დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.geტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ზრდის თუ არა კვერცხი სისხლში ქოლესტერინის დონეს, რამდენია რაციონში კვერცხის რეკომენდებული დასაშვები რაოდენობა და თეთრი კვერცხი უფრო სასარგებლოა თუ ყავისფერი? - ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა ამ თემებზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.
ეჭვგარეშეა, რომ კვერცხს უამრავი სარგებელი გააჩნია. ის არა მხოლოდ არის მაღალხარისხოვანი ცილის საბადო, ასევე შეიცავს ვიტამინებს და მინერალებს, ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს და ანტიოქსიდანტებს. ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ორგანიზმის ჯანსაღ ფუნქციონირებაში.
ერთი კვერცხი შეიცავს:
ორგანიზმის დღიური D ვიტამინის მოთხოვნილების 40%-ს,
ფოლიუმის მჟავის მოთხოვნილების 25%-ს,
ვიტამინი B2 მოთხოვნილების 12%-ს, ორგანიზმის სელენზე მოთხოვნილების 20%-ს.
კვერცხი ასევე შეიცავს A, E, B5, B12 ვიტამინებს, რკინას, იოდს და ფოსფორს.
უნდა შევეხო მოსახლოებაში გავრცელებულ აზრს, რომ კვერცხი ზრდის სისხლში ქოლესტერინის დონეს. მართალია, კვერცხი მდიდარია ქოლესტერინით, მაგრამ ის პრაქტიკულად უარყოფითად არ მოქმედებს სისხლის ქოლესტერინზე. ზოგადად, ორგანიზმში ღვიძლი ყოველდღიურად აწარმოებს დიდი რაოდენობით ქოლესტერინს, ხოლო, როდესაც საკვებით მიღებული ქოლესტერინის მიღება იზრდება, ღვიძლი იწყებს ნაკლები ქოლესტერინის წარმოებას. თუმცა კვერცხიდან მიღებულ ქოლესტერინზე რეაგირება ინდივიდებს შორის განსხვავებულია: ადამიანების 70-80%-ში კვერცხი საერთოდ არ ზრდის ქოლესტერინის დონეს სისხლში, დანარჩენ 20-30%-ში (უწოდებენ „ჰიპერ რეაგირებს“), კვერცხმა შეიძლება მსუბუქად გაზარდოს საერთო ქოლესტერინის დონე. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ კვერცხის ცილა არის ალერგიული პროდუქტი და სწორედ ამიტომ ბავშვთა ასაკში მისი შეტანა რაციონში ხდება სიფრთხილით და მცირე ოდენობით.
რამდენია რაციონში კვერცხის რეკომენდებული დასაშვები რაოდენობა? კონკრეტული ციფრები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს, თუმცა სასურველია კვირაში 3-4 მიღებაზე 2-3 კვერცხის მირთმევა.
თეთრი კვერცხი უფრო სასარგებლოა თუ ყავისფერი? ხაზგასმით დავიმახსოვროთ - კვერცხის თვისებებს არ განსაზღვრას მისი ნაჭუჭის შეფერილობა. აქვე უნდა დავაფიქსირო, რომ მოხმარებამდე ზუსტად უნდა იყოს დაცული კვერცხის შენახვის პირობები, გამოყენებამდე სრულფასოვნად უნდა გაირეცხოს და შემდეგ კი კარგად მოიხარშოს ან შეიწვას.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„მომზადებული კერძი ორ საათზე მეტხანს არ უნდა დაყოვნდეს ოთახის ტემპერატურაზე,“ - მიხეილ ბეღელაძე
სურსათის უვნებლობის ექსპერტმა მიხეილ ბეღელაძემ მაცივარში პროდუქტების შენახვის წესების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი დაცვა აუცილებელია:
„მაცივარში პროდუქტის შენახვას თავისი წესები აქვს. მაცივრის ზონები შემდეგნაირად იყოფა: 0-6 გრადუსი არის ძირითადი ნაწილი, საყინულეში ტემპერატურა -12 გრადუსიდან -18 გრადუსამდეა. საყინულეში იდეალური ტემპერატურა მაინც -18 გრადუსია. გასათვალისწინებელია, რომ მაცივარში დავიცვათ აერაცია, ტენიანობა. პროდუქტებს როდესაც ვაწყობთ მაცივარში, ჰაერის ცირკულაცია უნდა მოხდეს. არ უნდა იყოს გადავსებული მაცივარი. მაცივარში ყველაზე ცივი ადგილი არის ქვედა ნაწილი. ხორცი, თევზი და სხვა მალფუჭებადი პროდუქტები უნდა დავაწყოთ მაცივრის ქვედა, ყველაზე ცივ ნაწილში.“
მიხეილ ბეღელაძემ ის პროდუქტები დაასახელა, რომელთა შენახვა მაცივრის კარში რეკომენდებული არ არის:
„მაცივრის კარი არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გაღებადი ნაწილი. ის ყველაზე ნაკლებად ინარჩუნებს სიგრილეს. არ შეიძლება იქ განვათავსოთ მალფუჭებადი პროდუქტები. ტყემალი, საწებელი და მსგავსი პროდუქტები შეგვიძლია აქ მოვათავსოთ. თუ პასტერიზებული არ არის რძე, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ის მოვათავსოთ მაცივრის კარში. არ არის რეკომენდებული კვერცხის მოთავსება მაცივრის კარში. კვერცხი უნდა გაირეცხოს და მოთავსდეს მაცივრის ქვედა ზონაში. ის უნდა იყოს თავის დახურულ კონტეინერში და არ უნდა ჰქონდეს კვეთა სხვა პროდუქტებთან.“
„მაცივარში უნდა დავიცვათ პროდუქტების ერთგვაროვნების პრინციპი. ხორცპროდუქტები, რძის პროდუქტები, ბოსტნეული, მზა პროდუქტები, კვერცხი, თევზი, ქათამი ერთმანეთთან შეხებაში არ უნდა იყოს არავითარ შემთხვევაში. იდეალურია, თუ ეს პროდუქტები გვექნება კონტეინერებში, ცალ-ცალკე გამოყოფილი. პროდუქტები ღია მდგომარეობაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს. მომზადებული კერძის შედგმა მაცივარში შეიძლება, მაგრამ მაცივარი ვერ უძლებს უბრალოდ. მომზადებული კერძის შუაგულში დაახლოებით 60 გრადუსია, 60-65 გრადუსიდან 10 გრადუსზე უნდა ჩამოვიდეს ტემპერატურა 2 საათის განმავლობაში, ეს არის სწორი გაგრილება. შემდეგ შეგვიძლია მაცივარში გადავიტანოთ. ზოგადად მომზადებული კერძი ორ საათზე მეტხანს არ უნდა დაყოვნდეს ოთახის ტემპერატურაზე.“ - აღნიშნულ საკითხზე მიხეილ ბეღელაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.