Baby Bag

საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება მაღალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი

საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება მაღალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი
„საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება მაღალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი,“ - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერს. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, კოვიდის 11746 აქტიური შემთხვევაა, ჰოსპიტალიზებულია 3707 (31.5%).
​MomsEdu.ge გთავაზობთ მაია ბუწაშვილის პოსტს:
„ამჟამად კოვიდის მქონეთა დაახლოებით 1/3 იმყოფება სტაციონარში. ეს მაჩვენებელი, ცხადია, ვერ აიხსნება იმით, რომ მაინცდამაინც საქართველოში უფრო მეტ ადამიანს აქვს კოვიდის ის ფორმა, რომელიც სტაციონარს საჭიროებს, ვიდრე სხვა ქვეყნებში. აშკარაა, რომ ჰოსპიტალიზაცია უტარდებათ იმათაც, ვისთვისაც ეს აუცილებელი არ არის. ფაქტია, ზოგიერთი ექიმი ზედმეტად ფრთხილობს და ურჩევნია სტაციონარში გადაამისამართოს პაციენტები, ვიდრე მართოს ბინაზე (და ეს გარკვეულწილად გასაგებია), ასევე დიდია ექიმებზე წნეხი პაციენტების მხრიდანაც, რომლებიც ზოგჯერ დაჟინებით მოითხოვენ საავადმყოფოში გადაყვანას (ცხადია, გადაწყვეტილება ექიმის მისაღებია, მაგრამ ზოგჯერ პასუხისმგებლობის ბოლომდე თავზე აღება არც ისე ადვილია ამ პირობებში).

​არაერთხელ მქონია შემთხვევა, როდესაც კონსულტირებულ პაციენტს ნამდვილად არ ჭირდებოდა სტაციონარი და სრულიად მშვიდად შეიძლებოდა მისი ბინაზე დატოვება, და მეორე დღეს აღმომიჩენია, რომ ეს პაციენტი ჰოსპიტალშია, რადგან თვითონ ან ოჯახი „მაინც უფრო მშვიდად იქნება“. არადა, სტაციონარში ყოფნა სულაც არ არის სრული გარანტია, რომ გართულებას არავითარ შემთხვევაში ადგილი არ ექნება. სამწუხაროდ, არც თუ ისე იშვიათია ზედმეტი, არასაჭირო მედიკამენტებით მკურნალობის შემთხვევები ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში.

​შეიძლება ვიღაცამ მიპასუხოს, რომ ზედმეტი სიფრთხილე არაფერს აშავებს და ამით მეტი ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ამ გაზაფხულზე რეგისტრირებულ შემთხვევათა შორის სიკვდილობის მაჩვენებელი (CFR) უფრო მაღალია, ვიდრე ეს იყო შემოდგომით. ანუ პროცენტულად ახლა მეტი ადამიანი გვეღუპება. ეს გასაკვირია იმ ფონზე, რომ გამოცდილება მეტი დაგროვდა და კლინიკური მართვაც უფრო უკეთესად უნდა ხდებოდეს.

​ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა გვენახა კლინიკური ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში გარდაცვლილი პაციენტების შესახებ (დინამიკა დროში, ასაკობრივ და რეგიონულ ჭრილში, თანმხლები დაავადებების და ჰოსპიტალიზაციის ვადების მიხედვით და ა.შ.).

​ასევე საინტერესო იქნებოდა, რა კლინიკური სარგებელი მოიტანა რემდესევირმა. ჩვენ გვახსოვს, პირობა იყო ასეთი, რომ თუ რემდესევირი „გაამართლებდა“, ახალ პარტიას შემოვიტანდით. ამიტომ საინტერესოა, გაამართლა თუ არა და რა კრიტერიუმებით ვმსჯელობთ ამაზე.

​შესაძლებლობის ფარგლებში ასევე ძალიან საინტერესო იქნებოდა იმ შტამების შედარება, რომლითაც ინფიცირებულნი იყვნენ გარდაცვლილები და გამოჯანრთელებულები.

​მოკლედ, არა მგონია, ეს კითხვები მარტო მე მაწუხებდეს და ვიცი, ბევრს აინტერესებს,“ - წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრ​თელობა

შეიძლება დაინტერესდეთ

რა გადაწყვეტილება მიიღეს მათთვის, ვინც აცრის გაკეთებაზე ყოყმანობს

რა გადაწყვეტილება მიიღეს მათთვის, ვინც აცრის გაკეთებაზე ყოყმანობს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ვაქციანციასთან დაკავშირებით ისაუბრა:

,,ყველაფერს თავისი ეტაპობრიობა და თანმიმდევრულობა აქვს. ვაქცინაციასთან დაკავშირებით, პირველ ეტაპზე რაც გაკეთდა, იყო საკმაოდ ეფექტური. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ბევრი ამცრელი ცენტრის, ასევე მობილური ბრიგადების გაშვება დიდ ქალაქებში, სადაც იქნებოდა შესაძლებლობა ერთდროულად მოგვეცვა მოქალაქეების დიდი ჯგუფი. ერთ მილიონ ადამიანამდეა დღეს აცრილი ერთჯერადად და ისინი მეორე დოზით მალე აიცრებიან. 

ახლა უკვე გადავედით იმ ეტაპზე, როცა ნაკლები ადამიანი მოდის თავად და ჩვენ უნდა მივიდეთ მათთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებში ასეთი თანმიმდევრობა, როგორც წესი, ჩვეული პროცესია. თავიდან მოდიან ადამიანები, რომლებიც ადვილად იღებენ გადაწყვეტილებას, ახლა კი უკვე დადგა ეტაპი, როცა ჯანდაცვის სექტორს მეტი მუშაობა, საკომუნიკაციო კამპანია, მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრა სჭრიდება იმათთვის, ვინც თავად ვერ მიიღო აცრის გაკეთების შესახებ გადაწყვეტილება. ისინი უნდა დავარწმჯნოთ, რომ ვაქცინაცია ნამდვილად მნიშვნელოვანია,'' - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება იმ ჯგუფზე, რომელიც ანტივაქსერული განწყობიდან გამომდინარე, არასდროს არ აიცრება. ეს ჯგუფი სხვა ქვეყნებშიც რჩება:

,,15-20% სავარაუდოდ, არ აიცრება და ასეა სხვა ქვეყნებშიც. ეპიდემიოლოგიური მიზნებისთვის 80% არის ის ზღვარი, რაც ჩვენ ეპიდემიური დაცვის გარანტიას მოგვცემს,'' - დასძინა თამარ გაბუნიამ. 

წყარო: ​რუსთავი 2

წაიკითხეთ სრულად