დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.geტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ზრდის თუ არა კვერცხი სისხლში ქოლესტერინის დონეს, რამდენია რაციონში კვერცხის რეკომენდებული დასაშვები რაოდენობა და თეთრი კვერცხი უფრო სასარგებლოა თუ ყავისფერი? - ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა ამ თემებზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.
ეჭვგარეშეა, რომ კვერცხს უამრავი სარგებელი გააჩნია. ის არა მხოლოდ არის მაღალხარისხოვანი ცილის საბადო, ასევე შეიცავს ვიტამინებს და მინერალებს, ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს და ანტიოქსიდანტებს. ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ორგანიზმის ჯანსაღ ფუნქციონირებაში.
ერთი კვერცხი შეიცავს:
ორგანიზმის დღიური D ვიტამინის მოთხოვნილების 40%-ს,
ფოლიუმის მჟავის მოთხოვნილების 25%-ს,
ვიტამინი B2 მოთხოვნილების 12%-ს, ორგანიზმის სელენზე მოთხოვნილების 20%-ს.
კვერცხი ასევე შეიცავს A, E, B5, B12 ვიტამინებს, რკინას, იოდს და ფოსფორს.
უნდა შევეხო მოსახლოებაში გავრცელებულ აზრს, რომ კვერცხი ზრდის სისხლში ქოლესტერინის დონეს. მართალია, კვერცხი მდიდარია ქოლესტერინით, მაგრამ ის პრაქტიკულად უარყოფითად არ მოქმედებს სისხლის ქოლესტერინზე. ზოგადად, ორგანიზმში ღვიძლი ყოველდღიურად აწარმოებს დიდი რაოდენობით ქოლესტერინს, ხოლო, როდესაც საკვებით მიღებული ქოლესტერინის მიღება იზრდება, ღვიძლი იწყებს ნაკლები ქოლესტერინის წარმოებას. თუმცა კვერცხიდან მიღებულ ქოლესტერინზე რეაგირება ინდივიდებს შორის განსხვავებულია: ადამიანების 70-80%-ში კვერცხი საერთოდ არ ზრდის ქოლესტერინის დონეს სისხლში, დანარჩენ 20-30%-ში (უწოდებენ „ჰიპერ რეაგირებს“), კვერცხმა შეიძლება მსუბუქად გაზარდოს საერთო ქოლესტერინის დონე. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ კვერცხის ცილა არის ალერგიული პროდუქტი და სწორედ ამიტომ ბავშვთა ასაკში მისი შეტანა რაციონში ხდება სიფრთხილით და მცირე ოდენობით.
რამდენია რაციონში კვერცხის რეკომენდებული დასაშვები რაოდენობა? კონკრეტული ციფრები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს, თუმცა სასურველია კვირაში 3-4 მიღებაზე 2-3 კვერცხის მირთმევა.
თეთრი კვერცხი უფრო სასარგებლოა თუ ყავისფერი? ხაზგასმით დავიმახსოვროთ - კვერცხის თვისებებს არ განსაზღვრას მისი ნაჭუჭის შეფერილობა. აქვე უნდა დავაფიქსირო, რომ მოხმარებამდე ზუსტად უნდა იყოს დაცული კვერცხის შენახვის პირობები, გამოყენებამდე სრულფასოვნად უნდა გაირეცხოს და შემდეგ კი კარგად მოიხარშოს ან შეიწვას.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ჩავუდოთ ბავშვს ნაყინიანი კოვზი პირში და ათამდე დავთვალოთ,“- ევგენი კომაროვსკი ნაყინის მეშვეობით იმუნიტეტის გაძლიერების საინტერესო მეთოდის შესახებ
ცნობილმა პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ ნაყინის დახმარებით ადგილობრივი იმუნიტეტის გაძლიერების საინტერესო მეთოდზე ისაუბრა:
„ნაყინი რეგულარულად უნდა მიირთვათ. პირის ღრუს ადგილობრივი იმუნიტეტის გასაძლიერებლად ძალიან სასარგებლოა ნუშურა ჯირკვლებზე სიცივის რეგულარული ზემოქმედება. ნაყინი არა თვეში ერთხელ, არამედ რეგულარულად უნდა მიიღოთ. მეთოდოლოგია შემდეგია: წავიდეთ, შევიძინოთ ერთი კილოგრამი თეთრი ნაყინი და დავიწყოთ მკურნალობა. ჩავუდოთ ბავშვს ნაყინიანი კოვზი პირში და ათამდე დავთვალოთ. ამის შემდეგ ბავშვს შეუძლია ნაყინი გადაყლაპოს. დღეში სამჯერ ერთი ჩაის კოვზი ნაყინი საკმარისია.“
პედიატრმა მშობლებს მოუწოდა ნაყინის დაბალი ტემპერატურის არ შეეშინდეთ. მეორე დღეს მშობლებს შეუძლიათ ბავშვს უკვე ორი კოვზი ნაყინი შესთავაზონ დღეში ერთხელ.
ევგენი კომაროვსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აქტიური და მოძრავი ბავშვისთვის ნაყინის კალორიების წყაროდ გამოყენება ნებადართულია. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი სახლში ზის, დღის უმეტეს ნაწილს უძრავ მდგომარეობაში ატარებს და ჭარბი წონა აწუხებს, მასთან მსგავსი ტიპის ტკბილეულის გამოყენება რეკომენდებული არ არის.