დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.geტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ზრდის თუ არა კვერცხი სისხლში ქოლესტერინის დონეს, რამდენია რაციონში კვერცხის რეკომენდებული დასაშვები რაოდენობა და თეთრი კვერცხი უფრო სასარგებლოა თუ ყავისფერი? - ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა ამ თემებზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.
ეჭვგარეშეა, რომ კვერცხს უამრავი სარგებელი გააჩნია. ის არა მხოლოდ არის მაღალხარისხოვანი ცილის საბადო, ასევე შეიცავს ვიტამინებს და მინერალებს, ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს და ანტიოქსიდანტებს. ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ორგანიზმის ჯანსაღ ფუნქციონირებაში.
ერთი კვერცხი შეიცავს:
ორგანიზმის დღიური D ვიტამინის მოთხოვნილების 40%-ს,
ფოლიუმის მჟავის მოთხოვნილების 25%-ს,
ვიტამინი B2 მოთხოვნილების 12%-ს, ორგანიზმის სელენზე მოთხოვნილების 20%-ს.
კვერცხი ასევე შეიცავს A, E, B5, B12 ვიტამინებს, რკინას, იოდს და ფოსფორს.
უნდა შევეხო მოსახლოებაში გავრცელებულ აზრს, რომ კვერცხი ზრდის სისხლში ქოლესტერინის დონეს. მართალია, კვერცხი მდიდარია ქოლესტერინით, მაგრამ ის პრაქტიკულად უარყოფითად არ მოქმედებს სისხლის ქოლესტერინზე. ზოგადად, ორგანიზმში ღვიძლი ყოველდღიურად აწარმოებს დიდი რაოდენობით ქოლესტერინს, ხოლო, როდესაც საკვებით მიღებული ქოლესტერინის მიღება იზრდება, ღვიძლი იწყებს ნაკლები ქოლესტერინის წარმოებას. თუმცა კვერცხიდან მიღებულ ქოლესტერინზე რეაგირება ინდივიდებს შორის განსხვავებულია: ადამიანების 70-80%-ში კვერცხი საერთოდ არ ზრდის ქოლესტერინის დონეს სისხლში, დანარჩენ 20-30%-ში (უწოდებენ „ჰიპერ რეაგირებს“), კვერცხმა შეიძლება მსუბუქად გაზარდოს საერთო ქოლესტერინის დონე. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ კვერცხის ცილა არის ალერგიული პროდუქტი და სწორედ ამიტომ ბავშვთა ასაკში მისი შეტანა რაციონში ხდება სიფრთხილით და მცირე ოდენობით.
რამდენია რაციონში კვერცხის რეკომენდებული დასაშვები რაოდენობა? კონკრეტული ციფრები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს, თუმცა სასურველია კვირაში 3-4 მიღებაზე 2-3 კვერცხის მირთმევა.
თეთრი კვერცხი უფრო სასარგებლოა თუ ყავისფერი? ხაზგასმით დავიმახსოვროთ - კვერცხის თვისებებს არ განსაზღვრას მისი ნაჭუჭის შეფერილობა. აქვე უნდა დავაფიქსირო, რომ მოხმარებამდე ზუსტად უნდა იყოს დაცული კვერცხის შენახვის პირობები, გამოყენებამდე სრულფასოვნად უნდა გაირეცხოს და შემდეგ კი კარგად მოიხარშოს ან შეიწვას.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
თუ D ვიტამინს ამ წესების მიხედვით არ მიიღებთ, აზრი არა აქვს - ვიტამინების მიღების სწორი გზა
ექიმი გიორგი ღოღობერიძე ვიტამინების მიღების წესზე საუბრობს.
მისი თქმით, D ვიტამინის მიღების დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია წესების დაცვა:
,,თუ გინდათ D ვიტამინი ბოლომდე შეითვისოს ორგანიზმმა, აუცილებლად უნდა მიიღოთ ცხიმიან საკვებთან ერთად. მაგალითად, რძესთან, იოგურტთან, თევზთან, კვერცხთან, ავოკადოსთან ან თხილთან ერთად. ეს ვიტამინი მშიერზე არ უნდა მიიღოთ.''
რაც შეეხება დღის მონაკვეთს, მისი მიღება შესაძლებელია დილითაც და საღამოსაც. თუმცა უძილობის პრობლემა თუ გაწუხებთ მისი მიღება დილით სჯობს - აღნიშნავს ექიმი.
A, E და K ვიტამინებთან D ვიტამინის მიღების წესები შეგიძლიათ გამოიყენოთ, რადგან ისინი ცხიმში ხსნადი ვიტამინებია.
თუ საქმე ეხება არა ცხიმში, არამედ წყალში ხსნად ვიტამინებს (B ჯგუფის ვიტამინები), ისინი უნდა მიიღოთ არა ცხიმიან, არამედ ჩვეულებრივ საკვებთან ერთად და წყალი უნდა დააყოლოთ.
ექიმი აღნიშნავს, რომ მულტივიტამინებს უნდა მოვერიდოთ, რადგან მათში შეიძლება იყოს, როგორც ცხიმში, ასევე წყალში ხსნადი ვიტამინები, ორგანიზმი ბოლომდე ვერ აითვისებს ასეთ კომპლექტს და მათი მიღება ცალ-ცალკე სჯობს. კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ არ არის სასურველი მუტლივიტამინების მიღება, ეს არის ვიტამინების ზედოზირების საშიშროება.
,,ზოგადად, ვიტამინების მიღებას სჯობს მიიღოთ ჯანსაღი საკვები. ვიტამინები სჭირდებათ მათ, ვისაც აქვს მათი ნაკლებობის აშკარა ნიშნები ან არიან ალკოჰოლზე დამოკიდებულები, აქვთ სიმსივნე და აქედან გამომდინარე უმადობა, ან აქვთ კახექსია, ადამიანებს, რომლებმაც კუჭზე ან წვრილ ნაწლავზე გაიკეთეს ოპერაცია. ფეხმძიმეებმა ყველა ვიტამინი ექიმთან უნდა შეათანხმონ,'' - დასძინა გიორგი ღოღობერიძემ.