რამდენჯერ უნდა ეძინოს ბავშვს დღისგანმავლობაში, არის თუ არა აუცილებელი შუადღის ძილი და როგორი ძილის რუტინა უნდა ჰქონდეს პატარას, რომ ჩაძინება გავუმარტივოთ? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა მედიცინის დოქტორი, ბავშვთა ნევროლოგი, ნინო გოგატიშვილი.
- რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის დღის ძილი და რომელ ასაკში რამდენჯერ უნდა ეძინოს პატარას დღის განმავლობაში?
- ძილი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზარდების და მოზრდილებისთვის.
ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია, როგორც დღის, ისე ღამის ძილი. სხვადასხვა ასაკში განსხვავებულია დღის ძილის ჯერადობა, დღის და ღამის ძილის ხანგრძლივობა. თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია ინდივიდუალური თავისებურებებიც.
ჩვილობის ასაკში (1 წლამდე) დღის ძილის ხანგრძლივობა არის 3-4 საათი, ღამის ძილის ხანგრძლივობა - 10 საათი. ამ ასაკში დღისით ბავშვები იძინებენ 2-3 ჯერ, შედარებით პატარები (2-3 თვის) 3-4 ჯერ. 1,5-2 წლის ასაკში ბავშვების უმრავლესობა დღეში 1-2 ჯერ იძინებს, დღის ძილის ხანგრძლივობა ამ ასაკში დაახლოებით 2-2,5 საათია. ღამით სძინავთ 11-12 საათის მანძილზე.
უფრო კონკრეტულად, სხვადასხვა ასაკში ძილის ხანგრძილობა ასეთია:
2-12 თვის ასაკში - საშუალოდ ძილის ხანგრძლივობა 15-16 საათია;
1-2 წ.- ძილის ხანგრძლივობა 14 საათია;
3-5 წ.- ძილის ხანგრძლივობა 10-13 საათია;
6-11 წ.- ძილის ხანგრძლივობა 9-10 საათია;
13-18 წ. - ძილის ხანგრძლივობა 8-9 საათია.
- ზოგიერთ ბავშვს არ სძინავს შუადღეზე. ეს წარმოადგენს თუ არა პრობლემას?
- 3 წლამდე ასაკის ბავშვების უმრავლესობა იძინებს დღისით. მშობლები გადაწყვეტენ ხოლმე, ბავშვი არ დააძინონ დღისით იმ მოტივით, რომ ღამით პატარამ ადრე დაიძინოს. ხშირად ეს ძილის დარღვევის მიზეზი ხდება და ბავშვები ღამითაც ვეღარ იძინებენ, ადვილად ღიზიანდებიან, ტირიან, ჭირვეულობენ.
ძალიან მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვა. საჭიროა 3 წლამდე ასაკის ბავშვი იძინებდეს დღისით, შუადღემდე და არა შუადღის შემდეგ, რომ არ მოხდეს ღამის ძილის გადავადება. ღამით ბავშვი უნდა იძინებდეს არაუგვიანეს საღამოს 9 საათისა, შესაბამისად, დილით უნდა იღვიძებდეს 8 საათზე. მნიშვნელოვანია ამ რეჟიმის ზუსტი დაცვა. ძილისთვის მომზადება სასურველია, დავიწყოთ ერთსა და იმავე დროს.
- როგორ გავუმარტივოთ პატარას ჩაძინება?
- პატარასთვის ჩაძინების გასამარტივებლად შესაძლოა, გამოვიყენოთ მისთვის საყვარელი რბილი სათამაშო, რომელსაც ჩაეხუტება, ასევე კარგი ვარიანტია ზღაპრის მოყოლა. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ძილის წინ ბავშვი მსუბუქად ვავახშმოთ და არ გადავტვირთოთ. ასევე ზედმეტი ფიზიკური აქტივობა, კომპიუტერული თამაშები, თუნდაც ანიმაციური ფილმების ნახვა ძილის წინ იწვევს ჩაძინების გაძნელებას. საძინებელ ოთახში სასურველია, არ იყოს ტელევიზორი. გვქონდეს სუსტი განათება, როცა ბავშვი შეიღვიძებს ღამით ადვილად უნდა გაერკვეს გარემოში და უფრო ადვილად შეიბრუნებს ძილს.
- ხელში დაძინება რამდენად მიზანშეწონილია და როცა ძილის დრო აქვს და ტირის, უნდა დავტოვოთ თუ არა თავის საწოლში?
- ხელში დაძინება მიზანშეწონილი არ არის. უკვე 4-5 თვის ასაკიდან ბავშვი უნდა მიეჩვიოს დამოუკიდებლად ჩაძინებას თავის საწოლში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვები, რომლებიც იძინებენ დამოუკიდებლად, ასევე ადვილად შეიბრუნებენ ძილს, როცა შეიღვიძებენ არ დასჭირდებათ უფროსის დახმარება.
როცა პატარას ძილის დრო აქვს და ტირის, უნდა დავტოვოთ საწოლში, დავჯდეთ გვერდით რამდენიმე წუთით, მოვეფეროთ. შემდეგ დავტოვოთ, თუ კვლავ აგრძელებს ტირილს, კვლავ შევაკითხოთ და მშვიდად ვუთხრათ, რომ ძილის დროა.
- რა რჩევებს მისცემდით მშობლებს, როგორ ჩამოუყალიბონ ბავშვს სწორი ძილის რუტინა?
- მნიშვნელოვანია, ბავშვს ადრეული ასაკიდან ჰქონდეს ძილის რუტინა, ძილის წინ მომზადება მოხდეს ერთსა და იმავე დროს, ეს მოიცავს, მაგალითად, ბანაობას ძილის წინ. ეს უნდა ემთხვეოდეს იმ დროს, როცა ბავშვს რეალურად ეძინება. როგორც წესი, მშობელი ამჩნევს ხოლმე როდის ეძინება პატარას. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს დრო არ გადავავადოთ რაიმე მიზეზით, მაგალითად, საოჯახო საქმე, სტუმრები და სხვა. ძილის დროის გადავადება იწვევს ძილის დარღვევას.
ღამის ძილზე დადებითად აისახება დღისით, სუფთა ჰაერზე ფიზიკური აქტივობა. ამიტომ დღისით ეცადეთ, აუცილებლად გაასეირნოთ პატარა, დატვირთოთ თამაშებით, ხოლო უშუალოდ ჩაძინებამდე 1-2 საათი ბავშვი არ დატვირთოთ ფიზიკურად.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
თუ ადრეულ ასაკში ბავშვი მუდმივად იკიდებს ხელს სასქესო ორგანოზე ... - რა შეიძლება იყოს მიზეზი და როგორ უნდა მოვიქცეთ?
ხშირად, ადრეულ ასაკში ბავშვი მუდმივად იკიდებს ხელს სასქესო ორგანოზე (საზოგადოებაშიც). რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და როგორ უნდა მოვიქცეთ? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი მარიამ შოვნაძე ესაუბრა.
- რამდენად მნიშვნელოვანია რომ მშობელმა ადრეულ ასაკშივე იზრუნოს ბავშვის სქესობრივ განათლებაზე?
- სექსუალური განვითარება იწყება დაბადებისთანავე. ის მოიცავს როგორც ფიზიკურ ცვლილებებს, ასევე აერთიანებს ცოდნას, დამოკიდებულებებსა და ქცევას. ლოგიკურია ადრეულ ასაკში სექსუალობა ბავშვებისთვის არ განიხილება ისე, როგორც მოზარდებისთვის ან ზრდასრულებისთვის. თუმცა, ბავშვები ზუსტად ზრდასრულებისგან სწავლობენ მათ შორის დამოკიდებულებებსაც. მაგალითად, ფიზიკური, პირადი სივრცისა და საზღვრების დაცვა. თუ მშობელი ესაუბრება ბავშვს და უხსნის, რომ მას აქვს სხეულის ნაწილები, რომლებიც მხოლოდ მას ეკუთვნის, ბავშვი სწავლობს, როგორც საკუთარი, ფიზიკური, პირადი საზღვრების გაგებას და დაცვას, ასევე სხვა ადამიანების საზღვრების პატივისცემას.
- ხშირად, ადრეულ ასაკში ბავშვი მუდმივად იკიდებს ხელს სასქესო ორგანოზე (საზოგადოებაშიც). რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
- 0-3 წლამდე ასაკობრივი პერიოდისთვის დამახასიათებელია ცნობისმოყვარეობა საკუთარი სხეულის შესწავლისა და სასქესო ორგანოების მიმართ. ასევე, ამ ასაკში შეიძლება აკვირდებოდნენ ოჯახის წევრების ან თანატოლების სხეულის ნაწილებსაც. ბავშვმა ადრეული ასაკიდან უნდა იცოდეს, რომ მისი სხეული მხოლოდ მას ეკუთვნის, ასევე უნდა აეხსნას რომ მისი სხეულის ის ნაწილები, რომლებსაც საცურაო კოსტუმით ფარავს არის ის ნაწილები, რომლებსაც არავინ უნდა შეეხოს და არც თვითონ უნდა შეეხოს სხვა ადამიანის სხეულის ამ ნაწილებს. აქვე უნდა გავმიჯნოთ რომ ასაკობრივი ცნობისმოყვარეობისა და თვით აღმოჩენის პროცესში დაუშვებელია ისეთი მეთოდები, როგორიც არის წიწაკის წასმა სასქესო ორგანოზე, ყვირილი, დასჯა, შემდეგი ფრაზები: ,,ღმერთი გიყურებს და დაგსჯის ასე რომ იქცევი”.
- რას ურჩევდით მშობლებს, როგორ გადააჩვიონ ამ ჩვევას?
- იმისთვის, რომ განვითარების პროცესი სწორად წარიმართოს, მნიშვნელოვანია ზრდასრულები ვიყოთ ინფორმირებულები და სწორად, ასაკის შესაბამისად მივაწოდოთ ინფორმაცია, ინსტრუქცია ბავშვს. მაგალითად, როდესაც სხვა ადამიანების თანდასწრებით ავლენს ინტერესს საკუთარი გენიტალიის მიმართ, მშობელმა უნდა აუხსნას რომ ეს არ არის უსაფრთხო, შესაბამისი ადგილი ამ ქცევისთვის და რა თქმა უნდა, აუხსნას მიზეზები.
აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ ასაკობრივი ცნობისმოყვარეობა და პრობლემური სექსუალური ქცევა. პრობლემურ სექსუალურ ქცევაში იგულისხმება: როდესაც ბავშვი აგრძელებს შეხებას საკუთარ სასქესო ორგანოზე, მაშინაც კი, როდესაც რაღაც აქტივობაში რთავენ ან სხვა რამის გაკეთებას სთავაზობენ, მაგალითად, თამაშს. ბავშვი ხშირად ეხება სხვა ადამიანის გენიტალიას, მაშინაც კი თუ სხვა რამის გაკეთებას სთავაზობენ. საყურადღებოა, როდესაც ბავშვი მასზე ასაკით უფროს ბავშვს, მოზარდს ან ზრდასრულს ეხება გენიტალიაზე, ან პირიქით. ეს არ არის ამ პერიოდისთვის დამახასიათებელ ცნობისმოყვარეობასთან დაკავშირებული ქცევა და საჭიროა მაშინვე გვქონდეს შესაბამისი რეაგირება.
ცოდნა საკუთარი სხეულისა და საზღვრების შესახებ ბავშვს იცავს შესაძლო სექსუალური ძალადობისგან. ამ ცოდნას და ინსტრუქციებს კი ბავშვი ზრდასრულებისგან იღებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია სანამ ბავშვი დასვამს კითხვებს, მოვიძიოთ რესურსები ან გავიაროთ კონსულტაცია თუნდაც სპეციალისტთან, რათა შევძლოთ ასაკთან შესაბამისი ინფორმაცია შესაბამისი ფორმით მივაწოდოთ.