და აქვეითებს თქვენი ცხოვრების ხარისხს
  • გაქვთ ძლიერი სისხლიანი გამონადენი მენსტრუაციის დროს
  • თქვენი მენსტრუალური გამონადენი გრძელდება 7 დღეზე მეტ ხანს
როგორ უნდა მოამზადოს მშობელმა გოგონა პირველი მენსტრუაციისთვის?
პირველი, რაც უნდა უთხრათ გოგონას, არის ის, რომ მენსტრუაციის დასაწყისი არის ჩვეულებრივი მოვლენა მის ცხოვრებაში. აუხსენით დაახლოებით, როდის უნდა დაეწყოს მენსტრუალური ციკლი, რა რაოდენობით და რა ხანგრძლივობით უნდა ჰქონდეს მენსტრუალური გამონადენი, ასწავლეთ ჰიგიენის ნორმები, ასევე, რომ საჭიროა პაკეტის გამოყენება. ასწავლეთ მენსტრუალური კალენდრის წაროება. აუხსენით, რომ შესაძლებელია მენსტრუაცია იყოს მტკივნეული და საჭირო გახდეს მედიკამენტის გამოყენება. გარდა ამისა, აუხსენით ზემოთ ხსენებული შემთხვევები, რას უნდა მიაქციოს ყურადღება და რა დროსაა აუცილებელია თქვენი ჩართულობა და გინეკოლოგთან ვიზიტი.
გისუვებთ ჯანმრთელობას! 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯ​გუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

​ტამპონები, ყოველდღიური საფენები, მენსტრუალური ჭიქა - რა უნდა ვიცოდეთ მათი გამოყენებისას?

​ტამპონები, ყოველდღიური საფენები, მენსტრუალური ჭიქა - რა უნდა ვიცოდეთ მათი გამოყენებისას?

დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ტამპონები, ყოველდღიური საფენები, მენსტრუალური ჭიქა - მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია დღეს ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.

​დღესდღეობით მენსტრუალური ციკლის დროს უდავოდ პირველი ადგილი უჭირავს ტამპონების გამოყენებას, ვინაიდან არსებობს მრავალი სახის, ზომისა და სხვადასხვა შეწოვის უნარის მქონე ტამპონი. ასევე ტამპონებს გააჩნია ის პლუსი, რომ მათი გამოყენების დროს შეიძლება ცურვა. თუმცა ტამპონს აქვს მინუსიც - იშვიათად, მაგრამ მაინც შესაძლებელია, განვითარდეს ბაქტერიული ინფექცია. იმისთვის, რომ შეამციროთ ბაქტერიის ინფექციის განვითარების რისკი:
  • გამოიყენეთ ტამპონები მცირე შეწოვის უნარით
  • ხშირად იცვალეთ ტამპონი
  • როცა გაქვთ მცირე სისხლიანი გამონადენი, ცვალეთ ტამპონი და საფენი მორიგეობით
  • მოერიდეთ მთელი ღამის განმავლობაში ტამპონის გამოყენებას
რისთვისაა საჭირო ყოველდღიური საფენები და როდის შეგვიძლია გამოვიყენოთ?
ყოველდღიურ ცხოვრებაში საშოდან ჭარბი რაოდენობით გამონადენი და არასპეციფიკური სუნი არ უნდა იყოს. ზემოთ ხსენებულის გამო ქალების უმეტესობა იყენებს ყოველდღიურ საფენებს, რაც არ არის რეკომენდირებული, ვინაიდან ჭარბი რაოდენობით გამონადენს და სპეციფიკურ სუნს აქვს თავისი გამომწვევი მიზეზი, რაც საჭიროებს გინეკოლოგიურ ვიზიტს და შესაბამის მკურნალობას. თუმცა ყოველდღიური საფენების გამოყენება შესაძლოა, დაგჭირდეთ მენსტრუალური ციკლის შუა ფაზაში (რომელიც ემთხვევა ოვულაციას), ვინაიდან ამ დროს საშოდან გამონადენის ინტენსივობა მატულობს, რაც ქმნის დისკომფორტს (ეს მდგომარეობა არ საჭიროებს მკურნალობას).
ასევე მენსტრუალური ციკლის დროს, როდესაც ქალი იყენებს ტამპონს, მას შეუძლია დამატებით გამოიყენოს ყოველდღიური საფენი, რომელიც დაეხმარება თავი დაიზღვიოს სისხლიანი გამონადენის გამოჟნვისგან. კომფორტთან ერთად საფენს აქვს მინუსიც - მისი გამოყნების დროს არ შეიძლება ცურვა.
უქმნის თუ არა საფრთხეს ყოველდღიური საფენი ქალის ჯანმრთელობას?
თუ სწორად გამოიყენებთ ყოველდღიურ საფენებს და დაიცავთ ქვემოთ ჩამოთვლილ ნორმებს, თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნება.
  • გამოიცვალეთ ყოველდღიური საფენი ყოველ 4 საათში, ღამით კი საერთოდ არ გამოიყენოთ
  • მიაქციეთ ყურადღება საფენის ხარისხს, ვინაიდან ამაზეა დამოკიდებული თქვენი ჯანრთელობა და კომფორტის შეგრძნება. ყოველდღიური საფენის შეფუთვაზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული გაიარა თუ არა პროდუქტმა დერმატოლოგიური ან ჰიგიენური ტესტირება
  • სიფრთხილით გამოიყენეთ ფერადი და არომატიზირებული საფენები, ვინაიდან მათმა ქიმიურმა შემადგენლობამ შესაძლოა, გამოიწვიოს შორისის კანის გაღიზიანება და ალერგიული რეაქცია
  • ყურადღება მიაქციეთ საფენის უკანა მხარეს. ზოგიერთი ბრენდი იყენებს პოლიეთილენის პარკს, რომელზეც მაგრდება წებოვანი ნაწილაკები, რომ საფენი კარგად მიემაგროს საცვალს. ასეთი საფენი გამოიწვევს გენიტალიების ჩახუთვას.
რას უნდა ვიცოდეთ მენსტრუალურ ჭიქაზე?
მენსტრუალური ჭიქა ეს არის სპეციალური ჭიქა, რომელიც დამზადებულია სილიკონის ან რეზინისგან და თავსდება საშოში მენსტრუალური გამონადენის შესაგროვებლად. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ჭიქები არის როგორც ერთჯერადი, ასევე მრავალჯერადი გამოყენების, ამიტომ უნდა მიაქციოთ შეფუთვას ყურადღება და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი მენსტრუალური ჭიქა. მასაც აქვს პლუსები და მინუსები.
პლუსები:
  • მისი გამოყენება შესაძლებელია 12 სთ-ის განმავლობაში
  • მისი გამოყენების დროს შესაძლებელია ცურვა
  • ის არ არღვევს საშოს PH-ს
მინუსები:
  • თუ გაქვთ ჭარბი მენსტრუაცია, ამ შემთხვევაში ჭიქის გამოცვლა მოგიწევთ 12 სთ-ზე გაცილებით უფრო ადრე
  • თუ იყენებთ საშვილოსნოს შიდა კონტრაცეპტივს - „სპირალს“, მაშინ მენსტრუალური ჭიქა არ გამოგადგებათ, ვინაიდან მისი გამოტანის შემდეგ შესაძლოა, ხელი მოგიხვდეთ სპირალის ძაფზე და გამოიწვიოთ სპირალის ადგილმდებარეობის შეცვლა, ან გამოვარდნა
  • მისი გამოყენების შემდეგ უნდა მოხდეს გარეცხვა და გასტერილება
  • ზოგიერთი მენსტრუალური ჭიქა შეიცავს ლატექსს ამიტომ, თუ ალერგიული ხართ ლატექსზე, აუცილებლად უნდა შეამოწმოთ ეტიკეტზე ლატექსის არსებობა-არარსებობა
  • თუ მენსტრუალური ჭიქის სწორად ჩადგმა ვერ მოახერხეთ, შესაძლებელია, მენსტრუალური გამონადენის გამოჟონვა
  • არ შეიძლება მენსტრუალური ჭიქის გამოყენება, თუ ქალს აქვს საშოს ინფექცია, ვინაიდან სისხლი წარმოადგენს ბაქტერიების გამრავლებისთვის ხელსაყრელ გარემოს.
  • იმისთვის, რომ გაიგოთ რომელი ჰიგიენური საშუალებაა თქვენთვის კომფორტული და თქვენზე მორგებული, შეგიძლიათ სცადოთ თითოეული მათგანი.

​გისურვებთ ჯანმრთელობას!

წაიკითხეთ სრულად