დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.geტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ზრდის თუ არა კვერცხი სისხლში ქოლესტერინის დონეს, რამდენია რაციონში კვერცხის რეკომენდებული დასაშვები რაოდენობა და თეთრი კვერცხი უფრო სასარგებლოა თუ ყავისფერი? - ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა ამ თემებზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.
ეჭვგარეშეა, რომ კვერცხს უამრავი სარგებელი გააჩნია. ის არა მხოლოდ არის მაღალხარისხოვანი ცილის საბადო, ასევე შეიცავს ვიტამინებს და მინერალებს, ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს და ანტიოქსიდანტებს. ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ორგანიზმის ჯანსაღ ფუნქციონირებაში.
ერთი კვერცხი შეიცავს:
ორგანიზმის დღიური D ვიტამინის მოთხოვნილების 40%-ს,
ფოლიუმის მჟავის მოთხოვნილების 25%-ს,
ვიტამინი B2 მოთხოვნილების 12%-ს, ორგანიზმის სელენზე მოთხოვნილების 20%-ს.
კვერცხი ასევე შეიცავს A, E, B5, B12 ვიტამინებს, რკინას, იოდს და ფოსფორს.
უნდა შევეხო მოსახლოებაში გავრცელებულ აზრს, რომ კვერცხი ზრდის სისხლში ქოლესტერინის დონეს. მართალია, კვერცხი მდიდარია ქოლესტერინით, მაგრამ ის პრაქტიკულად უარყოფითად არ მოქმედებს სისხლის ქოლესტერინზე. ზოგადად, ორგანიზმში ღვიძლი ყოველდღიურად აწარმოებს დიდი რაოდენობით ქოლესტერინს, ხოლო, როდესაც საკვებით მიღებული ქოლესტერინის მიღება იზრდება, ღვიძლი იწყებს ნაკლები ქოლესტერინის წარმოებას. თუმცა კვერცხიდან მიღებულ ქოლესტერინზე რეაგირება ინდივიდებს შორის განსხვავებულია: ადამიანების 70-80%-ში კვერცხი საერთოდ არ ზრდის ქოლესტერინის დონეს სისხლში, დანარჩენ 20-30%-ში (უწოდებენ „ჰიპერ რეაგირებს“), კვერცხმა შეიძლება მსუბუქად გაზარდოს საერთო ქოლესტერინის დონე. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ კვერცხის ცილა არის ალერგიული პროდუქტი და სწორედ ამიტომ ბავშვთა ასაკში მისი შეტანა რაციონში ხდება სიფრთხილით და მცირე ოდენობით.
რამდენია რაციონში კვერცხის რეკომენდებული დასაშვები რაოდენობა? კონკრეტული ციფრები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს, თუმცა სასურველია კვირაში 3-4 მიღებაზე 2-3 კვერცხის მირთმევა.
თეთრი კვერცხი უფრო სასარგებლოა თუ ყავისფერი? ხაზგასმით დავიმახსოვროთ - კვერცხის თვისებებს არ განსაზღვრას მისი ნაჭუჭის შეფერილობა. აქვე უნდა დავაფიქსირო, რომ მოხმარებამდე ზუსტად უნდა იყოს დაცული კვერცხის შენახვის პირობები, გამოყენებამდე სრულფასოვნად უნდა გაირეცხოს და შემდეგ კი კარგად მოიხარშოს ან შეიწვას.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„არ არის რეკომენდებული, რომ ბავშვმა ატაროს მზის სათვალე ვარდისფერი, ლურჯი ან ცისფერი შეფერილობის ლინზებით,“ - ევგენი კომაროვსკი
პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმსოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მშობლებს აუხსნა, თუ როგორ და რა პრინციპით უნდა შეარჩიონ ბავშვებისთვის მზის სათვალე. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
მზის სათვალეები ბავშვის მხედველობის დასაცავად აუცილებელია. მზის სათვალე თქვენს შვილს მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს, რომლის მიმართაც ათ წლამდე ასაკის ბავშვის თვალს განსაკუთრებით სუსტი გამძლეობა აქვს.
საბავშვო მზის სათვალის შერჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ პლასტმასის ჩარჩოს მქონე მოდელებს, ხოლო ლინზები, სჯობს, პოლიკარბონატის შეარჩიოთ. მსგავსი სათვალეები ნაკლებად სახიფათოა ტრავმის ან დაზიანების მიღების თვალსაზრისით. სათვალეები ბავშვთან ერთად შეარჩიეთ. მნიშვნელოვანია, რომ მასალა ჰიპოალერგიული იყოს. საბავშვო სათვალე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ორ მოთხოვნას: ის უნდა იყოს მსუბუქი და კომფორტული.
საბავშვო სათვალე უმჯობესია ცნობილი ბრენდის იყოს და მითითებული ჰქონდეს, რომ აქვს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან თვალის დაცვის ფუნქცია. საბავშვო სათვალე ბავშვის ასაკის შესაბამისი უნდა იყოს. თორმეტი წლის შემდეგ ბავშვებს შეუძლიათ უფროსებისთვის განკუთვნილი სათვალით ისარგებლონ.
სასურველია, რომ საბავშვო სათვალის ლინზას ნაცრისფერი, ყავისფერი ან მოყვითალო-მოყავისფრო შეფერილობა ჰქონდეს. არ არის რეკომენდებული, რომ ბავშვმა ატაროს სათვალე ვარდისფერი, ლურჯი ან ცისფერი შეფერილობის ლინზებით. აღნიშნული ფერები თვალის გუგის გაფართოებას უწყობს ხელს, რაც სათვალის ხანგრძლივად ტარების შემთხვევაში უსაფრთხო არ არის.
საბავშვო მზის სათვალის შეძენამდე აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, თუ რა ხარისხით იცავს ის თვალს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. სათვალის დამცველობითი ფუნქცია არ არის დამოკიდებული მინის შეფერილობაზე. არსებობს სპეციალური ფილტრები, რომლებიც თვალს გამოსხივებისგან იცავს. კარგ ფილტრს 99-100 %-იანი დამცველობითი უნარი აქვს. ხშირად და რეგულარულად შეამოწმეთ საბავშვო მზის სათვალის ლინზები. არ შეიძლება, რომ ლინზას რაიმე დაზიანება ან ნაკაწრი ჰქონდეს. დაზიანებული სათვალე დაუყოვნებლივ უნდა გამოცვალოთ. ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად მისი მზის სათვალე ორ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შეცვალოთ. ბავშვებს სათვალის სწორად მოხმარება, მისი მოვლა და გაწმენდა უნდა ასწავლოთ.